სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

22:10 | 22.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

ახალი ეტაპი და ახალი იმედი
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

საქართველოს ნაკრები ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლს დაიწყებს. ვლადიმირ ვაისის გუნდის მეტოქე შვეიცარიის ნაკრები იქნება. შვეიცარია გრანდი არაა, მაგრამ ძალიან კარგი გუნდია, რომლის ძლევა ბარე-ორ გრანდს უძნელდება.

საქართველოს ნაკრები კი, ერთა ლიგაზე ჩინებული გამოსვლის შემდეგ უფრო თავდაჯერებელი უნდა იყოს. ამაზე ფეხბურთელებმაც ისაუბრეს ბოლო პერიოდში და ვნახოთ, სად მიგვიყვანს ეს თავდაჯერება. ფაქტია, შვეიცარია ურთულესი მეტოქეა, მაგრამ ისიც ფაქტია,რომ დაუმარცხებელთა კატეგორიას არ განეკუთვნება.

ეს შესარჩევი ეტაპის დასაწყისია და კარგი სტარტი ყველაფერში მნიშვნელოვანია. მათ შორის, ფეხბურთშიც. საერთოდ, ყოველი შესარჩევი ციკლის წინ იმედი მუდამ არსებობდა, მაგრამ ახლა ალბათ ეს იმედი ყველაზე რეალურია და საინტერესოა, როგორ ნაბიჯს გადადგამს საქართველოს ნაკრები.

სიმართლე რომ ვთქვათ, ამ წუთისთვის ვლადიმირ ვაისის გუნდის უპირატესობა მეტოქესთან მხოლოდ საშინაო კედლებია. სხვა მხრივ, შვეიცარია ყველაფერში წინაა და თანაც საგრძნობლად. თუმცა, ფეხბურთი ხშირად ლოგიკას არ ექვემდებარება და რატომაც არა? - წინ 90 წუთია, მძიმე, მაგრამ იმედიანი 90 წუთი...

ვაისის არჩევანი

მეკარე - აქ კითხვის ნიშანი არ არსებობს. ვლადიმირ ვაისი გიორგი ლორიას მაშინაც ენდობოდა, როცა უთამაშებელი იყო. ახლა კი ვითარება სასიკეთოდ შეიცვალა. ლორია გერმანული „მაგდებურგის“ კარს დამაჯერებლად იცავს და რვა მატჩში მხოლოდ 6 გოლი გაუშვა, ორჯერ კი კარი მშრალად შეინახა. მართალია, გიორგი მაკარიძესაც პორტუგალიაში სათამაშო პრაქტიკა აქვს, მაგრამ ვაისის ფავორიტი ლორიაა და სწორედ ის იქნება ძირითად შემადგენლობაში.

დაცვა - ვაისმა ერთადერთი ნომინალური მცველი, ოთარ კაკაბაძე გამოიძახა. მას ტრავმა ჰქონდა და ბოლო პერიოდი თითქმის სრულად გაუცდა. ქართველმა მცველმა ბოლოს „ლუცერნის“ მეორე გუნდში ითამაშა. მიუხედავად პრობლემებისა, სლოვაკს სხვა არჩევანი პრაქტიკულად არ აქვს. დაცვის ცენტრში სიურპრიზებს არ უნდა ველოდოთ. დავით ხოჭოლავა „შახტარში“ მუდმივად თამაშობს, მაგრამ ამ ეტაპზე გურამ კაშიასა და სოლომონ კვირკველიას დუეტი ხელშეუხებელია. მარცხენა ფლანგზე კი ჯიმი ტაბიძეს უნდა ველოდოთ. ვაისი სავარაუდოდ არ გარისკავს და დებიუტანტ ხარაბაძეს ამჯერზე მაინც არ ენდობდა. თანაც, ტაბიძის პლიუსი დაცვაში თამაშია, ხარაბაძის - შეტევაში. თუ სლოვაკი ფრთხილ ტაქტიკას აირჩევს, რაც მოსალოდენლია, მაშინ სასტარტოში „უფას“ ფეხბურთელი გაირჯება. ისე კი, არსებობს, ასეთი ვარიანტიც - კაშია მარჯვენა ფლანგზე, ხოჭოლავა და კვირკველია დაცვის ცენტრში. თუმცა, ნაკლებ მოსალოდნელი.

ნახევარდაცვა - პირველ რიგში ის ვთქვათ, რომ სლოვაკი ნაცად ტაქტიკას არ შეცვლის და გუნდი ისევ 4-2-3-1 სქემით ითამაშებს. ამის ფონზე ორივე საყრდენის ვინაობის გამოცნობა ძალიან ადვილია. ნიკა კვეკვესკირი და ჯაბა კანკავა თანაგუნდელები არიან და ბოლო პერიოდში ეროვნული ნაკრების ძირითად შემადგენლობაში ამ წყვილს ვხედავდით. მიუხედავად იმისა, რომ ვაკო გვილია ალბათ უმჯობეს კონდიციებშია, სწორედ „ტობოლის“ დუეტის ნახვაა სასტარტოში მოსალოდნელი.

შემტევი სამეული - მათ წინ სამი შემტევი გაირჯება. ვაკო ყაზაიშვილი ვაისის ერთ-ერთი საყვარელი ფეხბურთელია. ბუნებრივია, მას ისევ დაეყრდნობა. გიორგი ჩაკვეტაძეს კი ჯანო ანანიძე შეცვლის. ეს სლოვაკმა ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში დააანონსა კიდეც. ვინ იქნება მესამე შემტევი? - თორნიკე ოქრიაშვილი უგუნდოდ რომ არ იყოს, უალტერნატივო იქნებოდა. მაგრამ ახლა სხვა ვითარებაა. ამიტომ, გიორგი მერებაშვილის ძირითად შემადგენლობაში მოხვედრა უცნაური სულაც არ იქნება. რატომ? ვაისი მას ერთა ლიგაზეც ენდობოდა და ამასთან, დაცვის მარჯვენა ფლანგისთვის დახმარება ბევრად უკეთ შეუძლია, ვიდრე იმავე ოქრიაშვილს. თანაც, გავითვალისწინოთ ამ ფლანგზე ფორმაში არმყოფი კაკაბაძე გაირჯება. შეიძლება განვიხილოთ მეორე ვარიანტიც: ვაკო გვილიას ცენტრში გამწესება და ანანიძის ფლანგზე გადაწევა, მაგრამ „კრილია სოვეტოვის“ ლეგიონერისთვის დაცვისთვის დახმარება გაცილებით ძნელი იქნება.

ფორვარდი - ვაისს სამი არჩევანი აქვს: ნიკა კაჭარავა, გიორგი ქვილითაია და დებიუტანტი ვატო არველაძე. ამ უკანასკნელის სასტარტოში გამოჩენა ნაკლებად რეალურია. კაჭარავაზე მეტად კი ქვილითაიას უნდა ველოდოთ. გიორგი „გენტში“ იშვიათად თამაშობს, მაგრამ სათამაშოდ მზადაა.

სავარაუდო შემადგენლობა (4-2-3-1): ლორია; კაკაბაძე, კაშია, კვირკველია, ხარაბაძე; კანკავა, კვეკვესკირი; მერებაშვილი, ანანიძე, ყაზაიშვილი; ქვილითაია

ლაზარეთი

ძნელია იმ მატჩის გახსენება, როდესაც საქართველოს ნაკრები ოპტიმალური შემადგენლობით იყო. ახლაც ასეა - გიორგი ჩაკვეტაძე, რომელმაც ერთა ლიგაზე შესაშურად ითამაშა, ტრავმირებულია. ასევე ტრავმის გამო ვლადიმირ ვაისმა ლევან მჭედლიძეც მოისაკლისა, თუმცა „ემპოლის“ ფორვარდი უკვე კარგა ხანია ლაზარეთშია და საქართველოს ნაკრები მის გარეშე თამაშს მიეჩვია კიდეც. ლაშა დვალი თავდაპირველ სიაში გახლდათ, თუმცა ტრავმის გამო ისიც გამოაკლდა გუნდს და გიორგი ნავალოვსკიმ ჩაანაცვლა. სხვა მხრივ კი, ყველა ფეხბურთელია მწყობრშია.

მეტოქე

შვეიცარიის ნაკრები ფიფას რეიტინგში მერვე ადგილზეა და ბუნებრივია, ესეც მეტყველებს ვლადიმირ პეტკოვიჩის გუნდის სიძლიერეზე. ამ გუნდის პლიუსი არაა ტექნიკური და ფეერიული ფეხბურთი, მაგრამ სამაგიეროდ, ფიზიკურ კონდიციებზე მთავარი აქცენტი კეთდება.

დღევანდელ შეხვედრას მეტოქე სერიოზული დანაკლისით ხვდება. სამი წამყვანი შემტევი ფეხბურთელი ტრავმის გამო ვერ ითამაშებს. ჰარის სეფეროვიჩი თავიდანვე არ იყო გამოძახებულთა სიაში, ხოლო შერდან შაქირი და ადმირ მეჰმედი მერე გამოაკლდნენ. გუნდს თბილისში არცერთი არ ჩამოჰყოლია.

როგორც ხედავთ, პეტკოვიჩს შეტევაში არჩევანი ძალიან შეუმცირდა. ამის ფონზე, შვეიცარიელთა სავარაუდო შემადგენლობა შემდეგნაირად მოსჩანს (4-5-1): სომერი; ლიხშტაინერი, შარი, აკანჯი, როდრიგესი; ცუბერი, სოუ, ჯაკა, ფროილერი, სტეფენი; ემბოლო

წარსული მეტოქესთან

საქართველოსა და შვეიცარიის ნაკრებების გზები აქამდე ერთადერთხელ, ევრო 2004-ის შესარჩევ ციკლში გადაიყარა. ეს, ის პერიოდია, როდესაც შვეიცარიულ ფეხბურთს პროგრესი დაეწყო და სწორედ ამ შესარჩევი ციკლიდან შვეიცარიელთა წარმატებული ასპარეზობა აღარავის აკვირვებს.

2002 წლის 7 სექტემბერს, ბაზელში, კობი კუნის გუნდმა ადვილად იმარჯვა. 37-ე წუთზე მასპინძლები ალექსანდრ ფრაის გოლით დაწინაურდნენ და ტაიმიც მოიგეს. საქართველომ ანგარიში 62-ე წუთზე გაათანაბრა, თავი შოთა არველაძემ გამოიჩინა. თუმცა, არ გასულა ერთი წუთი და ჰაკან იაკინმა შვეიცარიის ნაკრები ისევ დააწინაურა. მერე კი, პატრიკ მიულერმა და შტეფან შაპუიზამ საბოლოო ანგარიში დააფიქსირეს - 4:1.

2003 წლის 2 აპრილს კი, მეორე და ჯერჯერობით ბოლო დაპირისპირებას თბილისმა უმასპინძლა. ის შეხვედრა უგოლოდ დასრულდა. ამრიგად, ბალანსი უარყოფითია: 2 თამაში, 0 მოგება, 1 ფრე, 1 წაგება, ბურთების ბალანსი: 1:4.

ბოლო პერიოდი

საქართველოს ნაკრები

საქართველოს ნაკრების ბოლო 10 მატჩის სტატისტიკა ასეთია: 8 მოგება, 1 ფრე, 1 წაგება. ეს ერთადერთი მარცხი „ჯვაროსნებმა“ სპარინგში ლუქსემბურგთან განიცადეს. საერთოდაც, ეს 2018 წელს ერთადერთი წაგება გამოდგა.

ერთა ლიგაზე საქართველომ ჩინებულად ითამაშა. ყაზახეთსა (2:0, 2:1) და ლატვიას (1:0, 3:0) ორჯერ მოუგო, ხოლო ანდორასთან 4 ქულა მოიპოვა (3:0, 1:1). შედეგად, არათუ ჯგუფში, არამედ დივიზიონში ყველაზე მეტი ქულა დააგროვა (16) და პლეი-ოფში საუკეთესო შედეგით გავიდა. პლეი-ოფში, სადაც ზუსტად ერთი წლის შემდეგ ბელარუსის ნაკრებს თბილისში დაუხვდება.

ერთა ლიგამდე იყო მსოფლიოს 2018 წლის შესარჩევი ეტაპი, რომელიც წარუმატებელი გამოდგა. ვაისის გუნდმა 10 მატჩიდან მოუგებლად ჩაამთავრა შესარჩევი ეტაპი - 5 ფრე, 5 წაგება. მართალია, გასულ შესარჩევ ციკლში საქართველოს ნაკრების თამაშის ხარისხი ასე თუ ისე, დადებითად შეფასდა, მაგრამ შედეგებში ეს მაინც არ აისახა. ხსენებული 5 ფრე შემდეგნაირად გადანაწილდა - უელსი (1:1), ავსტრია (1:1), მოლდოვა (1:1, 2:2), ირლანდია (1:1), ხოლო 5 წაგება შემდეგნაირად - ავსტრია (1:2), ირლანდია (0:1), სერბეთი (1:3, 0:1), უელსი (0:1).

საერთოდ, „ჯვაროსნებს“ 2017 წლის 9 ოქტომბრის შემდეგ ოფიციალური თამაში არ წაუგიათ (სერბეთთან). მას შემდეგ „ჯვაროსნებმა“ არაოფიციალურ თამაშებსაც თუ გავითვალისწინებთ, 12 მატჩი ჩაატარეს, საიდანაც 9 მოიგეს, 2-ჯერ ფრეს დასჯერდნენ და ერთადერთხელ დამარცხდნენ.

საქართველოს ნაკრებმა ბოლოს ლუქსემბურგთან (ამხანაგური თამაში), ხოლო ოფიციალური მატჩი სერბეთთან რომ წააგო, უკვე გითხარით. აი, თბილისში ბოლო წაგება 2017 წლის 6 ოქტომბრით თარიღდება (უელსთან 0:1). ერთა ლიგაზე კი ვაისის შეგირდებმა „დინამო არენაზე“ სამივე თამაში მოიგეს. ბოლოს გასული წლის 19 ნოემბერს, ყაზახეთთან (2:1).

ბოლო 10 საშინაო მატჩის სტატისტიკა კი ასეთია (შედის ამხანაგური მატჩებიც): 7 მოგება, 2 ფრე, 1 წაგება. ერთადერთი მარცხი უელსთან, ხოლო ფრეები ირლანდიასთან და ბელარუსთან (ქუთაისში). გამარჯვებები კი სენტ კიტსისა და ნევისის, კვიპროსის (გორში), ლიეტუვას, ესტონეთის, ლატვიის, ანდორისა და ყაზახეთის ნაკრებებთან. ცნობისთვის, ვლადიმირ ვაისის გუნდი შინ უკვე 7 მატჩია დაუმარცხებელია (6 მოგება, 1 ფრე), ხოლო უკანასკნელი 5 მოგებული აქვს.

შვეიცარიის ნაკრები

შვეიცარიის ნაკრების ბოლო 10 მატჩის სტატისტიკა ასეთია: 4 მოგება, 2 ფრე, 4 წაგება. მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზე ვლადიმირ პეტკოვიჩის გუნდმა ჯგუფურ ეტაპზე სერბეთი დაამარცხა (2:1), ბრაზილიასთან (1:1) და კოსტა რიკასთან (2:2) კი ფრეს გამორჩა. შედეგად, მერვედფინალში გავიდა, თუმცა იქ შვედეთთან ერთობ უსახური ფეხბურთი აჩვენა და დამარცხდა (0:1).

მერე იყო ერთა ლიგის გათამაშება, სადაც შვეიცარიელები წარმატებით გამოვიდნენ. ისლანდიას ორჯერ მოუგეს (6:0, 2:1), ბელგიასთან კი ჯერ დამარცხდნენ (1:2), მაგრამ გადამწყვეტი მატჩი შინ 5:2 მოუგეს და პირველ ადგილზე თავად გავიდნენ. შედეგად, ივნისში ერთა ლიგის ოთხთა ფინალში ითამაშებს და ჩემპიონობის შანსიც ექნება. ამავე პერიოდში იყო ორი ამხანაგური მატჩის წაგება. თუ ინგლისთან სტუმრად 0:1 მარცხი საპატიოდ შეგვიძლია ჩავთვალოთ, ყატართან ამავე ანგარიშით მარცხი კონტექსტიდან ამოგლეჯილს ჰგავს.

ერთა ლიგამდე და მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპამდე კი, ბუნებრივია იყო 2018 წლის მუნდიალის შესარჩევი ეტაპი. შვეიცარიის ნაკრებს რუსეთში მოსახვედრად საკმაოდ გრძელი გზის გავლა მოუწია და საბოლოო მიზანს პლეი-ოფში მიაღწია. არადა, ჯგუფურ ეტაპზე ვლადიმირ პეტკოვიჩის გუნდმა ჩინებულად ითამაშა და 10-დან საწყისი 9 მატჩი მოიგო. მათ შორის, კონკურენტ პორტუგალიასთან შინ – 2:0. თუმცა, თავის მხრივ, არც ლუზიტანელებს დაუკარგავთ სხვაგან ქულები და ყველაფერი ბოლო ტურში გადაწყდა. ლისაბონში, ევროპის ჩემპიონებმა 2:0 მოიგეს და ბურთების უკეთესი ბალანსით ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავეს.

შვეიცარიას კი ბედის ძიება პლეი-ოფში მოუხდა, სადაც მეტოქედ ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრები ერგო. ორმატჩიან დუელში ერთადერთი გოლი გავიდა, რომელიც ბელფასტურ დაპირისპირებაში რიკარდო როდრიგესმა პენალტით გაიტანა და შვეიცარია მსოფლიოს ჩემპიონატზე ამ გზით გავიდა.

ბოლოსკენ შვეიცარიელთა საგარეო მატჩებზეც - ბოლოს პეტკოვიჩის გუნდმა სტუმრად 2018 წლის 15 ოქტომბერს ითამაშა და რეიკიავიკში ისლანდია 2:1 დაამარცხა. იქამდე კი, მიჯრით ორი საგარეო თამაში ჰქონდა წაგებული ლესტერში, ინგლისთან (0:1) და ბრიუსელში ბელგიასთან (1:2). კიდევ ურო მანამდე, მუნდიალისთვის სამზადისში ფრე ესპანეთში (1:1) და გამარჯვება საბერძნეთში (1:0). აი, პლეი-ოფში ბელფასტში ჩრდილოეთ ირლანდიის ძლევაზე ზემოთაც გითხარით.

ბოლო 10 საგარეო მატჩის სტატისტიკა (ამხანაგური მატჩებიც შედის) შვეიცარიის სტატისტიკა ასეთია: 6 მოგება, 1 ფრე, 3 წაგება.

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.113453
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X