ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ იგივე ტოჩინოშინმა 2019 წლის პირველი სუპერტურნირისთვის მზადების ციკლში მორიგი სპარინგ-მატჩები ჩაატარა.
31 წლის ტოჩინოშინმა, რომელიც დასავლეთის მე-2 ოძეკის წოდებას ინარჩუნებს, კასუგანოს სკოლაში დამაჯერებლად აჯობა კომუსუბებს – მიტაკეუმისა (7:0) და მიოგირიუს (5:0), აღმოსავლეთის მე-11 მაეგაშირა სადანოუმის კი 2:0 სძლია.
სამაგიეროდ, ქართველმა გოლიათმა ვერაფერი მოუხერხა იაპონელ გოეიდოს. ტოჩინოშინი 32 წლის ოსაკელ სუმოისტს, რომელიც ჩვენებურის დარად დასავლეთის მე-2 ოძეკია, 6-ჯერ გაეჯიბრა და ყველა ორთაბრძოლა წააგო.
შეგახსენებთ, რომ მოახლოებული ჰაცუ ბაშო 13-27 იანვარს სუმოს მექად წოდებულ ტოკიოს “რიოგოკუ კოკუგიკანში” ჩატარდება.