ფეხბურთი

2:45 | 30.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

ლა ლიგა: „ელ დერბი მადრილენიო“ მშრალი ზავით დასრულდა

ლა ლიგის მეექვსე ტურის ცენტრალური დაპირისპირება „სანტიაგო ბერნაბეუზე“ შედგა, სადაც „რეალი“ თანაქალაქელ „ატლეტიკოს“ დაუხვდა და „ვანდა მეტროპოლიტანოზე“ ქულა გაატანა.

როგორც ამ გუნდების დაპირისპირებებს ეკადრება, ეს მატჩიც ძალიან დაძაბული გამოდგა, თუმცა სანახაობრივი მხარე აშკარად უკეთესის სურვილს ტოვებდა.

მომენტები ორივე გუნდს ჰქონდა, თუმცა ბევრი ნამდვილად არა. პირველ ტაიმში „ატლეტიკოს“ ორჯერ შეეძლო გატანა: ანტუან გრიზმანი მეკარესთან პირისპირ დარჩა, თუმცა კარგად ვერ დაარტყა და ტიბო კურტუას სახეში გაარტყა ბურთი, დიეგო კოშტას კი ბელგიელმა კიპერმა მახვილი კუთხიდან არ გაატანინა. მასპინძელთაგან მიზანთან ახლოს ბეილი იყო, რომელმაც ოდნავ ააცილა.

მეორე ნახევარში ერთადერთი 100%-იანი საგოლე შანსი მარკო ასენსიოს ჰქონდა, რომელიც ობლაკთან პირისპირ დარჩა, თუმცა სლოვენიელ მეკარეს ვერ აჯობა. თამაშის სურათიდან გამომდინარე ტაბლოზე დაფიქსირებული შედეგი ნამდვილად ლოგიკური გახლდათ - 0:0.

ზედიზედ მესამე მატჩი ვერ მოიგო „ბარსელონამ“, რომელმაც „ნოუ კამპზე“ „ბილბაო“ მიიღო და მარცხს ბოლო წუთებზე გადაურჩა. ბასკებმა ტაიმი ოსკარ დე მარკოსის გოლით მოიგეს, რომელმაც მარკელ სუსაეტას მშვენიერი გადაცემა გამოიყენა და ახლო მანძილიდან გაიტანა.

„ბლაუგრანა“ მიჯრით მეორე წაგებასთან ახლოს იყო, თუმცა 84-ე წუთზე მოედანზე ოთხი წუთით ადრე შემოსული მუნირ ელ ჰადადი, ლიონელ მესის კარის გასწვრივ გაკეთებულ გადაცემას გამოეხმაურა და ახლო მანძილიდან გაათანაბრა - 1:3.

შესანიშნავ ფორმაშია „სევილია“, რომელმაც ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო და ამ შეხვედრებში 12 გოლის გატანა მოახერხა. ანდალუსიელებმა ამჯერად გასვლაზე „ეიბარს“ სძლიეს. უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, სტუმრები ანდრე სილვამ დააწინაურა, რომელიც 7 გატანილი გოლით ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირია. შემდეგ ევერ ბანეგამ დუბლი შეასრულა, ხოლო ბოლო წამებზე პრესტიჟის გოლი შეაგდო - 1:3.

როგორც იქნა, პირველი გამარჯვება იზეიმა „ვალენსია“, რომელიც ამ ტურამდე ერთადერთი მოუგებელი გუნდი იყო ლა ლიგაში. „ღამურებმა“ „ანოეტაზე“ „სოსიედადს“ აჯობეს. 36-ე წუთზე დენის ჩერიშევმა მშვენიერი გადაცემა გაუკეთა კევინ გამეიროს და მანაც ახლო მანძილიდან „ლოს ჩეს“ მაისურით პირველი ბურთი გაიტანა.

„ჩური ურდინს“ თამაშის გადარჩენა შეეძლო, მაგრამ მეორე ტაიმში ვილიან ჟოზემ პენალტი ვერ გაიტანა და ნეტოს კარგი თამაშის წყალობით, „ვალენსიამ“ მიმდინარე სეზონში პირველად მოიგო.

სოსიედადი - ვალენსია 0:1 (0:1)

გოლი: გამეირო (36)

67-ე წუთზე ვილიან ჟოზემ (ს) პენალტი ვერ გაიტანა (მეკარე)

ბარსელონა - ბილბაო 1:1 (0:1)

გოლები: 0:1 დე მარკოსი (41), 1:1 ელ ჰადადი (84)

ეიბარი - სევილია 1:3 (0:0)

გოლები: 0:1 ა.სილვა (47), 0:2, 0:3 ბანეგა (59 პენ; 94), 1:3 ხორდანი (99)

რეალი - ატლეტიკო 0:0

თეგებილა ლიგა
სტატისტიკა
0.222953