კალათბურთი

22:50 | 9.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

სტუდენტური ლიგის ფინალში სპორტისა და ტექნიკური უნივერსიტეტთა გუნდები გავიდნენ

სტუდენტური ლიგის ფინალისტები ცნობილნი არიან. ჩემპიონობისთვის ერთმანეთს სპორტისა და ტექნიკური უნივერსიტეტის უნივერსიტეტების გუნდები შეხვდებიან. ფინალური სერია 2 მატჩისგან შედგება და ჩემპიონი ის გუნდი გახდება, რომელიც ამ 2 შეხვედრის ჯამში უკეთეს შედეგს აჩვენებს.

ჩემპიონობასთან ერთად სტუდენტური ლიგის გამარჯვებული პროფესიონალური – “ა” ლიგის საგზურს მოიპოვებს, რომლის ორგანიზატორიც საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციაა და საიდანაც წარმატებული გუნდებისთვის სუპერლიგაში გადასავლელი კარი ღიაა.

სპორტის უნივერსიტეტმა ნახევარფინალიდან ერთ-ერთი ფავორიტი – ილიას უნივერსიტეტი დაამარცხა. სპორტ-ინის პირველი შეხვედრა 20 ქულის სხვაობით ჰქონდა მოგებული და ფინალის მიღმა დარჩენა არ ემუქრებოდა, ამაზე მეტით თუ არ წააგებდა. როლანდ გელოვანის გაწვრთნილმა გუნდმა არათუ წააგო, მოპოვებულ ჰანდიკაპს კიდევ 3 ქულა წაამატა და შეხვედრის 66:63 (იხილეთ სტატისტიკა) მოგებით ფინალში გავიდა. გამარჯვბულთაგან 18 ქულითა და 19 მოხსნით საუკეთესო იყო ლევან თავხელიძე, 11 ქულა კი ნიკოლოზ ფორჩხიძემ მიითვალა. ილიაუნიში 20 ქულით ვასილ მჭედლიშვილი გამოირჩა, 14 ქულა და 16 მოხსნა ვასილ კუტალაძის ანგარიშზეა.

მეორე ნახევარფინალურ წყვილში სერიის პირველი მატჩის შემდეგ უფრო დიდი სხვაობა იყო. ტექნიკურ უნივერსიტეტს გუშინდელი შეხვედრა თსსუ-სთან 31 ქულით ჰქონდა მოგებული და ამ უპირატესობას რომ არ გაფლანგავდა, ყველამ იცოდა. სტუ-მ მეორე შეხვედრაც მოიგო – ამჯერად 81:70 (იხილეთ სტატისტიკა) და ფინალის საგზური ოფიციალურად გაიფორმა.

სტუ-ში 20 ქულით ბომბარდირი გახდა დიმიტრი აიანადი, 19 ქულა შიო ლეშკაშელმა, ხოლო 13 – გიორგი ღონღაძემ მოაგროვა. სამედიცინო უნივერსიტეტში 20 ქულით საუკეთესო იყო ტატო ოთიაშვილი, რომელმაც ბოლო პერიოდში დისკვალიფიკაცია მიიღო და მე-3 ადგილისთვის მატჩში ვერ ითამაშებს.

მე-3 ადგილისთვის ერთმანეთს თსსუ და ილიაუნი 13 ივლისს დაუპირისპირდებიან, ხოლო ფინალური სერიის 2 მატჩი 13 და 14 ივლისს გაიმართება.

www.gbf.ge

Loading...
0.114433