ავტოსპორტი

18:05 | 6.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

ჰამილტონმა მე-80 პოული იაპონიაში მოიპოვა

ლუის ჰამილტონი უკვე შეუჩერებელია - მას ვეღარც „ფერარის“ და სებასტიან ფეტელის ტანდემი აჩერებს, ვერც წვიმა და ალბათ სასწაული თუ შეუშლის ხელს მეხუთე ტიტულის მოპოვებაში. ბრიტანლიც და მისი „მერსედესიც“ საუკეთესო ფორმაში არიან, რაც იაპონიის სუზუკაზე მოპოვებული პოულ პოზიციით დაადასტურა. და ეს იმ დროს, როცა ფეტელმა, საკუთარი და გუნდის შეცდომების გამო, მხოლოდ მეცხრე დრო მოახერხა.

ჰამილტონი პრაქტიკებზეც დომინირებდა და კვალიფიკაციაშიც ბადალი არ ჰყავდა. საუკეთესო წრე მან წუთსა და 27.760 წამში გაიარა და 0.299 წამით აჯობა თავის თანაგუნდელ ვალტერი ბოტასს. ამან კი თითქმის წამით ჩამოიტოვა მესამე შედეგის მქონე მაქს ფერსტაპენი.

„ფერარის“ პილოტებს ცუდი სამსახური გაუწია წვიმამ, რომელიც კვალიფიკაციის მესამე ნაწილში წამოვიდა და ტრასა ოდნავ დაასველა. ამის გამო, გუნდმა ორივე მანქანა საშუალო წვიმის საბურავებზე დააყენა. მალე გაირკვა, რომ ეს შეცდმა იყო. ფეტელმაც და კიმი რაიკონენმაც სასწრაფოდ მიაშურეს ბოქსებს. მაგრამ ამის მერეც, ფეტელმა შეცდომა დაუშვა და საბოლოოდ, მხოლოდ სერხიო პერესის ჯობნაღა შეძლო. რაიკონენი მეოთხე შედეგს დასჯერდა. „ფერარისგან“ განსხვავებით, „მერსედესმა“ ორივე მრბოლი ტრასაზე მაშინვე გამოუშვა, როგორც კი კვალიფიკაციის მესამე ნაწილი დაიწყო.

ფეტელზე მეტად არ გაუმართლა დანიელ რიკარდოს, ვინც ძრავის გამო, კვალიფიკაციის მეორე ნაწილში, სწრაფი წრის გავლა და დროის დაფიქსირებაც კი ვერ მოახერხა.

სამაგიეროდ, სიურპრიზი შემოგვთავაზეს „რედ ბულის“ მეორე გუნდის, „ტორო როსოს“ პილოტებმა, რომლებმაც კვალიფიკაციის მესამე ნწილში ასპარეზობის უფლებაც მოიპოვეს და არც იქ შეურცხვენიათ თავი. ამასთან, ბრენდონ ჰარტლიმ მეექვსე დრო დააფიქსირა, რაც მისთვის ფ1-ის კარიერაში საუკეთესო შედეგია.

კვლავ ცუდ დღეშია „მაკლარენი“, რომლის ორივე პილოტიც, კვალიფიკაციის პირველივე ნაწილის შემდეგ გამოეთიშა რბოლას.

იაპონიის დიდი პრიზი

კვალიფიკაცია

  1. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 1:27.760
  2. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, მერსედესი) 1:28.059
  3. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, რედ ბული) 1:29.057
  4. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი) 1:29.521
  5. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ჰაასი) 1:29.761
  6. ბრენდონ ჰარტლი (ახ.ზელანდია, ტორო როსო) 1:30.023
  7. პიერ გასლი (საფრანგეთი, ტორო როსო) 1:30.093
  8. ესტებან ოკონი (საფრანგეთი,ფორს ინდია) 1:30.126
  9. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ფერარი) 1:32.192
  10. სერხიო პერესი (მექსიკა, ფორს ინდია) 1:37.229
  11. შარლ ლეკლერი (მონაკო, ზაუბერი) 1:29.864
  12. კევინ მაგნუსენი (დანია, ჰაასი) 1'30.226
  13. კარლოს საინსი (ესპანეთი, რენო) 1:30.490
  14. ლანს სტროლი (კანადა, უილიამსი) 1:30.714
  15. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, რედ ბული) დროის გარეშე
  16. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, რენო) 1:30.361
  17. სერგეი სიროტკინი (რუსეთი, უილიამსი) 1:30.372
  18. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, მაკლარენი) 1:30.573
  19. სტოფელ ვანდოორნი (ბელგია, მაკლარენი) 1:31.041
  20. მარკუს ერიკსონი (შვედეთი, ზაუბერი) 1:31.213
0.117217