ფეხბურთი

3:45 | 26.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსი" და "ნაპოლი" უდანაკარგოდ, რონალდუ - უგოლოდ (+VIDEO)

იტალიის სერია A-ს მეორე ტური ორი გამორჩეული მატჩით გაიხსნა. ტურინში, „იუვენტუსმა“ „ლაციო“, ხოლო ნეაპოლში, „ნაპოლიმ“ „მილანი“ მიიღო. თავიდან სწორედ ამ მატჩზე ვთქვათ.

„სან პაოლოზე“ კარლო ანჩელოტის პირველი შეხვედრა იყო მასპინძლის რანგში და რაც მთავარია, „მილანის“ წინააღმდეგ. ამასთან, დიდი ინტერესი გამოწივია „პაპა კარლოსა“ და მისი ყოფილი შეგირდის, ჯენარო გატუზოს დაპირისპირებამაც. სხვათა შორის, ახლოს იყო „რინო“ მასწავლების დამარცხებასთან, მაგრამ საბოლოოდ კოვზი ნაცარში ჩაუვარდა.

არადა, „მილანმა“ ჩინებულად დაიწყო და ჯაკომო ბონავენტურას ფანტასტიკური გოლით დაწინაურდა კიდეც. ეს პირველ ტაიმში ერთადერთი გოლი გამოდგა, ვინაიდან „როსონერი“ მეტი არც შეუტევია, ხოლო მასპინძლები მაინც და მაინც სახიფათოდ ვერ ემუქრებოდნენ ლომბარდიელთა კარს. „მილანისთვის“ მეორე ნახევრის სტარტიც დიდებული გამოდგა. ამჯერად, დავიდე კალაბრიამ მოახერხა დავიდე ოსპინას დამწუხრება და თითქოს მინი სენსაციას მწიფდებოდა. თუმცა, ყველაფერი წინ იყო - „ნაპოლიმ“ თამაში სწორედ მეორე გაშვებული გოლის შემდეგ დაიწყო.

ნეაპოლელებმა აგრესიულად ითამაშეს შეტევაში და სწრაფად. მატჩის გმირი კი პიოტრ ჟიელინსკი გამოდგა, რომელმაც დუბლი მიითვალა და წონასწორობა აღადგინა. ამასობაში, ანჩელოტის თამაშში ბოლო კარტებიც გაეხსნა და ცვლილებაზე გამოსულმა დრის მერტენსმა ჯოკრის ფუნქცია შეასრულა. ბელგიელმა ჩინებული კომბინაცია დაუცველ კარში დაასრულა და „ნაპოლიმ“ მოიგო. ანჩელოტი უდანაკარგოდ მიდის, მიუხედავად იმისა, რომ ორივე ტურში სერიოზული მეტოქე ჰყავდა და ორჯერვე აგებდა, მაგრამ საბოლოოდ მოიგო. „მილანმა“ კი სეზონი მარცხით დაიწყო. ისიც უნდა ითქვას, რომ „როსონერის“ რამდენიმე წამყვანი მოთამაშე აკლდა და ამ გუნდის რეალურ სახეს მომდევნო ტურები უფრო მეტად გამოაჩენს.

სანამ „ნაპოლი“ „მილანთან“ დააქამბექებდა, იქამდე, „იუვენტუსმა“ მშვიდად და აკადემიურად მოუგო რომის „ლაციოს“. „იუვემ“ შეხვედრა მძიმედ დაიწყო, მაგრამ ტაიმის შუაწელიდან მოყოლებული ინიციატივა ხელთ იგდო და საფინალო სასტვენამდე არც გაუშვია. ვთქვათ ისიც, რომ „ალიანც სთედიუმზე“ დაბრუნდა ლეონარდო ბონუჩი, რომელსაც გულშემატკივართა ნაწილი აპლოდისმენტებით შეეგება, ხოლო ნაწილმა კი დაუსტვინა. ასევე პირველად მოირგო რონალდუმ „იუვეს“ მაისური ტურინში. პორტუგალიელი გაიტანდა თუ არა გოლს, ეს უმთავრესი ინტრიგა იყო - და, ვერ გაიტანა. კრიშტიანუ ისევ აქტიური იყო და გუნდურად მოქმედებდა, მაგრამ ისევ ნულზეა. „იუვეს“ სუპერვარსკვლავს ერთ ეპიზოდში მეკარემ აჯობა, ხოლო მეორედ ცარიელ კარში ვერ გადაგზავნა ბურთი. ბედად, იქ მარიო მანჯუკიჩი გაჩნდა და დაამატა. ხორვატმა წერტილი დასვა. იქამდე კი, პირველ ტაიმში მირალემ პიანიჩის მოხდენილი გოლიც ვნახეთ. მოკლედ, „იუვენტუსმა“ იმარჯვა 2:0 და ორი ტურის თავზე უდანაკარგოდ ასპარეზობს.

„იუვენტუსი“ – „ლაციო“ 2:0 (1:0) VIDEO

ტურინი, „ალიანც სთედიუმი“

მაყურებელი: 41 000

„იუვენტუსი“ (4-3-3): შჩესნი; კანსელუ, ბონუჩი, კიელინი, ალექს სანდრო; ხედირა (ბენტანკური 85), პიანიჩი (ემრე ჯანი 69), მატუიდი; ბერნარდესკი (დუგლას კოშტა 60), მანჯუკიჩი, რონალდუ

მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი

„ლაციო“ (3-5-2): სტრაკოშა; უოლასი, აჩერბი, რადუ; მარუშიჩი, პაროლო (ბადელი 64), ლუკას ლეივა, მილინკოვიჩ-სავიჩი (დურმისი 79), ლულიჩი; იმმობილე, ლუის ალბერტო (კორეა 64)

მწვრთნელი: სიმონე ინძაგი

გოლები: 1:0 პიანიჩი (30), 2:0 მანჯუკიჩი (75)

გაფრთხილება: ალექს სანდრო (45), დუგლას კოშტა (81), ემრე ჯანი (87) - პაროლო (52), მილინკოვიჩ-სავიჩი (66)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 14 (9) – 8 (3) ბურთის ფლობა: 57%-43% კუთხურები: 6:2 თამაშგარე: 0:2

მსაჯი: მასიმილიანო ირატი

„ნაპოლი“ – „მილანი“ 3:2 (0:1) VIDEO

ნეაპოლი, „სან პაოლო“

მაყურებელი: 55 000

„ნაპოლი“ (4-3-3): ოსპინა; ჰისაი, ალბიოლი, კულიბალი, მარიო რუი (ლუპერტო 73); ჟიელინსკი (დიავარა 72), ალანი, ჰამშიკი (მერტენსი 63); ინსინიე, მილიკი, კალეხონი

მწვრთნელი: კარლო ანჩელოტი

„მილანი“ (4-3-3): დონარუმა; კალაბრია, მუსაკიო, რომანიოლი, როდრიგესი; კესიე, ბილია (ბაკაიოკო 58), ბონავენტურა (კუტრონე 82); სუსო, იგუაინი, ბორინი (ლაქსალტი 71)

მწვრთნელი: ჯენარო გატუზო

გოლები: 0:1 ბინავენტურა (15), 0:2 კალაბრია (49), 1:2 ჟიელინსკი (53), 2:2 ჟიელინსკი (67), 3:2 მერტენსი (80)

გაფრთხილება: ინსინიე (30), კულიბალი (90) - სუსო (30), როდრიგესი (66)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 21 (13) – 6 (4) ბურთის ფლობა: 47%-53% კუთხურები: 5:1 თამაშგარე: 3:2

მსაჯი: პაოლო ვალერი

თეგებისერია A
0.777157