ფეხბურთი

2:59 | 11.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონთა ლიგა: ერთი დახურული საკითხი, ერთიც - ღია (+VIDEO)

უეფას ჩემპიონთა ლიგაზე დღეს ორი მეოთხედფინალური მატჩი გაიმართა და ასეთი სურათი მივიღეთ: ერთ წყვილში პრაქტიკულად ყველაფერი დასრულდა, მეორეში ყველაფერი ღიაა.

დავიწყოთ „ოლდ ტრაფორდიდან“, სადაც „ბარსელონა“ „მანჩესტერ იუნაიტედს“ ესტუმრა და კინკილა გოლი, უფრო სწორად, ავტოგოლი იკმარა. ეს მე-12 წუთზე მოხდა, როდესაც ლუკ შოუს კარი აერია და საკუთარი მეკარე დამწუხრა. სხვათა შორის, გასული სეზონიდან მოყოლებული „ბარსელონას“ საუკეთესო ბომბარდირი ჩემპიონთა ლიგაზე ლეო მესია 14 გოლით და არ გვიკვირს, ლოგიკურია, მაგრამ იცით მეორე ადგილზე ვინაა? მეტოქის ფეხბურთელები - 6 ავტოგოლი კატალონელთა სასარგებლოდ!

თამაშს რაც შეეხება, მოსაყოლი არაფერია. „მანჩესტერმა“ მორიგი უფერული შეხვედრა ჩაატარა „ოცნებათ თეატრში“ და გოლი ვერ გაიტანა. გოლს ვინ ჩივის, კარშიც ვერ დაარტყა. თუმცა, „ბარსელონასაც“ არ შეაქმნევინა ბევრი არაფერი - მოკლედ, მოწყენილობა სუფევდა მანჩესტერში, მაგრამ „ბარსელონამ“ ნახევარფინალისკენ უდიდესი ნაბიჯი გადადგა.

ბუნებრივია, დასკვნების გამოტანა ნაადრევია და მითუფრო თუ „იუნაიტედის“ მერვედფინალურ გმირობას თუ გავიხსენებთ. მაგრამ, მოდით პირდაპირ ვთქვათ - ასეთი სასწაული იშვიათად ხდება და მეორე, ალბათ, უფრო მყარი არგუმენტი - „ბარსელონა“ „პარი სენ ჟერმენი“ არაა.

გაცილებით კარგი, სანახაობრივი და საინტერესო 90 წუთი იყო ამსტერდამში, სადაც „აიაქსმა“ „იუვენტუსი“ მიიღო. ძველი ნაცნობების მონატრებული შეხვედრა და ანგარიში, რომელმაც ამ წყვილში ყველაფერი ღია დატოვა. გოლები საკმაოდ მოულოდნელ და უცნაურ ვითარებებში გავიდა. პირველი ტაიმის მიწურულს, კრიშტიანუ რონალდუმ თავით დალაშქრა მასპინძელთა კარგი. პორტუგალიელმა მეოთხედფინალურ ეტაპზე 21-ე თამაშში 24-ე გოლი გაიტანა და ეს სარეკორდი მაჩვენებელია. კრიშტიანუმ ამ გოლით კიდევ ერთი რეკორდი დაამყარა და თან ძალიან საინტერესო - „იოჰან კრუიფ არენაზე“ ეს მისთვის მერვე გოლი გამოდგა და ამ სტადიონზე, უშუალოდ ჩემპიონთა ლიგაზე მასზე მეტჯერ არავის გაუტანია! მხოლოდ ზლატან იბაჰიმოვიჩს აქვს იგივე შედეგი.

თამაშს დავუბრუნდეთ და „აიაქსმა“ მეორე ტაიმის სტარტზევე გაათანაბრა. ჟოაუ კანსელუმ საშინლად ითამაშა, ბურთი დავიდ ნერეშს ჩააბარა, მერე ვეღარც გააკონტროლა და ბრაზილიელმა აუღებელი დაარტყა. იყო სხვა სახიფათო მომენტებიც. მაგალითად, ვან დე ბეკის ან ბერნარდესკის დარტყმები. ზიეჩის გასროლა და ბოლოსკენ დუგლას კოშტას ძელი. შედეგი ალბათ უფრო ლოგიკურია, მიუხედავად იმისა, რომ „აიაქსი“ ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას ფლობდა. რა თქმა უნდა, „იუვე“ ფავორიტად რჩება და ტურინშიც სასურველი შედეგი წაიღო (ტურინელებს ეტყობოდათ, რომამ ანგარიშზე ყაბულს იყვნენ), მაგრამ გარკვეული მართლაც არაფერია. „აიაქსი“ ჩამოსაწერი არაა, უფრო მეტიც, ბოლომდე იბრძოლეს.

ფაქტია, საპასუხო მატჩებში ალბათ ყველაზე საინტერესო დუელი სწორედ ტურინში გველოდება.

„აიაქსი“ – „იუვენტუსი“ 1:1 (0:1) VIDEO

ამსტერდამი, „იოჰან კრუიფ არენა“

მაყურებელი: 50 390

„აიაქსი“ (4-2-3-1): ონანა; ველტმანი, დე ლიხტი, ბლინდი, ტალიაფიკო; ვან დე ბეკი, დე იონგი; ზიეჩი, შონე (ეკელენკამპი 75), ნერეში; ტადიში

მწვრთნელი: ერიკ ტენ ჰაგი

„იუვენტუსი“ (4-3-3): შჩესნი; კანსელუ, ბონუჩი, რუგანი, ალექს სანდრო; ბენტანკური, პიანიჩი, მატუიდი (დიბალა 75); ბერნარდესკი (ხედირა 90), მანჯუკიჩი (დუგლას კოშტა 60), რონალდუ

მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი

გოლები: 0:1 რონალდუ (45), 1:1 ნერეში (46)

გაფრთხილება: ტალიაფიკო (41), დე იონგი (56), შონე (71), ეკელენკამპი (90) - პიანიჩი (83)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 15 (6) – 6 (1) ბურთის ფლობა: 58%-42% კუთხურები: 4:3 თამაშგარე: 4:0

მსაჯი: კარლოს დე სერო (ესპანეთი)

„მანჩესტერ იუნიატედი“ – „ბარსელონა“ 0:1 (0:1) VIDEO

მანჩესტერი, „ოლდ ტრაფორდი“

მაყურებელი: 74 093

„მანჩესტერ იუნაიტედი“ (4-3-3): დე ხეა; იანგი, სმოლინგი, ლინდელოფი, შოუ; ფრედი, მაკტომინეი, პოგბა; დალო (ლინგარდი 74), ლუკაკუ (მარსიალი 68), რაშფორდი (პერეირა 85)

მწვრთნელი: ოლე გუნარ სულშერი

„ბარსელონა“ (4-3-3): ტერ შტეგენი; სემედუ, პიკე, ლენგლე, ალბა; რაკიტიჩი, ბუსკეტსი (ალენა 90), არტური (სერხი რობერტო 66); მესი, სუარესი, კოუტინიო (ვიდალი 65)

მწვრთნელი: ერნესტო ვალვერდე

გოლი: 0:1 შოუ (12, ა.გ)

გაფრთხილება: შოუ (19), ლინგარდი (76), სმოლინგი (86) - ბუსკეტსი (18), ვიდალი (71)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 7 (0) – 5 (3) ბურთის ფლობა: 38%-62% კუთხურები: 2:4 თამაშგარე: 2:0

მსაჯი: ჯანლუკა როკი (იტალია)

Loading...
სტატისტიკა
0.262833