ავტოსპორტი

2:02 | 5.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

ჰამილტონმა უნგრეთში ფერსტაპენთან დაძაბულ ბრძოლაში გაიმარჯვა

ფორმულა ერთის მიმდინარე სეზონის ლიდერმა და მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა ლუის ჰამილტონმა მორიგი გამარჯვება უნგრეთში, მაქს ფერსტაპენთან დაძაბულ და ძალიან საინტერესო პაექრობაში მოიპოვა. ამ მოგებით, საზაფხულო არდადეგების წინ, ბრიტანელმა პილოტმა უახლოეს მდევართან თავისი უპირატესობა 62 ქულამდე გაზარდა.

ჰამილტონმა, ვინც სტარტი მესამე პოზიციიდან აიღო, მთელი რბოლა მდევრის როლში გაატარა და გუნდის მიერ შესანიშნავად დაგეგმილი ტაქტიკის და საკუთარი ოსტატობის წყალობით, ფინიშამდე 4 წრით ადრე შეძლო ფერსტაპენის ჩამოტოვება. ჰამილტონმა რბოლის შუაწელშიც სცადა 21 წლის ჰოლანდიელის ჩამოტოვება, მაგრამ ფერსტაპენმა უბადლო ოსტატობით შეძლო ლიდერის პოზიციის შენარჩუნება, რის შემდეგაც ჰამილტონს ბოქსებში უხმეს.

„ეს გარკვეულწილად, რთული გადაწყვეტილება იყო (მეორე პიტ სტოპი) და მიხარია, რომ ჩვენ ეს შევძელით“, - ნარბოლევს განაცხადა ჰამილტონმა, ვინც მეორე პიტ სტოპის შემდგ, ფერსტაპენს თითქმის 20 წამით ჩამორჩა, მაგრამ ახალი საბურავების ხარჯზე შეძლო ჩამორჩენის ამოქაჩვა და დაწინაურება. მისთვის ეს ჰუნგარორინგზე მეშვიდე გამრჯვებაა. მას ამდენივე პოულ პოზიციის მოპოვებაში, წინა დღით სწორედ ფერსტაპენმა შეუშალა ხელი. გასული 12 რბოლიდან ჰამილტონს უკვე 8 აქვს მოგებული და კარიერაში 81 გამარჯვება დაუგროვდა. ამგვარად, მიხაელ შუმახერის რეკორდამდე ჰამილტონს 10 მოგებაღა აკლია.

გამარჯვება ხელიდან კი გაუშვა, მაგრამ ფერსტაპენმა მაინც შეძლო კლასიფიკაციაში ბოტასთან მჭიდროდ მიახლოება. 181 ქულით მას მესამე ადგილი უკავია და „მერსედესის“ ფინელ პილოტს, ვისაც რთული რბოლა ჰქონდა, 7 ქულითღა ჩამორჩება.

ბოტასი პირველივე წრეზე დაზარალდა, როცა ჰამილტონის შემდეგ, შარლ ლეკლერმაც გაასწრო. ფრანგი უკვე წინ იყო, როცა მორიგი მოსახვევის წინ, გზის მარცხენა მხარეს მკვეთრად გადაინაცვლა და უკანა მარცხენა ბორბლით, ბოტასის მანქანას წინა ფრთის მარჯვენა ნაწილი დაუზიანა. მეტოქის მკვეთრ მანევრზე ფინელმა რეაგირება ვერ მოასწრო და ამით დაზარალდა. ის ორი წრის განმავლობაში არასაკმარისი ჩაჭიდებით, წინააღმდეგობას ვერ უწევდა მეტოქეებს და როცა იძულებითი პიტ სტოპი შეასრულა, ტრასაზე დაბრუნბული ბოლო ადგილზე აღმოჩნდა. საბოლოოდ კი მერვე ადგილს დასჯერდა.

კვარცხლბეკის მესამე საფეხური სებასტიან ფეტელმა დაიკავა, რომელმაც რბოლის მიწურულს შეძლო ლეკლერის ჩამოტოვება. მაგრამ გამარჯვებულს წუთზე მეტით ჩამორჩა.

უნგრეთის დიდი პრიზი

ჰუნგარორინგი, დისტანცია 306.630 კმ (4.381 კმ, 70 წრე)

  1. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 1:35.03.796 (193.532 კმ/სთ)
  2. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, რედ ბული) 17.796
  3. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ფერარი) 1:01.433
  4. შარლ ლეკლერი (მონაკო, ფერარი) 1:05.250
  5. კარლოს საინსი (ესპანეთი, მაკლარენი) 1 წრე
  6. პიერ გასლი (საფრანგეთი, რედ ბული) 1 წრე
  7. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ალფა რომეო) 1 წრე
  8. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, მერსედესი) 1 წრე
  9. ლანდო ნორისი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1 წრე
  10. ალექს ალბონი (ტაილანდი, ტორო როსო) 1 წრე
  11. სერხიო პერესი (მექსიკა, რეისინგ პოინტი) 1 წრე
  12. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, რენო) 1 წრე
  13. კევინ მაგნუსენი (დანია, ჰაასი) 1 წრე
  14. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, რენო) 1 წრე
  15. დანიილ კვიატი (რუსეთი, ტორო როსო) 2 წრე
  16. ჯორჯ რასელი (ბრიტანეთი, უილიამსი) 2 წრე
  17. ლანს სტროლი (კანადა, რეისინგ პოინტი) 2 წრე
  18. ანტონიო ჯოვინაცი (იტალია, ალფა რომეო) 2 წრე
  19. რობერტ კუბიცა (პოლონეთი, უილიამსი) 3 წრე
  20. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ჰაასი) 21 წრე

უსწრაფესი წრე: მაქს ფერსტაპენი - 1:17.103 (69-ე წრე, 204.552 კმ/სთ)

მრბოლთა კლასიფიკაცია

1. ლუის ჰამილტონი - 250 ქულა; 2. ვალტერი ბოტასი - 188; 3. მაქს ფერსტაპენი - 181; 4. სებასტიან ფეტელი - 156; 5. შარლ ლეკლერი - 132; 6. პიერ გასლი - 63; 7. კარლოს საინსი - 58; 8. კიმი რაიკონენი - 31; 9. დანიილ კვიატი - 27; 10. ლანდო ნორისი - 24; 11. დანიელ რიკარდო - 22; 12-13. ლანს სტროლი და კევინ მაგნუსენი - 18; 14. ნიკო ჰულკენბერგი - 17; 15. ალექს ალბონი - 16; 16. სერხიო პერესი - 13; 17. რომენ გროჟანი - 8; 18-19. ანტონიო ჯოვინაცი და რობერტ კუბიცა - 1; 20. ჯორჯ რასელი - 0

კონსტრუქტორთა ჩემპიონატი

1. მერსედესი - 438 ქულა; 2. ფერარი - 288; 3. რედ ბულ-ჰონდა - 244; 4. მაკლარენ-რენო - 82; 5. ტორო როსო-ჰონდა - 43; 6. რენო - 39; 7. ალფა რომეო-ფერარი - 32; 8. რეისინგ პოინტ-მერსედესი - 31; 9. ჰაას-ფერარი - 26; 10. უილიამს-მერსედესი - 1

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.207246