ფეხბურთი

17:03 | 5.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

ქართველმა სპორტულმა ჟურნალისტებმა აზერბაიჯანელი კოლეგები დაამარცხეს!

გუშინ, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ქართველ და აზერბაიჯანელ ჟურნალისტებს შორის ამხანაგური საფეხბურთო მატჩი შედგა. საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა საფეხბურთო ნაკრები ცოტა ხნის წინ შეიქმნა და საერთაშორისო დონის მეტოქეს პირველად ესპარინგა.

დებიუტი წარმატებული გამოვიდა – ქართველმა ჟურნალისტებმა აზერბაიჯანელ სპორტულ ჟურნალისტთა გუნდი “ინტერნასიონალი” დამაჯერებლად, 5:3 დაამარცხეს.

შეხვედრა ორი 25 წუთიანი ტაიმისგან შედგებოდა და აღნიშნული დროის აბსოლუტურ უმეტეს ნაწილში უპირატესობას მასპინძლები ფლობდნენ. პირველ ტაიმში დუბლი შეასრულა გიორგი ცხადიაშვილმა და ქართველმა ჟურნალისტებმა ტაიმი 2:0 მოიგეს.

მეორე ნახევარში მასპინძლებმა უპირატესობა კიდევ უფრო განიმტკიცეს და ანგარიში ერთი ხანობა გამანადგურებელიც გახდა. ბაჩო ცელუღელაშვილისა და ჩვენი ვებგვერდის ჟურნალისტის, გიორგი მელქაძის გოლებს აზერბაიჯენელებმა ავტოგოლიც მოაყოლეს და – 5:0.

დარჩენილ დროში ქართველები მოდუნდნენ და “ინტერნასიონალმა” ამით კარგად ისარგებლა. სტუმრებმა მშრალი ანგარიში არათუ დაასველეს, არამედ 3 გოლიც გაიტანეს და შეხვედრის დასრულებამდე 4 წუთით ადრე თითქოს სიტუაცია დაიძაბა კიდეც. მაგრამ, ხსენებულ მონაკვეთში არაფერი შეცვლილა და საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა საფეხბურთო ნაკრებმა სადებიუტო შეხვედრაში გამარჯვება იზეიმა.

აღსანიშნავია, რომ სექტემბერში ეს გუნდები ერთმანეთს კიდევ ერთხელ შეხვდებიან, ოღონდ ამჯერად მატჩი აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში გაიმართება.

აქვე გაგაცნობთ, საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ნაკრების შემადგენლობას:

სასტარტო ექვსეული: გიორგი ფულარიანი, გიორგი ცხადიაშვილი, საბა საპანაძე, გიორგი მელქაძე, ვახო გოგალაძე, ბაჩო ცალუღელაშვილი. შეცვლაზე შევიდნენ: ამირან მეშველიშვილი, გოგა წურწუმია, მიხეილ ჟორჟოლიანი

მთავარი მწვრთნელი: მიხეილ ჟორჟოლიანი

სპორტულ ჟურნალისტთა საფეხბურთო ნაკრებს ამ მატჩის ორგანიზებისთვის გვერდში სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაცია, კომპანია "ადიდასი" და საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია დაუდგნენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116533