ავტოსპორტი

23:57 | 29.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

ჰამილტონმა არდადეგების წინ ლიდერობა განიმტკიცა

უნგრეთის დიდი პრიზის რბოლით დასრულდა ფორმულა 1-ის მსოფლიო ჩემპიონატის პირველი ნაწილი (არა ნახევარი), რომელიც ლუის ჰამილტონმა სოლიდური უპირატესობით მოიგო და საზაფხულო არდადეგების წინ, თავისი მთავარი მეტოქე სებასტიან ფეტელი 24 ქულით ჩამოიტოვა.

ფეტელმ რბოლა მეორე ადგილზე, ჰამილტონზე 17.1 წამით გვიან დაასრულა. მას ამჯერადაც ჰქონდა რბოლიდან გამოთიშვის „შანსი“, მაგრამ ამჯერად გადარჩა. ეს რბოლის მიწურულს მოხდა, როცა მან ვალტერი ბოტასს გაასწრო. ფინელმა კონტრ შეტევა სცადა, მაგრამ ვერ მოზომა, მისი მანქანა კერბმა აისხლიტა და ცოტა დააკლდა, ფეტელის „ფერარი“ მოეცელა.

მოკლედ, ამ ინციდენტს ფეტელი უვნებლად გადაურჩა, მაგრამ ბოტასის თავგადასავლები ამით არ დასრულებულა - კერბზე რომ წინა ფრთის მარჯვენა ნაწილი მიამტვრია, მისმა მანქანამ ამის გამო მდგრადობა დაკარგა. ბოტასს იქვე კიმი რაიკონენმაც გაასწრო და დანიელ რიკიარდოც წამოეწია. უნდა აღინიშნოს, რომ ავსტრალიელმა რბოლა შესანიშნავად ჩაატარა და სასტარტო მე-12 ადგილიდან, ბოტასამდე მიაღწია. 68-ე წრეზე „დაჭრილი“ „მერსედესის“ გასწრებაც სცადა, მაგრამ ბოტასმა ამჯერად იუხეშა და კონტაქტური მანევრით, ტრასის გარეთ გააძევა მეტოქე. ამან დაბრუნებაც შეძლო და ბოლო წრეზე გაასწრო კიდეც „აგრესორს“.

ამ ინციდენტისთვის ბოტასი სტიუარდებმა 10 წამით დააჯარიმეს, თუმცა ამას ცხრილში არაფერი შეუცვლია, რადგან ბოტასის უახლოესი მდევარი პიერ გასლი წუთზე მეტით იყო ჩამორჩენილი. „ტორო როსოს“ ფრანგმა პილოტმა რბოლა ბრწყინვალედ ჩაატარა და დამსახურებულად დაიკავა მე-6 ადგილი.

„ჩვენ ვიცოდით, რომ ამ რბოლაში „ფერარი“ ძალიან სწრაფი იქნებოდა და ამიტომ, აქ მოპოვებულ გამარჯვებას ბონუსად მივითვლით. მიხარია, რომ ბოლო რბოლები ასე კარგად ჩავატარე. დარწმუნებული ვარ, ჩემპიონატის შემდეგ ნაწილში კიდევ უფრო ძლიერები ვიქნებით“, - განაცხადა ჰამილტონმა, ვისაც უნგრეთის დიდი პრიზი უკვე ექვსჯერ აქვს მოგებული, სულ კი კარიერაში ეს მისი 67-ე გამარჯვებაა.

ფეტელმა კიმი რაიკონენს სტარტზევე გაასწრო, თუმცა ბოტრასის ჩამოტოვება ვეღარ მოახერხა და ამის წყალობით, დაწინაურებულ ჰამილტონს გვარიანად ჩამორჩა. გერმანელს ბოტასთან ინციდენტამდეც არ გაუმართლა - „ფერარიმ“ მისი პიტ სტოპი დროულად ვერ ჩაატარა, რაზეც ფეტელმ წამზე მეტი დაკარგა. და ეს საკმარისი გამოდგა იმისათვის, რომ ტრასაზე დაბრუნებული, კვლავ ბოტასის უკან ყოფილიყო. არადა ბოქსში შესვლამდე ფინელთან, ვინც პიტ სტოპი გაცილებით ადრე შეასრულა, საკმარისი უპირატესობა ჰქონდა იმისათვის, რომ პიტ სტოპის შემდგ მის წინ დარჩენლიიყო.

პრობლემა ჰქონდა რაიკონენს - რბოლის წინ, მის მექანიკოსებს დაავიწყდათ წყლის ბოთლის მის ჩაფხუტთან დაკავშირება, რის გამოც, ფინელს გაუსაძლის სიცხეში, ხახამშრალს მოუწია ასპარეზობამ. თუმცა ამას გაუძლო, კარგად იასპარეზა, ფინიშს მეხუთემ უწია და ზედიზედ მეხუთე რბოლა დაასრულა კვარცხლბეკზე.

რბოლას ადრევე გამოეთიშა მაქს ფერსტაპენი, რომელსაც ისევ „რენოს“ ძრავმა უმტყუნა. „ჩვენ ამ ძრავებში მრავალ მილიონ სტერლინგს ვიხდით იმისთვის, რომ პირველი კლასის პროდუქტი მივიღოთ. მაგრამ როგორც ვხედავთ, ის ამ მოლოდინს საერთოდ ვერ ამართლებს“, - განაცხადა ჰოლანდიელმა.

უნგრეთის დიდი პრიზი

ბუდაპეშტი, ჰუნგარორინგი, დისტანცია 306.630 კმ (70 წრე, 4.381 კმ)

  1. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 1:37:16.427
  2. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ფერარი) 17.123
  3. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი) 20.101
  4. დანიელ რიკიარდო (ავსტრალია, რედ ბული) 46.419
  5. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, მერსედესი) 50.000
  6. პიერ გასლი (საფრანგეთი, ტორო როსო) 1:13.273
  7. კევინ მაგნუსენი (დანია, ჰაასი) 1 წრე
  8. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, მაკლარენი) 1 წრე
  9. კარლოს საინსი (ესპანეთი, რენო) 1 წრე
  10. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ჰაასი) 1 წრე
  11. ბრენდონ ჰარტლი (ახ.ზელანდია, ტორო როსო) 1 წრე
  12. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, რენო) 1 წრე
  13. ესტებან ოკონი (საფრანგეთი, ფორს ინდია) 1 წრე
  14. სერხიო პერესი (მექსიკა, ფორს ინდია) 1 წრე
  15. მარკუს ერიკსონი (შვედეთი, ზაუბერი) 2 წრე
  16. სერგეი სიროტკინი (რუსეთი, უილიამსი) 2 წრე
  17. ლანს სტროლი (კანადა, უილიამსი) 2 წრე
  18. სტოფელ ვანდოორნი (ბელგია, მაკლარენი) 21 წრე
  19. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, რედ ბული) 65 წრე
  20. შარლ ლეკლერი (მონაკო, ზაუბერი) 70 წრე

უსწრაფესი წრე: დანიელ რიკიარდო - 1:20.012 (46 წრე, 197.115 კმ/სთ)

მრბოლთა კლასიფიკაცია

1. ლუის ჰამილტონი - 213 ქულა; 2. სებასტიან ფეტელი - 189; 3. კიმი რაიკონენი - 146; 4. ვალტერი ბოტასი - 132; 5. დანიელ რიკიარდო - 118; 6. მაქს ფერსტაპენი - 105; 7. ნიკო ჰულკენბერგი - 52; 8. კევინ მაგნუსენი - 45; 9. ფერნანდო ალონსო - 44; 10. სერხიო პერესი - 30; 10. კარლოს საინსი - 30; 12. ესტებან ოკონი - 29; 13. პიერ გასლი - 26; 14. რომენ გროჟანი - 21; 15. შარლ ლეკლერი - 13; 16. სტოფელ ვანდოორნი - 8; 17. მარკუს ერიკსონი - 5; 18. ლანს სტროლი - 4; 19. ბრენდონ ჰარტლი - 2; 20. სერგეი სიროტკინი - 0

გუნდური ჩემპიონატი

1. მერსედესი - 345 ქულა; 2. ფერარი - 335; 3. რედ ბული - 223; 4. რენო - 82; 5. ჰაასი - 66; 6. ფორს ინდია - 59; 7. მაკლარენი - 52; 8. ტორო როსო - 28; 9. ზაუბერი - 18; 10. უილიამსი - 4

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.128646