ფეხბურთი

17:05 | 21.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის საგანგებო განცხადება

საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაცია ქართულ საკლუბო ფეხბურთი მიმდინარე სკანდალურ მოვლენას, რაც გარიგებულ მატჩებს უკავშირდება, სპეციალური განცხადებით გამოეხმაურა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"ქართულ საკლუბო ფეხბურთში განვითარებული მოვლენები უკიდურესი შეშფოთების და განგაშის საფუძველია. ასეთი მავნებლობა ძირს უთხრის არა მხოლოდ ქართული ფეხბურთის, არამედ ზოგადად - ქართული სპორტის ავტორიტეტს და ეს არავის არ უნდა შერჩეს. სპორტის მთავარი პრინციპი და საფუძველი სამართლიანი თამაშია და სწორედ ამ უცვლელ მუდმივას მიაყენეს გამოუსწორებელი დარტყმა. ასეთ ვითარებაში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობის პოზიცია, რომელიც უმკაცრესი სასჯელის მომხრეა, აბსოლუტურად გამართლებული და ერთმნიშვნელოვნად სწორია. ყველა სხვა ასე თუ ისე შერბილებული მიდგომა დამნაშავეების მიმართ იქნება უდიდესი შეცდომა და დაუსჯელობის განცდას წაახალისებს, რისი დაშვებაც არამც და არამც არ შეიძლება. არავის არ უნდა შერჩეს ისედაც შეთხელებული რაოდენობის გულშემატკივრების გულწრფელი ემოციებით მანიპულირება და ვაჭრობა. სასჯელი უნდა იყოს ისეთი მკაცრი, რომ საუკეთესო პრევენციად და გაფრთხილებად გამოდგეს. ასევე კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ არა მხოლოდ რიგითი შემსრულებლები, არამედ დამკვეთებიც უმკაცრესად დაისაჯონ. მთელი სპორტული სამყარო უნდა გაერთიანდეს ამ უკიდურესი სიმახინჯის წინააღმდეგ", - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ გარიგებულ მატჩებში მონაწილეობის ბრალდებით 8 მოქმედი და 3 ყოფილი ფეხბურთელი ორი დღის წინ დააკავეს.

Loading...
0.147532