ფეხბურთი

13:42 | 24.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

ალექსანდრე იაშვილი უეფას მამებისა და ქალიშვილების კამპანიას უძღვება

ევროპის ცნობილი საფეხბურთო ოჯახები მხარს უჭერენ უეფას ახალ სატელევიზიო კამპანიას, რომელიც ფეხბურთის გულშემატკივარ მამებს მათი ქალიშვილების ფეხბურთში ჩართვის წახალისებისკენ მოუწოდებს.

საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი მოთამაშე და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცეპრეზიდენტი ალექსანდრე იაშვილი მხარს უჭერს უეფას კამპანიას „Together #WePlayStrong“, რომელიც მიზნად ისახავს ქალთა ფეხბურთის პოპულარიზაციას.

ალექსანდრე იაშვილის ქალიშვილი ბარბარე 9 წლისაა. მამამისმა კარგად იცის, რომ მეტად მნიშვნელოვანია პატარა ასაკიდან შვილის ჩართვა სპორტში. „გოგონების ფეხბურთში ჩართულობის გაზრდა ჩვენთვის, როგორც ქვეყანაში ფეხბურთის მმართველი ორგანოსათვის, ერთერთი პრიორიტეტია. რწმენა იმის, რომ ფეხბურთი ეკუთვნის თანაბრად - გოგონებსაც და ვაჟებსაც არის ია, რაც ჩვენ შვილებს უნდა ვასწავლოთ, თუკი ჯანმრთელი და ჯანსაღი მომავალი თაობები გვინდა. ფეხბურთი ბარბარესათვის უპირველესად მეგობრებთან ურთიერთობაა. დარწმუნებული ვარ, რომ სპორტში ჩართულობა გოგონებს თავდაჯერებულობას მატებს და კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ არ შეიძლება სფეროები გენდერული ნიშნით დაიყოს." - აღნიშნავს ალექსანდრე.

აღნიშნულ კამპანიაში ალექსანდრე იაშვილთან ერთად ჩართულია არაერთი ცნობილი ფეხბურთელის ოჯახი - მილანის „ინტერის“ ლეგენდარული ყოფილი მოთამაშე და ასისტენტი მწვრთნელი ჯუზეპე ბარეზი და მისი ქალიშვილი, „ინტერის“ ქალთა გუნდის კაპიტანი, რეჯინა; „ლივერპულისა“ და „სელტიკის“ ლეგენდა კენი დალგლიში და მისი ქალიშვილი კელი; ინგლისის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი ალან შირერი და მისი სამი შვილი, და ბევრი სხვა. მათი გზავნილი ერთია: მამები ფეხბურთში უნდა ხედავდნენ თანაბარ შესაძლებლობებს როგორც თავისი ვაჟიშვილებისთვის, ისე ქალიშვილებისთვის.

უეფას უახლესი კვლევის თანახმად, ევროპაში ქალ ფეხბურთელთა რაოდენობა გასულ წელს 29 პროცენტით გაიზარდა. თუმცა, ფეხბურთში გოგონათა ჩართულობის გაზრდის კუთხით კიდევ ბევრის გაკეთება არის შესაძლებელი და ეს ყველაფერი სახლში უნდა დაიწყოს.

უეფა აცნობიერებს იმ უმნიშვნელოვანეს როლს, რომელსაც მამები ასრულებენ ბავშვების გაზრდაში. შესაბამისად, ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანიზაცია მამებს სთხოვს, წინ გაუძღვნენ ფეხბურთში გოგონათა ჩართულობის გაზრდის პროცესს და თავის ქალიშვილებს სპორტთან დაკავშირებული მეტი გამოცდილება გაუზიარონ ადრეული ასაკიდან.

„სულ უფრო მეტ მშობელს სურს, რომ მისმა ქალიშვილებმა ითამაშონ ფეხბურთი. ჩვენ სწორედ ახლა უნდა ვისარგებლოთ ამ გარემოთი. ყველაფერი იწყება მამებსა და მათი გოგონების მიერ ფეხბურთის ერთად თამაშითა და ყურებით გატარებული კარგი დროით, იქნება ეს პარკში ბურთის გაგორება თუ თამაშების ტელევიზორში ყურება“ - აღნიშნა უეფას მარკეტინგის განყოფილების უფროსმა, პიტერ ვილემსმა.

„ერთი წლის წინ ჩვენ წამოვიწყეთ კამპანია „Together #WePlayStrong“, რათა ფეხბურთი უფრო მიმზიდველი გაგვეხადა მოზარდი გოგონებისთვის, ასევე გაგვეზარდა ჩართულობა და ინვესტიციების რაოდენობა. კამპანიას გამოეხმაურა ხუთ მილიონზე მეტი მოზარდი გოგონა. მათთვის ჩვენი გზავნილია, რომ ფეხბურთის თამაშით მათ შეუძლიათ თავდაჯერების, ცხოვრების უნარებისა და ერთობის შეგრძნების შეძენა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ უკვე მივაღწიეთ ჩინებულ შედეგს, გვსურს ქალთა ფეხბურთის განვითარების პროცესის გაგრძელება, და გვჯერა, რომ მამები ჩვენ ამაში დაგვეხმარებიან. ერთად ჩვენ შევძლებთ მსოფლიოს საუკეთესო ქალ ფეხბურთელთა ახალი თაობის შექმნას.“ - აღნიშნა უეფას ქალთა ფეხბურთის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ნადინ კესლერმა.

უეფას კამპანია „Together #WePlayStrong“-სა და თქვენს ახლოს არსებული ქალთა კლუბების შესახებ მეტი ინფორმაციის მოსაპოვებლად გთხოვთ ეწვიოთ შემდეგ ბმულს: weplaystrong.org

www.gff.ge

წყარო: UEFA.com

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111649