კალათბურთი

12:55 | 16.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

სტუდენტური კალათბურთის ლიგა ოლიმპიურ სასახლეში 2 მატჩით გაიხსნა

15 ივნისს, ოლიმპიურ სასახლეში 2 მატჩით საქართველოს სტუდენტური კალათბურთის ლიგა დაიწყო. პირველად, ეს ტურნირი საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის თანამონაწილეობით ტარდება და საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციასთან შემუშავებული დებულების თანახმად, სტუდენტურის გამარჯვებული ფედერაციის მიერ ორგანიზებული “ა” ლიგის საგზურს მოიპოვებს. ეს კი პირველი პრეცედენტია, როცა სტუდენტური ლიგიდან გუნდს პროფესიულ ლიგაში გადასვლის შანსი აქვს. ამ გზით ნებისმიერ სტუდენტურ გუნდს, რომელიც სტუდენტურს მოიგებს, “ა” ლიგისთვის გამოყოფილი საბაზიზო თანხის – 60 000 ლარის მოპოვება შეუძლია და სწორი მენეჯმენტის შემთხვევაში უფრო მაღალ სიმაღლეზე გადასვლის პერსპექტივა უჩნდება. “ა” ლიგა ხომ სუპერლიგასთანაა მიბმული და წარმატებული გუნდები (წელს ესეთი გუნდი “ვერა” გამოდგა) ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში ინაცვლებენ.

ასევე პირველად, სტუდენტურ ლიგას ექნება საკუთარი გვერდი კალათბურთის ეროვნული ფედერაციის საიტზე და მატჩების სტატისტიკის აღრიცხვასთან ერთად მათი LIVE-სტატისტიკის ტექსტური ტრანსლაცია იწარმოებს. შეგახსენებთ, რომ სტუდენტური ლიგის მონაწილე 8 გუნდი 2 ჯგუფშია განაწილებული და 2 წრის თავზე ნაჩვენები შედეგების მიხედვით განლაგდებიან. პლეი ოფში ყველა გუნდი გავა და ჯვარედინი სისტემით დაწყვილდება.

პირველ დღეს 2 მატჩი გაიმართა. “ა” ჯგუფში ერთმანეთს ტექნიკური უნივერსიტეტი (სტუ) და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი (თსსუ) შეხვდნენ. მატჩის პირველი ნახევარი თანაბარი გამოდგა, ხოლო მეორეში ტექნიკოსებმა იძალეს და მოპოვებული სოლიდური უპირატესობის შემდეგ თამაში სათავისო დასასრულამდე მიიყვანეს. სტუ-მ 73:63 მოიგო, ხოლო გამარჯვებულთაგან 16 ქულით, 10 მოხსნით და 5 პასით ირაკლი წიქარიშვილი გამოირჩა. 13 ქულა და 19 მოხსნა დააგროვა დავით ბუაჩიძემ, ხოლო მედიკოსებში საუკეთესო ტატო ოთიაშვილი გახდა – 23 ქულა, 18 მოხსნა.

მეორე მატჩში “ბ” ჯგუფის ბინადრები – კავკასიის საერთაშორისო (კსუ) და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტების (თსუ) გუნდები შეხვდნენ. მატჩის დებიუტში ლიდერობა მოიპოვა კავკასიამ, რომელიც მეორე პერიოდში 15 ქულითაც უგებდა მეტოქეს, თუმცა თსუ-ელებმა გუნდური თამაშის წყალობით მესამე პერიოდში ჩამორჩენა შეამცირეს, ხოლო მატჩის მიწურულს გალიდერდნენ კიდეც. ქულა-ქულაში წარმართული საფინალო წუთების ბოლოს კსუ-ს 4-ქულიანი გამარჯვება დაფიქსირდა – 69:65. კავკასიელთაგან 19 ქულით საუკეთესო იყო თენგო ხუციშვილი, ხოლო თსუ-ში 26 ქულით გიორგი ანდღულაძე გამოირჩა.

შემდეგი მატჩები 16 ივნისს გაიმართება: სპორტის უნივერსიტეტი – სტუ, სეუ – ილიაუნი

თსსუ – სტუ 63:73
თსუ – კსუ 65:69

gbf.ge

0.118082