ავტოსპორტი

3:10 | 11.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

ჰამილტონმა „მერსედესს“ მე-100 პოული მოუპოვა

ლუის ჰამილტონმა მსოფლიო ჩემპიონის მეხუთე ტიტული მექსიკაში გაინაღდა, თუმცა ბრაზილიაშიც ბრძოლის ხასიათზეა, რადგან მის „მერსედესს“ გუნდურ ჩემპიონატში თავისი ტიტული ჯერ არ მოუპოვებია. ბრიტანელმა მრბოლმა ინტერლაგუშზეც ყველაზე სწრაფი წრე შეასრულა და ამ სეზონში მე-10, კარიერაში კი 82-ე პოულ პოზიცია დაისაკუთრა.

ჰამილტონმ თავისი საუკეთესო წრე წუთსა და 07.281 წამში გაიარა, რაც სან პაულუს კარლოს პაჩეს სახელობის ტრეკის რეკორდია და წამზე მეტით სჯობნის შარშანდელი პოულის (ვალტერი ბოტასი) დროს. მან 0.093 წამით აჯობა სებასტიან ფეტელს, რომელიც სტარტზე გვერდში დაუდგება. მესამე შედეგს ბოტასი დასჯერდა, რომელიც გამარჯვებულ თანაგუნდელს 0.160 წამით ჩამორჩა.

„ძალიან რთული კვალიფიკაცია იყო. ამინდი ხშირად იცვლებოდა. „ფერარი“ ამ კვირაში ძალიან სწრაფია. რბოლის ბოლოს არც ვიცოდი, შევძელი თუ არა პოულის აღება. ბოლო წრე არ იყო უნაკლო. რამდენიმე ადგილას, მანქანას არასაკმარისი მოხვევადობა ჰქონდა“, - განაცხადა ჰამილტონმა, ვისაც ჩაფხუტი აირტონ სენას სტილში ჰქონდა გაფორმებული.

ჰამილტონი კვალიფიკაციის მეორე ნაწილში სერიოზულ ინციდენტს გადაურჩა, როცა ნალა მავალს, უკნიდან მაღალი სიჩქარით მოძრავი რუსი სერგეი სიროტკინი ლამის შეასკდა. ბრიტანელმა ბოლო მომენტში შეძლო მანქანის გარიდება. ეს რომ არა, რუსს ფრენის გაკვეთილი, სავარაუდო მძიმე შედეგებით არ ასცდებოდა.

ინციდენტები კიმი რაიკონენსაც და სებასტიან ფეტელსაც ჰქონდათ. ფინელი ჰამილტონის მსგავს სიტუაციაში აღმოჩნდა, ფეტელი კი შუა რბოლისას, ბოქსში აწონვაზე გამოიძახეს. ამ დროს, წვიმის დაწყება იყო მოსალოდნელი და „ფერარის“ პილოტი ჩქარობდა, რომ კიდევ ერთი სწრაფი წრე მშრალზე მოესწრო. აწონვისას მას ძრავი არ გამოურთავს (წესი ამას მოითხოვდა, რადგან მომუშავე ძრავის ვიბრაცია, ზუსტად აწონვის საშუალებას არ იძლევა) და პროცედურის შემდეგ, არ დაელოდა, როდის ჩამოაგორებდნენ სასწორიდან, თავისი სვლით დატოვა ის და სასწორის გატეხვაც კი „მოახერხა“. ამისთვის გერმანელი ნარბოლევს გააფრთხილეს და ფულადი ჯარიმაც (25 000 ევრო) გამოუწერეს.

ბრაზილიის დიდი პრიზი

კვალიფიკაცია

  1. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 1:07.281
  2. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ფერარი) 1:07.374
  3. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, მერსედესი) 1:07.441
  4. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი) 1:07.456
  5. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, რედ ბული) 1:07.778
  6. მარკუს ერიკსონი (შვედეთი, ზაუბერი) 1:08.296
  7. შარლ ლეკლერი (მონაკო, ზაუბერი) 1:08.492
  8. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ჰაასი) 1:08.517
  9. პიერ გასლი (საფრანგეთი, ტორო როსო) 1:09.029
  10. კევინ მაგნუსენი (დანია, ჰაასი) 1:08.659
  11. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, რედ ბული) 1:07.780
  12. სერხიო პერესი (მექსიკა, ფორს ინდია) 1:08.741
  13. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, რენო) 1:08.834
  14. სერგეი სიროტკინი (რუსეთი, უილიამსი) 1:10.381
  15. კარლოს საინსი (ესპანეთი, რენო) 1:09.269
  16. ბრენდონ ჰარტლი (ახ.ზელანდია, ტორო როსო) 1:09.280
  17. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, მაკლარენი) 1:09.402
  18. ესტებან ოკონი (საფრანგეთი, ფორს ინდია) 1:08.770
  19. ლანს სტროლი (კანადა, უილიამსი) 1:09.441
  20. სტოფელ ვანდოორნი (ბელგია, მაკლარენი) 1:09.601
0.143879