ბლოგი

13:42 | 23.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

ჩაფლავებული “მოუ“ და გახარებული ქომაგები

იშვიათია შემთხვევა , როდესაც მტერ-მოყვარე გუნდიდან მწვრთნელის გაშვების აუცილებლობაზე თანხმდება. ასეთი იშვიათობა ამ რამდენიმე დღის წინ მოხდა, როდესაც საერთო კონსესუსს ინგლისური “მანჩესტერ იუნაიტედის“ ხელმძღვანელობაც აჰყვა და გუნდის პორტუგალიელი მწვრთნელი, ჟოზე მოურინიო დაკავებული თანამდებობიდან მიაბრძანეს. ეს მოხდა იმის მიუხედავად, რომ კონტრაქტის ნაადრევად შეწყვეტის გამო კლუბს გვარიანი საკომპენსაციო თანხის გადასხდა მოუწია. ერთი სიტყვით, “მანიუს“ ხელმომჭირნე ბოსებს დიდი ჯარიმის გადახდა ერჩიათ ქომაგების გადამტერებას, რისი ნიშნებიც კარგა ხანია არსებობდა.

მოდით ნუ დავიწყებთ იმაზე მსჯელობას, თუ რა ვერ მოასწრო უჟმურმა პორტუგალიელმა და რა ვერ დასცალდა. როდესაც საერთო კონსესუსია, საფეხბურთო კლუბის მწვრთნელები კი არა, უინსტონ ჩერჩილისთანა გმირებიც კი ტოვებენ პოსტებს და ეს მიუხედავად იმისა, რა შეიძლება მოჰყვეს ამ წასვლას. წასვლა ყოველთვის ერთგვარი დარდის გამჩენია. მით უმეტეს, როდესაც დიდი ავტორიტეტი ხელმოცარული მიდის.

როდესაც ნახევრად დაშლილი და აბურდული გუნდით ევროპის რანგით მეორე საკლუბო ტურნირს - ევროპის ლიგას იგებ, შეიძლება სულაც არ ჩაგთვალონ ხელმოცარულად, მაგრამ ჩვენ ვსაუბრობთ სეუ ჟოზეზე -კაცზე, რომელიც მთელი ცხოვრება მსოფლიოს დუელში იწვევს და მუდამ დიად მიზნებს ებღაუჭება. დიად მიზნებთან კი ევროპის ლიგის მოგებაც კი არა აფერია, თუნდაც ეს გამარჯვება პრემიერლიგაში არნახულად გაზრდილი კონკურენციის ფონზე იყოს მიღწეული.

რა მოხდა პრემიერლიგაში ბოლო წლებში? აქ სამკითხაო და მეტადრე გამოსარკვევი ბევრი არაფერია. თითქოს პირი შეკრესო და ერთ ჟამს გაძლიერდა პრემიერლიგის ყველა გრანდი თუ ნახევრადგრანდი დაწყებული “მანჩესტერ სიტით“ და დამთავრებული “ტოტენჰემით“. ამ ბოლო სეზონზე თვალში ბეჩავმა “არსენალმაც“ კი გამოიხედა რომ აღარაფერი ვთქვათ უკვე მეორე სეზონია დიდებულად მოასპარეზე “ლივერპულზე“ და ტრადიციულად ვერაგ და მძლავრ “ჩელსიზე. ასე დროს ჟოზეს ნახაზები, გუნდში ვარკვლავთა მიჭირხვნა და მბრძანებლობა რთულია შედეგის მომტანი ყოფილიყო, რადგან ჟოზეს უნარებსაც უდევს ზღვარი. მით უმეტეს, როდესაც საკუთარი კლუბის ქომაგებსაც კი სისხლხორცეულად სძულხარ და ლამის დღეებს ითვლიან, თუ როდის მიგითითებენ კარისკენ. ზოგადად ასეთი კაცია “მოუ“ და მან ყველაზე უკეთ იცის, რომ წარუმატებლობას სხვას ვერავის დააბრალებს, რადგან ამის საბაბი თავად არ მიუცია არავისთვის. არადა, კაცმა რომ თქვას ყველაფერი შეიძლება აიხსნას და განიმარტოს. თვით ისიც კი, რომ ჟოზეს ხელში “ალისფერი ეშმაკები“ დაცვიდან მოთამაშე უცნაურზე უცნაური გუნდი გახდა. პრინციპში მოურინიოს ყველა გუნდი ასეთი არ იყო?!

ჟოზეს ბედისწერა ჟოზესავე ხელითაა ნაჭედი და მომავალში სადაც კი არ უნდა მივიდეს, უკვე აღარავის გვიკვირს მისი კონფლიქტები გუნდის ლიდერებთან და კლუბის დირექორატთან. ამ კაცის ხასიათში არ დევს მშვიდი თანაცხოვრება და იგი მაშინ გრძნობს თავს ბუნებრივად, როდესაც ირგვლის მტრებითაა გარშემორტყმული. ასე იყო ყველგან გარდა ერთი კლუბისა, რომელსაც სახელად მილანის “ინტერი“ ქვია და სადაც უჟმურ პორტუგალიელს მუდამ დაფა-ზურნით დახვდებიან. “ინტერის“ ტიფოზებისთვის, ჩემპიონთა ლიგის მომგები სეუ ჟოზე დღემდე გმირია და ალბათ მუდამ ასეთად დარჩება. სხვებისა კი რა მოგახსენოთ...

0.114145