ავტოსპორტი

16:32 | 4.08.2018 | ნანახია 897 - ჯერ

ნიკი ლაუდას ფილტვის გადანერგვის ოპერაცია გაუკეთეს

ფორმულა 1-ის მსოფლიოს სამგზის ჩემპიონ ნიკი ლაუდას, ვენის ჰოსპიტალში ფილტვის გადანერგვის ოპერაცია გაუკეთეს. ის კუნძულ იბიცაზე დასვენებისას, ეგრეთ წოდებული იბიცას ვირუსით დავადდა, რასაც საბოლოოდ ტრანსპლანტაცია დასჭირდა. ამჟამად მას მკურნალობა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში უტარდბა.

ექიმები, ვინც ლაუდას ოპერაცია ჩაატარა ამბობენ, რომ 69 წლის პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მკურნალობა გართულების გარეშე მიმდინარეობს. ერთ-ერთი მათგანი, გულმკერდის ქირურგიის განყოფილების შეფი ვალტერ კლეპეტკო ამბობს, რომ ასეთი ოპერაციების შემდგომ, გამოჯანმრთელების პერიოდი ორი-სამი კვირა გრძელდება. მაგრამ ლაუდას ასაკიდან გამომდინარე, პაციენტის გამოჯანმრთელებას მეტი დრო დასჭირდება. ცნობისათვის, ვენის ჰოსპიტალში წელიწადში ფილტვის ტრანსპლანტაციის 120 ოპერაცია ტარდება.

კლეპეტკო ამბობს, რომ ტრანსპლანტაციის გადაწყვეტილებას არ აქვს კავშირი ლაუდას 1976 წლის ნურბურგრინგის ავარიასთან, რა დროსაც მას სასუნთქი ორგანოები, მათ შორის ფილტვები, ნაწილობრივ დამწვარი (ჩასუნთქული ალისა და ბოლისგან) ჰქონდა. იმ ავარიაში ლაუდას სახეც დაეწვა და მას შემდეგ, ამ დამწვრობის კვალი, მისი სახის ერთგვარი „საფირმო ნიშანი“ გახდა.

ლაუდამ თავისი სამი ტიტულიდან პირველი 1975 წელს, „ფერარისთან“ ერთად მოიპოვა. მომდევნო სეზონში, მძიმე ავარიის მიუხედავად, რამაც რამდენიმე კვირა გააცდენინა, მაინც მხოლოდ ერთი ქულა დათმო ჯეიმს ჰანტთან. და ისიც იმიტომ, რომ ბოლო რბოლა, რომელიც იაპონიაში ჩატარდა, კოკისპირული წვიმის გამო დასაწყისშივე შეწყვიტა. 1977 წელს ის მეორედ გახდა ჩემპიონი (ისევ ფერარისთან ერთად). 1979 წელს მან ფორმულა 1-ში კარიერა დაასრულა, თუმცა ორი წლის შემდგ დაბრუნდა. ამჯერად „მაკლარენის“ პილოტი გახდა, რომელთან ერთადაც, 1984 წელს მესამე ტიტულს დაეუფლა (მხოლოდ ნახევარი ქულით აჯობა ალენ პროსტს). ლაუდას ანგარიშზე 25 მოგებული დიდი პრიზია.

1990-იანი წლების დასაწყისში, ლაუდა „ფერარის“ კონსულტანტი გახდა. მოგვინებით „იაგუარის“ ფორმულა 1-ის გუნდს ჩაუდგა სათავეში. 2012 წელს ის „მერსედეს-ბენცმა“ თავისი ფ1-ის გუნდის არააღმასრულებელ დირექტორად მიიწვია და დღემდე ამ თანამდებობაზე რჩება. მას დიდი წვლილი მიუძღვის „მაკლარენიდან“ ლუის ჰამილტონის გადაბირებაში, ვისაც „მერსედესთან“ ერთად უკვე სამი ტიტული აქვს მოპოვებული (ფ1-ის კარიერაში ოთხი) და მეოთხისთვის იბრძვის.

Loading...

კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
18:09 | 04.08.2018
sul2 (200)

იცოცხლე ნიკი!

17:58 | 04.08.2018
თორღვა პანკელი (1034)

მაგარი კაცია ეს.

სარეკლამო ადგილი - 20
250 x 188
სარეკლამო ადგილი - 22
250 x 250
0.21862