ფეხბურთი

22:00 | 13.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

ლეგენდების თასი 2019 თურქეთმა მოიგო!

დავით პეტრიაშვილის სახელობის ზამთრის თასი 2019-ის ლეგენდების გათამაშება თურქეთის ვეტერან ფეხბურთელთა გუნდის გამარჯვებით დასრულდა. ფინალურ შეხვედრაში თურქები ესპანეთს დაუპირისპირდნენ და დაძაბულ შეხვედრაში, მინიმალური სხვაობით - 2:1 დაამარცხეს მეტოქე.

ანგარიში სწრაფი გოლით გაიხსნა, მე-2 წუთზე მეტოქის კარი ჯიჰან ჰასპოლატლიმ აიღო. შეხვედრა თურქების შეტევებით გაგრძელდა და მე-13 წუთზე ვოლკან არსლანის გატანილი გოლით მათი უპირატესობა ორ ბურთამდე გაიზარდა. მატჩის მიწურულს შედეგი ესპანელთა შეტევებმაც გამოიღო და 21-ე წუთზე სხვაობა ვინსენტ ენგონგამ შეამცირა. შეხვედრის დასრულებამდე ესპანელებმა კიდევ უფრო აქტიურად შეუტიეს, მაგრამ რამდენიმე მცდელობის მიუხედავად ანგარიში ვერ შეცვალეს და ზამთრის თასი 2019-ზე მეორე ადგილს დასჯერდნენ.

ესპანეთი 1:2 თურქეთი

გოლები: 0:1 ჰასპოლატლი (2), 0:2 არსლანი (13), 1:2 ენგონგა (21)

ფინალამდე თბილისის ოლიმპიურ სასახლეში მესამე ადგილისთვის ერთმანეთს საქართველოსა და უკრაინის ვეტერან ფეხბურთელთა გუნდები დაუპირისპირდნენ. ტურნირის რეგლამენტიდან გამომდინარე მესამე ადგილოსნის გამოსვალენად გუნდებმა პენალტების სერია შეასრულეს. ქართველმა ვეტერანებმა დარტყმები უკეთ შეასრულეს და მეტოქე ანგარიშით 4:2 დაამარცხეს. გასული ორი გათამაშების გამარჯვებული, საქართველოს ნაკრების ზამთრის თასის 2019 წლის გათამაშებაში მესამე ადგილიზე გავიდა.

ფინალური შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობამ და დავით პეტრიაშვილის მეუღლემ, ლიკა იოსელიანმა გუნდებსა და ტურნირის გამორჩეულ მოთამაშეებს კუთვნილი პრიზები გადასცეს. ლეგენდების თასი 2019-ის ბომბარდირი 9 გატანილი გოლით, საქართველოს ნაკრების კაპიტანი კახი კალაძე გახდა. ტურნირის საუკეთესო მოთამაშეთ თურქეთის ვეტერან ფეხბურთელთა გუნდის შემტევი, ჰასან კაბზე დასახელდა, საუკეთესო მეკარედ კი, გიორგი ლომაია. მაყურებლის სიმპათიის ჯილდო ფიფას ლეგენდების გუნდის ხორვატ ფეხბურთელს, ივიცა ოლიჩს გადაეცა. უეფას გუნდს კი, ტურნირის ორგანიზატორებმა საპატიო ჯილდო გადასცეს.

ლეგენდების თასი 2019-ის ბომბარდირი - კახი კალაძე (9 გოლი)

ლეგენდების თასი 2019-ის საუკეთესო მეკარე - გიორგი ლომაია

ლეგენდების თასი 2019-ის საუკეთესო ფეხბურთელი - ჰასან კაბზე

www.gff.ge

0.168216