კალათბურთი

0:50 | 15.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

სტუდენტური კალათბურთის ლიგა 15 ივნისს 2 მატჩით დაიწყება

15 ივნისს საქართველოს სტუდენტური კალათბურთის ლიგა იწყება, რომელიც გახლავთ ისტორიული. პირველად, სტუდენტურ გუნდებს შანსი ეძლევათ, წარმატების შემთხვევაში პროფესიულ კალათბურთში გადაინაცვლონ.

საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციასთან ერთად ტურნირის თანაორგანიზატორი საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია გახდა. პროექტი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.

კალათბურთისა და საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციების მიერ შემუშავებული დებულების თანახმად, სტუდენტური კალათბურთის ლიგის გამარჯვებული კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებული ტურნირის – „ა“ ლიგის საგზურს მოიპოვებს და შესაბამის დაფინანსებას, 60 000 ლარს მიიღებს. გარდა ამისა, სტუდენტური გუნდებისთვის „ა“ ლიგაში მოხვედრა ნიშნავს შანსს, წარმატების შემთხვევაში, სუპერლიგაში გადავიდნენ.

15 ივნისს სტუდენტური კალათბურთის ლიგის სადებიუტო 2 მატჩი გაიმართება: თსსუ სტუ-ს შეხვდება, ხოლო თსუ კავკასის საერთაშორისო უნივერსიტეტს დაუპირისპირდება. იხილეთ სრული: კალენდარი

ჩემპიონატში მონაწილე 8 გუნდი 2 ჯგუფში ( “ა” და “ბ”) გადანაწილდა. რეგულარული ჩემპიონატი 2 წრედ ჩატარდება, რის შემდეგაც ჯგუფების ყველა მონაწილე გავა პლეი ოფში და მეოთხედფინალში ჯვარედინი სისტემით დაწყვილდება. პლეი ოფის პირველ წრეში ერთმატჩიანი სერიები იქნება, ნახევარფინალური და ფინალური სერიები კი 2 მატჩისგან შედგება.

სტუდენტურ ლიგას საკუთარი გვერდი აქვს საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ოფიციალურ ვებ-გვერდზე და მატჩების მიმდინარეობისას განხორციელდება ტექსტური ლაივ-სტატისტიკა.

www.gbf.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116173