ფეხბურთი

3:20 | 9.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ნაკრები - პირველი ვარჯიში და პირველი კომენტარები

საქართველოს ეროვნული ნაკრები შეიკრიბა და პირველი საწვრთნელი პროცესიც გაიმართა. არასრული შემადგენლობით, ვლადიმირ ვაისის განკარგულებაში მხოლოდ 15 ფეხბურთელი გახლდათ, ხოლო დანარჩენები გუნდს დღეს შეუერთდებიან, რადგან კლუბებში კვირას ჩაატარეს თამაშები.

პირველი ვარჯიშის დასრულების შემდეგ კი, "ჯვაროსნების" წევრებმა სფფ-ის პრესსამსახურთან კომენტარი გააკეთეს და მომავალი მატჩების მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი:

ნიკა კვეკვესკირი: "ერთა ლიგაზე ჩვენი გუნდის პირველი ნაბიჯები ნამდვილად წარმატებული გამოდგა. მაქსიმუმს მივაღწიეთ, ორ თამაშში ექვსი ქულა ავიღეთ და გოლი არ გავუშვით. ჩემი აზრით, ნაკრები გაიზარდა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ისწავლა იმ თამაშების მოგება, რომელშიც ფავორიტად ითვლება. ქართველი გულშემატკივარი ერთა ლიგის ყველა თამაშში გამარჯვებას ითხოვს, მითუმეტეს ისეთი დებიუტის შემდეგ, როგორიც გვქონდა. ამ ყველაფრიდან გამომდინარე ყველა მოტივირებული ვართ".

ვაკო გვილია: "ყველამ კარგად ვიცით, როგორ უყვართ ფეხბურთი საქართველოში, გულშემატკივრის ტრიბუნაზე დაბრუნება და სიყვარული ყველაზე მნიშვნელოვანია. გუნდი ამას გრძნობს და ჩვენ სწორედ ამისთვის ვთამაშობთ. რა თქმა უნდა, შემდეგი მატჩები როგორც ჩვენთვის ისე ხალხისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ერთა ლიგა კარგად დავიწყეთ, მაგრამ ამან არ უნდა მოგვადუნოს, პირიქით მეტი პასუხისმგებლობითა და კონცენტრაციით უნდა მოვეკიდოთ მომავალ შეხვედრებს".

ოთარ კაკაბაძე: "წინ გადამწყვეტი ორი თამაში გველის. რაც ძალიან მნიშვნელოვანია, გუნდი თვითდაჯერებულია და ეს გასულ თამაშებში ნაჩვენები კარგი შედეგითაა გამოწვეული. ვთვლი, რომ იმ ქართველ გულშემატკივართან ერთად, რომელიც მრავლად იქნება სტადიონზე, შევძლებთ გამარჯვებას".

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები ერთა ლიგაზე 13 და 16 ოქტომბერს, შესაბამისად, ანდორისა და ლატვიის ნაკრებებს დაუპირისპირდება.

0.121642