ავტოსპორტი

18:24 | 15.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

ალონსო 2019 წელს ფორმულა 1-ში არ იასპარეზებს

მსოფლიოს ორგზის ჩემპიონმა ფერნანდო ალონსომ გამოაცხადა, რომ მომავალ სეზონში ფორმულა 1-ში არ იასპარეზებს. 37 წლის ესპანელმა ეს გადაწყვეტილება რამდენიმე თვის წინ მიიღო. ის ამთავრებს თავის სახელოვან ფ1-ის კარიერას, რომელიც 2001 წელს დაიწყო.

„ამ შესანიშნავ სპორტში გატარებული 17 წლის შემდეგ, ცვლილების დრო დადგა. ამ სეზონების ყოველი წუთი ჩემთვის სასიამოვნო იყო და არ შემიძლია, მადლობა არ გადავუხადო იმ ადამიანებს, რომლების წყალობითაც, ეს დრო ჩემთვის გამორჩეული გახდა. სეზონის ბოლომდე კიდევ რამდენიმე დიდი პრიზი გვაქვს გასამართი და მათზე უფრო მეტი მონდომებით ვიასპარეზებ, ვიდრე ოდესმე. წინ ახალი გამოწვევები მაქვს“, - ამბობს ალონსო.

ალონსოს დაბრუნება „მაკლარენში“ მეტად უიღბლო გამოდგა. ამის ფონზე, გუნდმა გასულ სეზონში ინდი 500-ზე, წელს კი ლე მანის 24-საათიან რბოლაში ასპარეზობის საშუალება მისცა. ესპანელმა ეს უკანასკნელი „ტოიოტასთან“ ერთად მოიგო, ინდის რბოლაში კი იღბალმა უმტყუნა.

„ყველას ცვლილებისთვის თავისი დრო აქვს. ფერნანდომ ასე გადაწყვიტა. და ჩვენ მის გადაწყვეტილებას პატივს ვცემთ. თუმცა მიგვაჩნია, რომ ის საუკეთესო ფორმაშია“, - განაცხადა „მაკლარენის“ შეფმა ზეკ ბრაუნმა.

ალონსოს ფ1-ის მსოფლიო ჩემპიონის ტიტული ორჯერ აქვს მოპოვებული. გარდა ამისა, ორჯერ მოიგო მონაკოს დიდი პრიზი (სულ ფ1-ის 32 რბოლა აქვს მოგებული) და ერთხელ - ლე მანის 24 საათი. მიმდნრე სეზნში, ფორმულა 1-ის გარდა, გამძლეობაზე რბოლების მსოფლიო ჩემპიონატშიც ასპარეზობს, რომლის ერთ-ერთი ეტაპიცაა ლე მანის 24 საათი. ესპანელის მიზანი, მოტორსპორტის „სამმაგი გვირგვინის“ მოგებაა. ამ გვირგვინს მხოლოდ ერთი თვალი - ინდი 500-ზე გამარჯვებაღა აკლია.

ფორმულა 1-ში ალონსოს დებიუტი 2001 წელს „მინარდისთან“ (ამჟამად ტორო როსო) ერთად შედგა. შემდეგ ის „რენოში“ გადავიდა, სადაც ჯერ ტესტ პილოტის როლში იყო, 2003 წლიდან კი საპრიზო პილოტი გახდა. იმავე სეზონში, თავისი პირველი გამარჯვება იზეიმა (უნგრეთში), 2005 წელს კი ფორმულა 1-ის ყველაზე ახალგაზრდა მსოფლიო ჩემპიონი გახდა. მომდევნო სეზონში მეორე ტიტულს, მიხაელ შუმახერთან ჭიდილში დაეუფლა.

2007 წელს „მაკლარენში“ გადავიდა, სადაც დებიუტანტ ლუის ჰამილტონთან დაძაბულ პაექრობაში, სეზონი მეორე ადგილზე დაასრულა და მხოლოდ ერთი ქულა დათმო კიმი რაიკონენთან, ვინც „ფერარის“ (ჯერჯერობით) ბოლო ტიტული მოუპოვა. საინტერესოა, რომ იმ სეზონში ალონსომ და ჰამილტონმა თანაბარი ქულები დააგროვეს და მეორე ადგილიც გაიყვეს.

„მაკლარენთან“ სკანდალური დაშორების შემდეგ, ალონსო „რენოში“ დაბრუნდა, რომელიც უკვე არაკონკურენტუნარიანი იყო. 2010 წელს „ფერარიში“ გადავიდა, რომელიც ესპანელზე დიდ იმედებს ამყარებდა, მაგრამ შესაფერისი მანქანა ვერ მოუმზადეს. ალონსომ მარანელოში ხუთი სეზონი გაატარა და მხოლოდ 11 გამარჯვება მოიპოვა. 2010 და 2012 წლებში ტიტულისთვის იბრძოლა, მაგრამ ორივე შემთხვევაში, სებასტიან ფეტელის და „რედ ბულის“ ტანდემთან დამარცხდა.

ალონსო 2015 წელს „მაკლარენს“ დაუბრუნდა, რომელიც იმავე სეზონიდან „ჰონდას“ ძრავებზე გადავიდა. მაგრამ მსოფლიოს ორგზის ჩემპიონმა სამი სეზონი, იაპონური ძრავების სისუსტის და არასაიმედობის გამო დაკარგა. იმედი გაჩნდა, როცა უოკინგელებმა „ჰონდა“ „რენოთი“ ჩაანაცვლეს, მაგრამ სასურველი შედეგი ვერც ამან მოიტანა. ალონსო ქულებს კი აგროვებს, მაგრამ კვარცხლბეკისგან ისევ შორსაა.

ამ ყველაფერმა, ალონსოს წასვლის გადაწყვეტილება განაპირობა...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.145723