ფეხბურთი

2:02 | 1.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

პიონტეკი - რეკორდსმენი დებიუტანტი

იტალიური "ჯენოას" თავდამსხმელ კრიშტოფ პიონტეკზე რამდენიმე დღის წინაც ვწერდით, მაგრამ ეს ფეხბურთელი ისე თამაშობს, სხვა გზას არ გვიტოვებს, ისევ უნდა დავწეროთ. თუმცა, სანამ მორიგ რეკორდზე გიამბობდეთ, მანამდე ერთი განმარტება:

23 წლის ფეხბურთელის გვარი იწერება, როგორც პიატეკი (Piatek), მაგრამ პოლონურად გამოითქმის, როგორც - პიონტეკი. შესაბამისად, ჩვენც ასე უნდა მოვიხსენიოთ.

ჰოდა, პოლონელმა ფორვარდმა რა გასაკვირია, რომ მოედანი უგოლოდ არც სერია A-ს მეშვიდე ტურში დატოვა. "ფროზინონესთან" სამწუთიან ინტერვალში დუბლი შეასრულა და ბომბარდირთა დავაში ლიდერობა განიმტკიცა - 6 თამაში, 8 გოლი! საინტერესოა, რომ იტალიის ჩემპიონატში 1949-1950 წლების სეზონის შემდეგ დებიუტანტ ფეხბურთელს საწყის 6 მატჩში 8 გოლი არ გაუტანია. ბოლოს იგივე კარლ ააგე ჰანსენმა გააკეთა.

რა დრო გავიდა მას შემდეგ და რა დონის ფეხბურთელებს ჰქონიათ სადებიუტო სეზონი სერია A-ში, ამაზე აღარ შევჩერდებით, ისედაც ყველაფერი ნათელია. მოკლედ, პიონტეკს ისეთი შედეგი აქვს, ერთი წლის წინ ალბათ, რომ ვერ იოცნებებდა, როდესაც "კრაკოვიას" რიგებში ირჯებოდა.

სხვათა შორის, გოლი ყველა ოფიციალურ თამაშში გაიტანა "ჯენოას" მაისურით, რომელიც ჩაატარა, ხოლო ჩემპიონატში გატანილ 8 გოლს, იტალიის თასზე, "ლეჩესთან" შესრულებული პოკერიც(!) უნდა დავუმატოთ...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113517