ფეხბურთი

2:38 | 4.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

პიონტეკი და ძანიოლო - ოთხეულისთვის ბრძოლა გრძელდება

იტალიის სერია A-ს XXII ტურის ცენტრალური მატჩი რომში შედგა, სადაც „რომამ“ და „მილანმა“ გაარკვიეს ურთიერთობა. ამ შეხვედრაზე ბევრი რამ იყო დამოკიდებული, ორივე გუნდი უშუალო კონკურენტები არიან ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოსახვედრად.

ჰოდა, რა გასაკვირია, რომ წაგება ნებისმიერისთვის ძალზე უკან გადადგმული ნაბიჯი იქნებოდა. იყო ერთი ნიუანსიც: „რომამ“ შუა კვირაში იტალიის თასზე „ფიორენტინასთან“ სამარცხვინოდ (1:7) წააგო და ბუნებრივია, საკუთარი გულშემატკივრის თვალწინ წაგების უფლება ამის გამოც არ ჰქონდა. უნდა ითქვას, რომ კარგი მატჩი გამოვიდა, დაძაბული საინტერესო, ლამაზი ეპიზოდებით და სახიფათო მომენტებით.

ალბათ, გამარჯვებასთან უფრო ახლოს ეუსებიო დი ფრანჩესკო გუნდი იყო, თუმცა „მილანის“ კარის დარაჯი ჯანლუიჯი დონარუმა ბრწყინვალე ფორმაშია. ყველაფერი რისი მოგერიება შეიძლებოდა და არ შეიძლებოდა, მოიგერია. თუმცა, ერთხელ ვერაფერი გააწყო. მეორე ტაიმის სტარტზე, თანაგუნდელმა მატეო მუსაკიომ ისეთი დაურტყა, თქვენგან მოწონებული და ჯიჯომ იხსნა საკუთარი გუნდი, მაგრამ დამატებაზე იქვე იყო ნიკოლო ძანიოლო, რომელმაც ადვილად გაიტანა. დონარუმა უძლური გახლდათ. და, ძანიოლო? - მან სერია A-ში მესამე გოლი გაიტანა. ამ შედეგით კი, „რომას“ ისტორიაში რიგით მეორე ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელმაც იტალიის მთავარ ლიგაში სამი გოლი გაიტანა (19 წლის ასაკში). რეკორდი ვის ეკუთვნის? გენიალურ ფრანჩესკო ტოტის (18 წლის ასაკში).

ძანიოლოს გოლამდე კი, „მილანი“ იგებდა. კრშიშტოფ პიონტეკი ჩინებულად მოერგო „როსონერის“ და იტალიის თასზე „ნაპოლისთან“ დუბლის შემდეგ სერია A-შიც გამოიჩინა თავი. მაცხენა ფლანგზე ლორენცო პელეგრინის ლუკას პაკეტამ მოპარა ბურთი და კარის გასწვრივ გააკეთა გადაცემა და იქ პოლონელი მცველებს ზურგს უკან ჩასაფრებულიყო. პიონტეკმა დაასწრო ფედერიკო ფაციოს და ანგარიში გახსნა. რომაელთა გამათანაბრებელ გოლზე გითხარით. იყო სხვა მომენტებიც, დონარუმამ არაერთხელ გადაარჩინა „რომამ“, ერთხელ პელეგრინის დარტყმული ძელს მოხვდა, ბოლოს „როსონერისაც“ ჰქონდა კარგი მომენტი, დიეგო ლაქსალტს რობინ ოლსენმა აჯობა. მოკლედ, შეხვედრა 1:1 დასრულდა და გუნდებს შორის ერთქულიანი განსხვავება შენარჩუნდა. „მილანი“ კი ოთხეულში დარჩა.

თუ „მილანს“ ბოლო დროს ასე თუ ისე, აღარ უჭირს, შავ დღეშია „ინტერი“. ძალიან, ძალიან ბევრი უსტვინეს გუნდს და განსაკუთრებით ლუჩანო სპალეტის. „ნერაძური“ შუა კვირაში იტალიის თასიდან გავარდა და ახლა საკუთარ მოედანზე „ბოლონიასთან“ წააგო! იმ „ბოლონიასთან“, რომელსაც 21 მატჩიდან 2 ჰქონდა მხოლოდ მოგებული და რომელიც, წინა ტურში შინ „ფროზინონესთან“ 0:4 განადგურდა...

მიუხედავად ამისა, სანტანდერის პირველ ტაიმში გატანილი გოლი „ნერაძურიმ“ ვერაფრით გაქვითა და უქულოდ დარჩა. საინტერესოა, რომ უშუალოდ სერია A-ს თუ ავიღებთ, „ინტერს“ უკვე სამი ტურია გოლი არ გაუტანია. ჯერჯერობით, მილანური გრანდი მესამე ადგილს ინარჩუნებს, მაგრამ „ნაპოლი“ მისთვის პრაქტიკულად მიუწვდომელი გახდა, ხოლო უკნიდან ნელ-ნელა თანაქალაქელი „მილანი“ უახლოვდება.

ტურის სხვა მატჩებს რაც შეეხება, ფრეებით გამოირჩა. „უდინეზემ“ და „ფიორენტინამ“, „ჯენოამ“ და „სასუოლომ“ ერთმანეთს თითოჯერ გაუტანეს, ხოლო „სპალი“ - „ტორინო“ საერთოდ უგოლოდ დასრულდა.

სამაგიეროდ, არ დასრულებულა 22-ე ტური. ორშაბათს, ორი მატჩია: „ფროზინონე“ – „ლაციო“ და „კალიარი“ – „ატალანტა“.

„სპალი“ – „ტორინო“ 0:0 (0:0)

„ჯენოა“ – „სასუოლო“ 1:1 (1:1)

გოლები: 0:1 ჯურიჩიჩი (28), 1:1 სანაბრია (41)

„უდინეზე“ – „ფიორენტინა“ 1:1 (0:0)

გოლები: 1:0 ლარსენი (56), 1:1 ფერნანდესი (65)

„ინტერი“ – „ბოლონია“ 0:1 (0:1)

გოლები: 0:1 სანტანდერი (32)

„რომა“ – „მილანი“ 1:1 (0:1)

გოლები: 0:1 პიონტეკი (26), 1:1 ძანიოლო (46)

თეგებისერია A
0.254868