კალათბურთი

20:26 | 17.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს U16 ნაკრებმა მონტენეგროსთან ბოლო წამებზე წააგო

სამწუხარო ამბავი სერბეთიდან: საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა მონტენეგროსთან დაძაბულ ბრძოლაში, ბოლო წამებზე წააგო და ნაცვლად ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპისა, მომავალ წელს ერთი საფეხურით დაბლა მყოფ B დივიზიონში იასპარეზებს. შეგახსენებთ, რომ სერბეთის ქალაქ ნოვი სადში კონტინენტის საუკეთესო 16 გუნდი შეიკრიბა ჩემპიონ-პრიზიორთა გამოსავლენად, ხოლო ტურნირის მონაწილე 16 გუნდიდან ბოლო 3 ადგილზე გასული გუნდი B დივიზიონში ქვეითდებოდა. საქართველოს ნაკრებმა 13-16 ადგილებისთვის საკვალიფიკაციო მატჩში მონტენეგროსთან 81:83 წააგო და ტურნირს ან მე-15 ადგილზე დაასრულებს, ანაც – მე-16-ეზე.

არადა, საქართველოს ნაკრებს მოსაგები ჰქონდა. ჩვენმა გუნდმა მონტენეგროელებს თამაში ბოლო წუთებზე შემოუტრიალა. შეხვედრის დასრულებამდე 5 წუთით ადრე ბალკანელები 8 ქულით იგებდნენ, თუმცა მათე კაპანაძის ჩაჭრებმა და ზუსტმა გარღვევებმა, ჩვენი ბიჭების გუნდურმა თამაშმა ჩამორჩნა 2 წუთში გააბათილა. მატჩის დასრულებამდე 3 წუთით ადრე ქართველებმა ანგარიში გაათანაბრეს (73:73), რის შემდეგაც თამაში ქულა-ქულაზე გაგრძელდა. ჩააგდებდნენ მონტენეგროელები, შედეგიანადვე პასუხობდნენ ქართველები, რამდენჯერმეც გაცუდებული შეტევები ერთმანეთს მიჰყვა.

ბოლო წუთზე მონტენეგრო ორჯერ დაწინაურდა 2 ქულით და ჩვენებმა ორჯერვე გაუთანაბრეს. ბოლო გათანაბრებისას საფინალო სირენამდე 23 წამი რჩებოდა. მონტენეგროელებმა ბურთი გაათამაშეს და დარულებამდე 5 წამით ადრე შეუტიეს, მაგრამ არაზუსტად, თუმცა აქ მოხდა საკვანძო მომენტი – ბურთი ბალკანელებმა ფიოდრ ჟუგიჩმა მოხსნა და მყისვე შედეგიანად დაამატა – 83:81. ქართველებს 2.8 წამი დარჩათ, თუმცა ზურა ვაშაკიძის სამქულიანი მონტენეგროელთა ფარს მხოლოდ მოხვდა და შეხვედრაც დასრულდა.~

ხვალ, 18 აგვისტოს, საქართველოს ნაკრები ტურნირზე ბოლო შეხვედრა ჩაატარებს ბოლოსწინა ადგილისთვის. მე-15 ადგილისთვის საქართველოს ჰოლანდია დაუპირისპირდება. მატჩი თბილისის დროით 13:30 საათზე დაიწყება.

საქართველო – მონტენეგრო
სტატისტიკა: 81:83

gbf.ge

0.114986