ფეხბურთი

2:33 | 16.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

გაკვეთილი!

მესმის, რომ საქართველოს ნაკრებს ერთა ლიგის D დივიზიონის A ჯგუფში პირველი ადგილი დაბევებული აქვს. მესმის, რომ თანამედროვე ფეხბურთში სუსტი მეტოქე არ არსებობს და მეტწილად, სანაკრებო ფეხბურთში დონე ასე თუ ისე, გათანაბრებულია. მესმის, რომ ყველა თამაშს არათუ საქართველოს ნაკრები, მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი საფრანგეთი ვერ ჩაატარებს ერთ დონეზე და ყველას ვერ დაამარცხებს. ძალიან კარგად მესმის ისიც, რომ საქართველოს ნაკრებს ტრავმების გამო მთელი რიგი მნიშვნელოვანი ფეხბურთელები აკლდა. მესმის, რომ ზოგჯერ (შემადგენლობის მხრივ) ექსპერიმენტებიც საჭიროა. ისიც მესმის, რომ ამ შემადგენლობით, მეტწილად დაცვის ხაზში ნაკრებმა პირველად ითამაშა (თუმცა, ეს ვაისის გადაწყვეტილება და არჩევანი იყო). ძალიან კარგად მესმის...

არ მინდა, ჩასაფრებულის პოზიციდაან გამომივიდეს, არც ის მინდა, რომ ძალიან კრიტიკული ვიყო. ამიტომ, აქედანვე აღვნიშნავ, რომ პირადად მე მომწონს ვლადიმირ ვაისის გაწეული სამუშაო და აქამდეც არაერთხელ დამიფიქსირებია ეს პოზიცია. ბუნებრივია, ერთი ვერმოგებული მატჩი ამ შეხედულებას არ შემაცვლევინებს. თუმცა, ზოგჯერ საჭიროა სათქმელი ხმამაღლა ითქვას.

საქართველოს ნაკრებისთვის ანდორასთან გამარჯვება პრესტიჟის საქმე იყო. საქართველოს ნაკრებს ეს სამი ქულა ძალიან, სასიცოცხლოდ სჭირდებოდა, რადგან დივიზიონში საუკეთესო შედეგია დასაფიქსირებელი, რაც ჩვეულებრივ საკვალიფიკაციო ატპის წილისყრისას მეოთხე კალათაში მოხვედრის საფუძველი იქნება. ახლა, საკითხი ასე დგას: ყაზახეთთან მხოლოდ და მხოლოდ გამარჯვება მოგვიტანს დანარჩენ 15 ნაკრებზე უკეთეს შედეგს (დიდი შანსია იმისა, რომ მაკედონიამ ჯგუფური ეტაპი 15 ქულით დაასრულოს).

საქართველოს ნაკრებმა ანდორასთან ფეხბურთი ვერ ითამაშა. ეს არ იყო ფეხბურთი და ბევრი ვიფიქრე რა იყო, მაგრამ, მაინც ვერ გავიგე. ვლადიმირ ვაისის გუნდმა თამაში აქტიურად, აგრესიულად დაიწყო და შედეგსაც მიაღწია. კარგი იყო ოთარ კაკაბაძის ფლანგური გადაცემა, რასაც მასპინძელ მცველთა ჩავარდნა მოჰყვა და გიორგი ჩაკვეტაძემაც დროულად ჩაკეტა შორეული ძელი.

საერთოდ, ჩაკვეტაძე ძალიან დიდი ზეწოლის ქვეშაა და ეს საგანგაშოა. 19 წლის ფეხბურთელს, რომ უდიდესი ტალანტი გააჩნია, ფაქტია და ამაზე არც არავინ დაობს. უბრალოდ, საგანგაშოა ის, რომ მის გარდა ეროვნულ ნაკრებში არ აღმოჩნდა ფეხბურთელი, რომელიც თამაშს საკუთარ თავზე აიღებდა. გიორგიც ანდორელმა მცველებმა ფეხებში ხშირი ჩარტყმით და სხვა და სხვა ბინძური თუ სუფთა ხერხით მეტწილად გაანეიტრალეს. სხვა ტაქტიკა და ფარული იარაღი ვაისის გუნდს უბრალოდ არ ჰქონია. საქართველოს ნაკრებმა 500-ზე მეტი პასი გააკეთა (87% სიზუსტით), მაშინ, როდესაც ანდორამ ოდენ 100-ზე მეტი გადაცემა და მხოლოდ 52%-იანი სიზუსტით გააკეთა. თუმცა, შედეგში ეს არ ასახულა. რატომ? ალბათ იმიტომ, რომ საქართველოს ნაკრები პასებს ძალზე დაბალ ტემპში და კრეატიულობის გარეშე აკეთებდა.

ბევრი ხარვეზი იყო, როგორც მოედანზე, ისე მის მიღმა. ვაისმა დააგვიანა ცვლილებები თანაც, ძალიან. პირველი შეცვლა 78-ე წუთზე ვიხილეთ და ეს უკვე დაგვიანებული სვლა იყო. გოლიც არაფრისგან გავუშვით. სტანდარტიდან, უთამაშებელი, უგუნდო გიორგი ლორია შეცდა პოზიცირად და ბურთი თავზე გადააფრინდა, ზურგს უკან კარის ბადეში ჩაეშვა. სტანდარტულები ვახსენეთ და ბარემ, ესეც ვთქვათ: თანამედროვე ფეხბურთში ეს კომპონენტი უმნიშვნელოვანესია. ალბათ, მთავარიც. მაგალითად, მსოფლიოს ჩემპიონატზე გოლების თითქმის ნახევარი სწორედ სტანდარტული სიტუაციიდან გავიდა და ამასთან, როდესაც კომბინაციური თამაში არ მიგდის, ეს მისწრებაა.

საუბედუროდ, საქართველოს ნაკრებისთვის უკვე წლებია (ეს არ ეხება მხოლოდ ვაისის ფორმაციის ნაკრებს) აქილევსის ქუსლია. ანდორასთან 8 კუთხური ჩავაწოდეთ, რამდენიმე სახიფათო ჯარიმაც შევასრულეთ, აი, ისეთი, რომ იტყვიან, კუთხურს სჯობიაო... შედეგი? - ნული! არათუ ხიფათი, არათუ საგოლე მომენტთან მიახლოებული ეპიზოდი, არამედ კარში დარტყმაც არ მოჰყოლია ჩვენს სტანდარტულებს. რატომ? პასუხი ალბათ, მხოლოდ სამწვრთნელო შტაბმა და ფეხბურთელებმა იციან...

ბევრი რამ მესმის. ისიც, რომ შესაძლებელია ანდორა ვერ დავამარცხოთ, როცა სატურნირო მოტივაცია მკვდარია, მაგრამ ასეთ უფერულ თამაშს ძნელია ახსნა მოუძებნო. ფაქტია, ეს იყო ვლადიმირ ვაისის საქართველოს ნაკრებში მოღვაწეობის პერიოდში ყველაზე ცუდი მატჩი. ყოველშემთხვევაში უკანასკნელ 10-15 თამაშს თუ გავიხსენებთ, ნამდვილად ასეა.

განვლილმა 90 წუთმა ბევრი ხარვეზი გამოიტანა სააშკარაოზე, რომელსაც მუშაობა და გამოსწორება სჭირდება, თანაც, რაც შეიძლება მალე. სხვანაირად არ გამოვა, სხვანაირად ევროპის ჩემპიონატი შორს იქნება. თუნდაც ყველაზე სუსტი დივიზიონიდან. ნათელია, ძალების დაზოგვით თანამედროვე ფეხბურთში ვერავის დაამარცხებ. შესაძლოა, დროული ალიყურიც იყო. შესაძლოა, საჭირო ცივი შხაპიც გამოდგეს და ნაკრები ახლა უფრო გამოფხიზლდეს. და კიდევ, იმედია, ეს იქნება გამონაკლისი და რაც მთავარია, ეს იქნება გაკვეთილი, რომელსაც ვისწავლით და რომელსაც შემდეგ ჯერზე კარგად ჩავაბარებთ.

შემდეგი ჯერი კი, ოთხ დღეშია, თბილისში, 19 ნოემბერს, ყაზახეთის ნაკრებთან...

ანდორა - საქართველო 1:1 (0:1)

ანდორა, „ესტადი ნასიონალი“

ანდორა (4-4-2): გომესი; ხესუს რუბიო, ლიმა, სან ნიკოლასი; მარტინესი, ვალესი, რებესი, სერვოსი (ჟორდი რუბიო 88); ფერნანდესი (როდრიგესი 81), მარტინესი (გარსია 90)

მწვრთნელი: კოლდო ალვარესი

საქართველო (4-2-3-1): ლორია; კაკაბაძე, ხოჭოლავა, ტაბიძე, ნავალოვსკი; კვეკვესკირი, გვილია (ზარანდია 87); ყაზაიშვილი, კიტეიშვილი (ჭანტურიშვილი 78), ჩაკვეტაძე; არაბული (კაჭარავა 78)

მწვრთნელი: ვლადიმირ ვაისი

გოლები: 0:1 ჩაკვეტაძე (9), 1:1 მარტინესი (63)

გაფრთხილება: მარტინესი (69), ფერნანდესი (71), რებესი (79), ხესუს რუბიო (90) - კაკაბაძე (62)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 5 (1) – 8 (2) ბურთის ფლობა: 30%-70% კუთხურები: 1:8 თამაშგარე: 1:2

მსაჯი: რადუ პეტრესკუ (რუმინეთი)

0.154117