ფეხბურთი

0:05 | 13.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

მეტოქე: ანდორა თბილისში ერთწლიანი წაუგებელი სერიით ჩამოდის!

საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის გათამაშება წარმატებით რომ დაიწყო, ბუნებრივია უკვე მთელმა ქვეყანამ იცის და ამჯერზე, ამ საკითხს არ განვიხილავთ. თუმცა, თემა, რომლის ირგვლივ ვისაუბრებთ, საქართველოსთან პირდაპირ კავშირიშია.

ანდორის ნაკრები – “ჯვაროსნების” მომდევნო მეტოქე. კოლდო ალვარესის გუნდი D დივიზიონის A ჯგუფის აუტსაიდერად იყო შერაცხული და შეიძლება ითქვას, ახლაც ამ სტატუსს ატარებს. ამიტომაც, ბევრისთვის დიდი მოულოდნელობაა, რომ ანდორამ საწყის ორ ტურში თამაში არ წააგო: ჯერ რიგაში, ლატვიას დაუზავდა (0:0), მერე კი შინ ყაზახეთსაც არაფერი დაუთმო (1:1). მოკლედ, საქართველოს ნაკრებს ანდორის დაუფასებლობაც კი არაფერს არგებს. ჩვენ არ ვსაუბრობთ მხოლოდ განვილი ორი მატჩიდან გამომდინარე და ვეცდებით, ამაში დაგარწმუნოთ...

87 თამაში მოუგებლად

ანდორის ნაკრებმა 2004 წლის 13 ოქტომბერს, მაკედონია 1:0 დაამარცხა მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში და ძალზე ხანგრძლივი მოუგებელი სერია დაასრულა. თუმცა, ამის შემდეგ მორიგი გამარჯვების ლოდინში ათწლეულზე მეტი და 87 თამაში გაილია.

87 თამაშში იყო 81 წაგება და 6 ფრე (ოფიციალურ მატჩებში ფინეთთან 2005 წელს და მაკედონიასთან ასევე 2005 წელს), ხოლო ამხანაგურ მატჩებში ორჯერ აზერბაიჯანთან და თითოჯერ მოლდოვასთან და სომხეთთან). მოკლედ, ყველაფერი იმაზე მიანიშნებდა, რომ ანდორის ნაკრები ევროპის მასშტაბით ყველაზე სუსტი გახლდათ. თუმცა, 2017 წლის 22 თებერვლიდან ყველაფერი შეიცვალა.

უტყუარი პროგრესი

ანდორამ ლიმასა და მარტინესის გოლებით სან მარინო 2:0 დაამარცხა და 87-მატჩიანი სერია, რომელიც კარგს არაფერს ამბობდა დასრულდა. ეს სპარინგი იყო, თუმცა მას მოჰყვა ორი წაუგებელი ოფიციალური მატჩი მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში.

ჯერ 2017 წლის 25 მარტს, ფარერებთან ფრე (0:0) და იმავე წლის 9 ივნისს, ისტორიული გამარჯვების დროც დადგა – ანდორამ 13-წლიანი პაუზის მერე, ოფიციალური თამაში მოიგო და ევრო 2016-ის მერვედფინალისტი უნგრეთი დაამარცხა (1:0)!

ამას მოჰყვა ხუთი წარუმატებელი შეხვედრა (ყატართან, შვეიცარიასთან, ფარერებთან, პორტუგალიასთან და ლატვიასთან). სწორედ ლატვია იყო ბოლო, რომელმაც ანდორის ნაკრების დამარცხება მოახერხა. ეს გასული წლის 10 ოქტომბერს მოხდა.

მას შემდეგ ანდორის ნაკრებმა ლიხტენშტეინი (1:0) დაამარცხა, ხოლო კაპე ვერდესთან, არაბეთის გაერთიანებულ საამიროებთან, ლატვიასთან და ყაზახეთთან დაზავდა. შედეგად, გამოვიდა, რომ საქართველოს ნაკრებთან შეხვედრას კოლდო ალვარესის შეგირდები 5-მატჩიანი და ზუსტად 1-წლიანი წაუგებელი სერიით ხვდებიან! სხვათა შორის, არწაგებას ვინ ჩივის, ყაზახი იური ლოგვინენკოს გოლით დასრულდა ანდორელთა მშრალი სერია, რადგან იქამდე მიჯრით 455 წუთის განმავლობაში გოლი არ ჰქონდათ გაშვებული...

საერთოდ, 87 მოუგებელი მატჩის შემდეგ ანდორამ 13 თამაში ჩაატარა და მხოლოდ ხუთჯერ დამარცხდა. მოკლედ, იმის თქმა გვინდა, რომ საქართველოს ნაკრებს ანდორასთან ყურადღებით და ყოველგვარი ქედმაღლობის გარეშე მართებს თამაში. შედეგები ყველაფერზე მეტყველებენ და ფაქტები უტყუარია: ეს, ის გუნდი არაა, რომელიც წლების წინ იყო და რომელსაც, ყველა ცალი ფეხით უგებდა.

ვლადიმირ ვაისს კი, ლატვიასთან და ყაზახეთთან ანდორელთა მატჩების ყურება არაერთხელ მოუწევს, რომ მათი მასირებული დაცვის გარღვევა ისეთივე რთული არ გამოდგეს, როგორც ლატვიასთან აღმოჩნდა. ანდორასთან თბილისში აუცილებლად მოსაგებია...

0.101014