Tbilisi Challange 2019-ის გამარჯვებულმა “ბებერმა არწივმა” 3×3 კალათბურთში ევროპის ერთ-ერთ წარმომადგენლობით ტურნირზე იასპარეზა. ქართული გუნდი ბელგრადის ტურნირში საასპარეზოდ თბილისური ჩელენჯერის მოგების შედეგად გაემგზავრა და უძლიერეს გუნდებში 1 ხმაურიანი გამარჯვება მოიპოვა.
ჩვენი გუნდის ღირსებას მიხეილ ბერიშვილი, რეზო ჩაჩანიძე, გიორგი კორსანტია და ზუკა მაჩალაძე იცავდნენ. ეს ის შემადგენლობაა, რომელმაც საქართველოს ნაკრების სახელით ევროპის თასის შესარჩევ ტურნირზე ივნისის ბოლოს იასპარეზა. “ბებერი არწივი” ტურნირში საკვალიფიკაციო ჯგუფიდან ჩაერთო. ტურნირის ძირითად ბადეში 12 ადგილი გახლდათ, საიდანაც 10 დაკავებული იყო, ხოლო 2 ადგილისთვის ტურნირის პირველ დღეს საკვალიფიკაციო რაუნდი გაიმართა. 2 სამგუნდიანი ჯგუფის გამარჯვებული Belgrade Challange-ის ძირითად ტურნირში გადადიოდა.
ქართულმა გუნდმა ჯგუფის პირველი მატჩი ბოსნიურ “პალესთან” 9:18 წააგო, მანამდე კი ბოსნიელებმა Belgrade Challange-ის მომავალ ჩემპიონ სერბულ “ზემუნთან” შეხვედრა 9:22 დათმეს. ჯგუფის ბოლო შეხვედრაში “ბებერი არწივი” “ზემუნს” დაუპირისპირდა. ქართველებს სოლიდური სხვაობით გამარჯვება ესაჭიროებოდათ, საბოლოოდ კი 1 ქულით – 17:16 მოიგეს. სამივე გუნდმა თანაბარი მოგებები დააგროვა, პირველ ადგილზე კი ბურთების შეფარდებით “ზემუნი” გავიდა, რომელმაც Belgrade Chalange-ის ძირითად ტურნირში გადაინაცვლა და საბოლოოდ, ჩემპიონიც გახდა. სერბულ ფინალში “ზემუნმა” 3×3 კალათბურთში ლეგენდარულად ქცეული “ნოვი სადი” 20:16 დაამარცხა.
ტურნირის საპრიზო ფონდი 30 000 დოლარი იყო, რომელიც პრიზიორთა შორის მოხვედრილ გუნდებზე გადანაწილდა.
www.gbf.ge