ამერიკელმა სუპერვარსკვლავმა მიკაელა შიფრინმა 2018/19 წლის სეზონზე მრავალი მიზეზის გამო სამთო-სათხილამურო სფეროში ახალი ისტორია შექმნა. შიფრინმა სამთო-სათხილამურო სპორტის ისტორიაში პირველმა შეძლო ერთ სეზონზე მილიონზე მეტი ფულადი ჯილდოს მოპოვება.
მიკაელა შიფრინმა 2019 წლის მსოფლიო თასის ტურში შესანიშნავად იასპარეზა, მან 17 სხვადასხვა სახეობის ეტაპი მოიგო და 886 386 შვეიცარიული ფრანკი გამოიმუშავა. არეს მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც თებერვალში გაიმართა, შიფრინმა 2 ოქროს მედალი სუპერგიგანტში და სლალომში მოიპოვა, გიგანტურ სლალომში კი ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა, მან ამ წარმატებებით თავის ფულად ჯილდოს 114 000 შვეიცარიული ფრანკი შემატა. მთლიანად კი შიფრინმა 1 000 386 შვეიცარიული ფრანკი მოიგო.
მეორე ადგილზე სლოვაკი პეტრა ვლხოვაა, რომელმაც 428 195 შვე.ფ. გამოიმუშავა.
მიკაელა შიფრინი არა მარტო ქალთა შორის, არამედ ვაჟთა შორისაც ყველაზე მეტი ფულადი ჯილდოს მფლობელი გახდა. მან მოუგო 8 დიდი მსოფლიო თასის მფლობელს - მარსელ ჰირშერსაც, რომელმაც გასულ სეზონზე 565 111 შვეიცარიული ფრანკი მოიპოვა. შიფრინმა შარშანაც ყველაზე მეტი თანხა გამოიმუშავა. მასა და ჰირშერის მოპოვებულ თანხებს შორის მაშინ უფრო ცოტა იყო განსხვავება 43 000 შვ.ფ.
მიკაელა შიფრინი: "ესაა ძალიან კარგი შესაძლებლობა. ვამაყობ, რომ იმ სპორტის სახეობის ნაწილი ვარ, სადაც გენდერული კუთხით არ ხდება გარჩევა. დიდებულია, ეს ფაქტი განაპირობებს იმას, რომ მომავალში ახალი თაობა ამ სპორტით, რომელიც მე ძალიან მიყვარს, უფრო დაინტერესდება. თანაბარი საპრიზო ფონდი ნიშნავს იმას, რომ საზოგადოების მოთხოვნა თანაბრადაა განაწილებული მამაკაცისა და ქალის შეჯიბრებებზე. თუ ადამიანებს უნდათ შეჯიბრებების ყურება და სპორტს ჰყავს გულშემატკივარი, საპრიზო ფონდიც იზრდება. ვფიქრობ, ჩვენ სპორტსმენებს პასუხილმგებლობა გვაქვს, რომ სპორტს მეტი ყურადღება მივაქციოთ, რათა გულშემატკივარი გაიზარდოს. ისევე როგორც ყველა სპორტს, სამთო-სათხილამურო სპორტსაც სჭირდება გულშემატკივარი. უნდა იყოს მაღალი კონკურენცია. მინდა მადლობა გადავუხადო ყველა გულშემატკივარს. საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციას დიდი ხანია ქალებისთვის და ვაჟებისთვის თანაბარი საპრიზო ფონდი აქვს".
სამთო-სათხილამურო მსოფლიო თასის ტურზე ქალთა და მამაკაცთა ცალკეული სახეობების შეჯიბრებების რაოდენობა თანაბარია. მსოფლიო თასის გათამაშების ორგანიზატორები ეტაპის გამარჯვებულს 45 000 შვ.ფ.-ს უხდიან, ფულადი პრიზი საუკეთესოთა 30-ეულს გადაეცემა. 30-ე ადგილს 500 შვ.ფ. ერგება.
მიკაელა შიფრინი პირველი სამთო-მოთხილამურეა, რომელმაც შეძლო ექვსივე სახეობაში გამარჯვება. 24 წლის მიკაელას მომავალში პოტენციურად შეუძლია კიდევ ბევრი რეკორდის დამყარება. მან უკვე 60 ეტაპი აქვს მოგებული როგორც ტექნიკურ ასევე სწრაფ სახეობებში.
www.gsf.ge