ფეხბურთი

4:16 | 19.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ჩიხურას" მეტოქე: სახელოვანი წარსული და ჩვეულებრივი აწმყო

საჩხერის „ჩიხურამ“ ევროპა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ლუქსემბურგული „ფოლა ეშის“ ბარიერი საკმაოდ მარტივად (2:1, 2:1) დაძლია, მაგრამა ახლა გაცილებით რთული და სერიოზული გამოწვევის წინაშეა.

სოსო ფრუიძის გუნდის მეტოქე მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე შოტლანდიური „აბერდინი“ იქნება, რომელმაც ფინურ „როვანიემს“ „ჩიხურას“ მსგავსად, ორივე თამაში მოუგო და ორივე - 2:1. ჯერ შოტლანდიაში ნილ მაკგინისა და სემ ქოსგროვის გოლებით იმარჯვა, ხოლო შემდეგ ფინეთში აგებდა, მაგრამ იმავე ქოსგროვისა და ლუის ფერგიუსონის გოლებით ისევ გაიმარჯვა.

მიმდინარე სეზონში შოტლანდიის ჩემპიონატი ჯერ არ დაწყებულა და ბუნებრივია, ამ ორი მატჩის გარდა „წითლებს“ ოფიციალური შეხვედრები არ ჩაუტარებიათ.

რაც შეეხება გასულ სეზონს, 2018-2019 წლების სეზონში „აბერდინი“ შოტლანდიის ჩემპიონატში 67 ქულით მეოთხე ადგილზე გავიდა და მხოლოდ „სელტიკს“, „რეინჯერსსა“ და „კილმარნოკს“ (ამ უკანასკნელს ოდენ ბურთების ბალანსით) ჩამორჩა. მთლიანობაში „წითლებმა“ 38 მატჩში ასეთი სტატისტიკა დააფიქსირეს: 20 მოგება, 7 ფრე, 11 წაგება, 57:44 ბურთების ბალანსი.

შემადგენლობა

მეკარეები: ჯო ლევისი, ტომაშ ჩერნი, დანი როჯერსი

მცველები: შეი ლოგანი, გრეგ ლეიგი, ენდრიუ კონსიდაინი, სკოტ მაკკენა, მაიკლ დევლინი, ეშ ტეილორი, მიკო ვირტანენი

ნახევარმცველები: კრეიგ ბრაისონი, რაიან ჰეჯესი, ლუის ფერგიუსონი, ჯონ გალაჰერი, ფუნსო ოჯო, ეთან როსი, დეან კემპბელი, სებ როსი, სტეფენ გლისონი

თავდამსხმელები: ჯეიმს ვილსონი, კარტის მაინი, ნილ მაკგინი, სკოტ რაიტი, სემ ქოსგროვი, სტივ მეი, კონომ მაკლენანი, ბრიუს ანდერსონი

ერთი შეხევდით ცნობილი ფეხბურთელები „აბერდინის“ რიგებში დღეს ნამდვილად არ ირიცხებიან. გუნდში ძირითად შოტლანდიელები და ინგლისელები არიან. მაგალითისთვის, 6 ინგლისელები ფეხბურთელი ირიცხება გუნდში და კაპიტანიც ინგლისელია - მეკარე ჯო ლევისი, რომელიც ერთ დროს ინგლისის 21 წლამდე ნაკრების კარს იცავდა. არიან უელსელები და ჩრდილოეთ ირლანდიელი და ირლანდიელები. თითო ლეგიონერი ფინეთს, ბელგიასა და ჩეხეთს წარმოადგენენ.

მწვრთნელი

„აბერდინს“ უკვე 6 წელია მთავარი მწვრთნელი არ შეუცვლია. 2013 წლიდან მოყოლებული, როდესაც კრეიგ ბრაუნმა გუნდი დატოვა, დერეკ მაკლნესი სტაბილურად ინარჩუნებს სამსახურს. მისი ხელმძღვანელობით „აბერდინმა“ დღემდე 300 თამაში ჩაატარა, საიდანაც 166 მოიგო (56%), 56 ფრე ითამაშა, ხოლო 78-ჯერ დამარცხდა.

48 წლის შოტლანდიელი „აბერდინამდე“ „სენტ ჯონსტონსა“ და „ბრისტოლ სიტის“ ედგა სათავეში, ხოლო „აბერდინს“ 2014 წელს შოტლანდიის ლიგის თასი მოაგებინა. ფეხბურთელობისას მაკლნესს „რეინჯერსში“ 5 წელი უთამაშია, ხოლო სხვადასხვა პერიოდში „ტულუზასა“ და „ვესტ ბრომვიჩ ალბიონის“ მაისურით მოურგია.

სტადიონი

„ჩიხურას“ დამდეგ კვირაში „პიტოდრი სთედიუმზე“ მოუწვეს თამაში, რომელიც 1899 წელს აშენდა, 1993 წელს კი რეკონსტრუქცია ჩაუტარდა. წმინდა საფეხბურთო არენაა, არასტუმართმოყვარე, რომელიც 21 ათასამდე მაყურებელს იტევს.

ისტორია

„აბერდინის“ ისტორია სავსეა სახელოვანი გამარჯვებებით და შოტლანდიაში „რეინჯერსისა“ და „სელტიკის“ შემდეგ ყველაზე მეტად შეუძლია წარმატებებით თავის მოწონება.

კლუბი 1903 წლის 14 აპრილს დაარსდა და 4-ჯერ გახდა შოტლანდიის ჩემპიონი. შვიდჯერ შოტლანდიის თასი, ხოლო ექვსჯერ შოტლანდიის ლიგის თასი მოიგო. ხსენებული ოთხი ჩემპიონის ტიტულიდან სამი 80-იან წლებზე მოდის, როდესაც გუნდში ლეგენდარული სერ ალექს ფერგიუსონი მუშაობდა (1980, 1984, 1985). 1985 წლის შემდეგ „აბერდინი“ ჩემპიონი აღარ გამხდარა. ისე, მეორე ადგილზე ხშირად ახერხებს გასვლას - 17-ჯერ.

ბოლო ტიტული 2014 წლით თარიღდება, როდესაც შოტლანდიის ლიგის თასი აღმართა. თუმცა, ყველაზე ხმაურიან წარმატებას მაინც ევროპაში მიაღწია: 1983 წელს ჯერ თასების თასი მოიგო, მერე ევროპის სუპერთასი, რომლისთვის ბრძოლაში ჩემპიონთა თასის მაშინდელი ტრიუმფატორი „ჰამბურგი“ ორი მატჩის ჯამში დაამარცხა (2:0).

ცნობისთვის, ფერგიუსონი „აბერდინს“ 1978-1986 წლებში წვრთნიდა და 10 ტიტული მოაგებინა (3 შოტლანდიის ჩემპიონობა, 4 შოტლანდიის თასი, 1 შოტლანდიის ლიგის თასი, თასების თასი და ევროპის სუპერთასი).

კლუბის ისტორიაში საუკეთესო გოლეადორი ჯო ჰარპერი გახლავთ, რომელმაც 1969-1973, 1976-1981 წლებში 300 მატჩში 199-ჯერ დაამწუხრა მეტოქეები. ყველაზე მეტი თამაში კი ვილი მილერის ანგარიშზეა, რომელმაც 1972-1990 წლებში „აბერდინის“ ღირსება 797-ჯერ დაიცვა.

ევრო ისტორია

როგორც წესი, „აბერდინი“ ევროთასებზე ყოველწელს ასპარეზობს, თუმცა კარგა ხანია, ღირებული წარმატებისთვის არ მიუღწევია. ყველაზე დასამახსოვრებელი როგორც უკვე ვთქვით 1982-1983 წლების სეზონი გამოდგა, როდესაც თასების თასი მოიგო და მერე ევროპის სუპერთასიც მიაყოლა. დებიუტი კი ევროთასებზე 1967-1968 წლების სეზონში ჰქონდა, როდესაც თასების თასზე „რეიკიავიკის“ ბარიერი დაძლია, მაგრამ ლიეჟის „სტანდარდთან“ ვერაფერი გააწყო.

ზოგადად, 1983 წლამდე მაქსიმუმი ორი ეტაპის გავლა იყო, მაგრამ ტრიუმფალურ სეზონში ალექს ფერგიუსონის გუნდმა დიდებულად ითამაშა. თასების თასზე ჯერ „ბაიერნს“ აჯობა, მერე ფინალში მადრიდის „რეალიც“ დაამარცხა.

წარმატებული იყო მომდევნო, 1983-1984 წლების სეზონიც, როდესაც კვლავ თასების თასზე იასპარეზა და ნახევარფინალამდე მივიდა, მაგრამ „პორტუსთან“ დამარცხდა.

აი, მას მერე კი „აბერდინი“ კარგა ხანს ორი ეტაპის გავლას ვერაფრით ახერხებდა. 2007-2008 წლების სეზონში კი უეფას თასის ჯგუფური ეტაპიც დააჭაშნიკა. ეს ბოლო წარმატებაა შოტლანდიური გუნდისა და მას მერე ჯგუფში მოხვედრას ვერაფრით ახერხებს. არადა, ბოლო წლებში ევროპა ლიგაზე მუდმივად თამაშობს, მაგრამ რად გინდა, ხიერიანს ვერაფერს აღწევენ (ეგებ, ახლაც არ დაარღვიონ ტრადიცია).

2014-2015 წლების სეზონში „დაუგავასა“ და „გრონინგემს“ აჯობა, მაგრამ მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე „სოსიედადთან“ უშანსოდ წააგო. 2015-2016 წლების სეზონში „შკენდიასა“ და „რიეკას“ აჯობა, მაგრამ მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ყაზახურ „ყაირატთან“ დამარცხდა. მომდევნო სეზონშიც ორი ეტაპი დაძლია - „ჩიხურასთვის“ უკვე ნაცნობი „ფოლა ეში“ და ლატვიური „ვენტსპილსი“ დაამარცხა, ხოლო „მარიბორთან“ თავად დამარცხდა.

2017-2018 წლების სეზონში „შიროკი ბრიეგთან“ გამარჯვებას „აპოლონთან“ მარცხი მოჰყვა, ხოლო გასულ სეზონში პირველივე ბარიერი ვერ გადალახა ინგლისური „ბარნლის“ წინააღმდეგ ორი მატჩის ჯამში 2:4 წააგო. როგორც ხედავთ, ბოლო 5 სეზონში „აბერდინის“ მაქსიმუმი ოდენ მესამე საკვალიფიკაციო ეტაპი იყო.

ზოგადად კი, „აბერდინი“ დიდი ისტორიის მქონე გუნდია, მაგრამ არცთუ „საშიში“ აწმყოთი. შესაბამისად, დაუძლეველ დაბრკოლებად ნამდვილად არ მოსჩანს და დანარჩენს მოახლოებული ორი მატჩი დაგვანახებს. პირველი შეხვედრა 25 ივლისს თბილისში, ხოლო საპასუხო ერთი კვირის თავზე შოტლანდიაში ჩატარდება.

სტატისტიკა
0.265759