ფეხბურთი

3:02 | 23.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

"მილანის" მორიგი დამაჯერებელი ნაბიჯი ჩემპიონთა ლიგისკენ

იტალიის სერია A-ს XXV ტური პარასკევს „მილანისა“ და „ემპოლის“ შეხვედრით დაიწყო და როგორც მოსალოდნელი იყო, ჯენარო გატუზოს გუნდმა დაგეგმილი გამარჯვება მოიპოვა.

ბოლო დროს „როსონერი“ ჩინებულ ფორმაშია და ეს არამარტო შედეგებიდან, არამედ თამაშის ხარისხიდანაც ჩანს. მართალია ამჯერზე, „ემპოლი“ საზომად ვერ გამოდგება, რადგან რეალურად მიმდინარე სეზონის ერთ-ერთი ყველაზე სუსტი გუნდია, მაგრამ მაინც.

„მილანმა“ შეხვედრა აქტიურად დაიწყო და მალევე გაიტანა. თუმცა ლუკას პაკეტა თამაშარე მდგომარეობაში იყო და ვიდეორეფერის მეშვეობით გოლი გაუქმდა. საერთოდ, პირველი ტაიმი მეტად მოსაწყენი გამოდგა და საინტერესო თითქმის არაფერი მომხდარა.

სამაგიეროდ, მეორე ნახევრის სტარტი გამოდგა ისეთი „მილანის“ ქომაგები უკეთესს რომ ვერ ინატრებდნენ. ორწუთიან ინტერვალში ლომბარდიული გრანდი ორბურთიანი სხვაობით გავიდა წინ. ჯერ ჰაკან ჩალჰანოღლუს კარგი გადაცემა კრშიშტოფ პიონტეკმა შეირგო და ისე როგორ იქნებოდა, მორიგი გოლი არ მიეთვალა. სხვათა შორის, 1998 წლის (სექტემბერ-ოქტომბერი) შემდეგ პიონტეკი „მილანის“ პირველი ფეხბურთელია, რომელმაც საწყის 4 მატჩში, რომელიც ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო, მოედანი უგოლოდ არ დატოვა (სერია A-ში). ბოლოს მსგავსი მიღწევით გერმანელი ოლივერ ბირჰოფი დაიკვეხნიდა.

თამაშს დავუბრუნდეთ და, მალევე კასტილიეხომ ფრანკ კესიე შეატოვა მეკარეს, რომელმაც ადვილად გაიტანა. შედეგად, მატჩის ბედიც გადაწყდა - „ემპოლის“ არც უნარი და არც ძალა ჰქონდა ვითარების შესაცვლელად. ბოლოს, თავად კასტილიეხომ გაიტანა ანდრეა კონტის პასით - 3:0.

„მილანმა“ 45 ქულა დააგროვა და ამ ტურის მერეც უსათუოდ იქნება ოთხეულში. ეგ კი არა, „ინტერთან“ ჩამორჩენის შემცირების და „რომასთან“ უპირატესობის გაზრდის შანსიც ექნება. ცნობისთვის, ტოსკანელთა სამატჩო განაცხადში არ იყო ლევან მჭედლიძე, რომელიც ტრავმირებულთა შორის ეწერა, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, რამდენად სერიოზულია დაზიანება... ბარემ იმასაც გეტყვით, რომ აღნიშნულ შეხვედრას საპატიო ლოჟიდან ადევნებდა თვალს თბილისის მერი, „მილანის“ ყოფილი ფეხბურთელი კახა კალაძე.

„მილანი“ – „ემპოლი“ 3:0 (0:0)

გოლები: 1:0 პიონტეკი (49), 2:0 კესიე (51), 3:0 კასტილიეხო (67)

თეგებისერია A
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11729