ავტოსპორტი

5:27 | 27.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

„ალფა რომეო ზაუბერმა“ მეორე მრბოლად ანტონიო ჯოვინაცი აიყვანა

მას შემდეგ, რაც „ფერარის“ ამომავალი ვარსკვლავი შარლ ლეკლერი, კიმი რაიკონენში გაუცვალა, „ალფა რომეო ზაუბერმა“ მეორე პილოტის ვინაობაც დაასახელა. ეს არის 24 წლის იტალიელი ანტონიო ჯოვინაცი, რომელიც ბოლო ორ სეზონში გუნდის სარეზერვო პილოტი იყო. ის შვედ მარკუს ერიკსონს შეცვლის, რომელიც შვეიცარიულ გუნდში, რეზერვში დარჩება.

ჯოვინაცი დებიუტანტად ვერ ჩაითვლება, რადგან გასული სეზონის დასაწყისში, მან ავსტრალიის და ჩინეთის დიდი პრიზების რბოლებში, „ზაუბერის“ ტრავმირებული პასკალ ვერლაინი შეცვალა. მელბურნში მე-12 ადგილი დაიკავა, შანჰაის რბოლა კი ვერ დაასრულა. ჯოვინაცი ასევე თავისუფალ პრაქტიკებში ღებულობდა მონაწილეობას, რა დროსაც საკუთარი პოტენციალის გამოვლენა შეძლო.

„მიხარია, რომ ალფა რომეო ზაუბერის პილოტი გავხდი. ამით ოცნება ამისრულდა. როგორც იტალიელისთვის, ჩემთვის დიდი პატივია, წარმოვადგენდე ბრენდს, რომელსაც იტალიაში აფასებენ და რომელსაც ჩვენს სპორტში დიდი მიღწევები აქვს. მადლობას ვუხდი სკუდერია ფერარის და ალფა რომეო ზაუბერს, რომელთა წყალობითაც, ასეთი შესაძლებლობა მეძლევა. ძალიან მოტივირებული ვარ და მოუთმენლად ველი მომენტს, როდესაც გუნდთან ერთად მუშაობას დავიწყებ“, - ამბობს ჯოვინაცი.

იარნო ტრულის და ვიტანტონიო ლიუცის შემდეგ, ჯოვინაცი პირველი იტალიელია, ვინც ფორმულა 1-ში იასპარეზებს. ის სოჭის რბოლას დაესწრება და პირველ თავისუფალ პრაქტიკაზე, „ზაუბერის“ მანქანით იასპარეზებს.

ამგვარად, „ზაუბერი“ მეექვსე გუნდია, რომელსაც მომავალი სეზონისთვის ორივე პილოტი უკვე ჰყავს. ამ მომენტისთვის, სრულად დაკომპლექტებულები არიან: „მერსედესი“ (ლუის ჰამილტონი და ვალტერი ბოტასი), „ფერარი“ (სებასტიან ფეტელი და შარლ ლეკლერი), „რედ ბული“ (მაქს ფერსტაპენი და პიერ გასლი), „რენო“ (დანიელ რიკარდო და ნიკო ჰულკენბერგი), „მაკლარენი“ (კარლოს საინსი და ლანდო ნორისი), „ზაუბერი“ (კიმი რაიკონენი და ანტონიო ჯოვინაცი).

„ჰაასს“, „ფორს ინდიას“, „ტორო როსოს“ და „უილიამსს“ თავიანთი შემადგენლობა ჯერ არ დაუსახელებიათ.

0.125216