ჭადრაკი

15:14 | 20.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

100 დღე ბათუმის საჭადრაკო ოლიმპიადამდე

2018 წლის მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტმა 16 ივნისს ბათუმის პიაცაზე გამართა ღონისძიება - „100 დღე საჭადრაკო ოლიმპიადამდე“.

ბათუმი 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადას 23 სექტემბრიდან მასპინძლობს, 16 ივნისს კი ამ უმნიშვნელოვანესი და მასშტაბური ღონისძიების დაწყებამდე დარჩენილი 100 დღის ათვლა დაიწყო.

სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის ბათუმის პიაცაზე 100 მაგიდა გაიშალა, რომელსაც ოლიმპიადაში მონაწილე ქვეყნების სიმბოლური წარმომადგენლები მიუსხდნენ. მაგიდებს ოლიმპიადის მონაწილე ქვეყნების დროშები ამშვენებდა.

ფიდე 189 ქვეყანას აერთიანებს, შესაბამისად, ღონისძიებაში - „100 დღე საჭადრაკო ოლიმპიადამდე“ – 189 ქვეყნის სიმბოლური წარმომადგენელი ჩაერთო. 190-ე მოთამაშემ კი 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადის დროშის ქვეშ იასპარეზა.

დარჩენილ 5 მაგიდას აჭარაში მოქმედი დიპლომატიური მისიის წარმომადგენლები მიუსხდნენ, რომლებთანაც ერთდროული თამაშის სეანსი გამართეს ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტმა ზურაბ აზმაიფარაშვილმა და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა გიორგი გიორგაძემ.

ამავე დღეს დასახელდა 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადის კეთილი ნების კიდევ ერთი ელჩი - მაესტრო ნიკოლოზ რაჭველი.

43-ე საჭადრაკო ოლიმპიადის კეთილი ნების ელჩები არიან: ნონა გაფრინდაშვილი, მაია ჩიბურდანიძე, ვიშვანათან ანანდი, ანიტა რაჭველიშვილი და ლაშა ტალახაძე.

სიმულაციური ოლიმპიადა საჭადრაკო თემატიკაზე შექმნილი ფლეშმობით დასრულდა.

სხვადასხვა ქვეყნის „მოჭადრაკეებს“ გულშემატკივრობდა 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადის თილისმა-კუ, რომელსაც ბათუსა დაერქვა. ქალაქს სახელწოდება „ბათუმი“ მოდის სიტყვიდან Bathus (ბერძნ), რაც ღრმას ნიშნავს. ბათუსა გვარად თართლშტაინია, ალბათ იმიტომ, რომ ის აინშტაინივით ჭკვიანია.

189 ქვეყნის სვლა საქართველოსკენ გრძელდება!

2018 წლის მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტი

0.101973