ავტოსპორტი

2:09 | 18.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

ალონსომ „ტოიოტასთან“ ერთად ლე მანის 24 საათიანი რბოლა მოიგო

ლეგენდარულ ლე მანის 24-საათიან რბოლას ახალი აბსოლუტური გამარჯვებული ჰყავს - როგორც მოსალოდნელი იყო, „ტოიოტას“ საქარხნო გუნდმა, „ტოიოტა გაზუ რეისინგმა“ თავის ჰიბრიდულ პროტოტიპ TS050-ით ყველა მეტოქე დაჯაბნა და ორივე ეკიპაჟით, პირველი ორი ადგილი დაისაკუთრა. „ტოიოტასთან“ ერთად, გამარჯვება მოიპოვა ფორმულა 1-ში მსოფლიოს ორგზის ჩემპიონმა, ესპანელმა ფერნანდო ალონსომ.

გამძლეობაზე რბოლების LMP1 კლასში, მსოფლიო ჩემპიონატიდან ჯერ „აუდის“ და მერე კი „პორშეს“ წასვლის შემდეგ, „ტოიოტა“ ერთადერთი დიდი ავტომწარმოებელია, რომელიც ამ ჩემპიონატს შემორჩა. შესაბამისად, გამოკვეთილი ფავორიტიც. თუმცა ლე მანზე გარანტირებული არაფერია და იაპონური კომპანიაც, ლე მანის 86-ე რბოლაში თავისი შანსის გამოსაყენებლად, დიდი მონდომებით ემზადებოდა.

ეს იყო „ტოიოტას“ მე-20 გამოსვლა ლე მანზე, სადაც იაპონური კომპანიებიდან აბსოლუტურ კატეგორიაში გამარჯვება, აქამდე მხოლოდ „მაზდას“ ჰქონდა მოპოვებული (1991 წელს). გამარჯვებული #8 ეკიპაჟის საჭესთან, ალონსოს გარდა, ერთმანეთს ფორმულა 1-ის ყოფილი პილოტები, შვეიცარიელი სებასტიან ბუემი და იაპონელი კაზუკი ნაკაძიმა ენაცვლებოდნენ.

„ცუდია, რომ ლე მანის 24-საათიანი რბოლა წელიწადში მხოლოდ ერთხელ ტარდება. მათ ის ყოველ ორ-სამ კვირაში ერთხელ უნდა ჩაატარონ“, - რბოლის შემდგომ განაცხადა ალონსომ, ვისაც ფ1-ში უკვე ხუთი სეზონია, რბოლა არ მოუგია. თუმცა მან თავისი სამი მიზინდან მეორე შეასრულა - ფ1-ში ორი ტიტულის მოპოვების გარდა, ლე მანის ჩემპიონიც გახდა. მესამე მიზნამდე - ინდიანაპოლისის 500-მილიან რბოლაში გამარჯვებამდე, გასულ სეზონში ცოტა დააკლდა.

საინტერესოა, რომ „ტოიოტას“ მოგების რეალური შანსი 2016 წლის რბოლაშიც ჰქონდა - მაშინაც რბოლის მიწურულს, საჭესთან კაზუკი ნაკაძიმა იჯდა, ვინც პელოტონს სათავეში ედგა. მაგრამ ფინიშამდე ხუთიოდე წუთით ადრე, მის მანქანას პრობლემები დაეწყო და გამარჯვება „პორშეს“ დარჩა. მაშინაც ნაკაძიმას პარტნიორი ბუემი იყო.

„ტოიოტას“ მეორე ეკიპაჟიც (#7) ფინიშთან იაპონელმა, ფ1-ის ყოფილმა პილოტმა კამუი კობაიაშიმ მიიყვანა. ამ ეკიპაჟის საჭეს მასთან ერთად, ბრიტანელი მაიკ კონვეი და არგენტინელი ხოსე მარია ლოპესი მართავდნენ. ისინი გამარჯვებულებს ორი წრით ჩამორჩნენ. მესამე ადგილი კი „რებელიონ რეისინგის“ #3 ეკიპაჟმა დაიკავა, რომელიც გამარჯვებულს 12 წრით ჩამორჩა. აღსანიშნავია, რომ „ტოიოტას“ გარდა, LMP1 კლასში ყველა ეკიპაჟი არაჰიბრიდული ძრავით ასპარეზობდა.

რბოლის პირველ საათებში, ალონსოს აეკიპაჟი #7 „ტოიოტას“ ორი წუთთ ჩამორჩა. მაგრამ ესპანელმა ყველაფერი იღონა იმისათვის, რომ ღამის რბოლისას, ჩამორჩენა შეემცირებინა. შემდეგ ნაკაძიმამ და ბუემიმაც ლიდერის დაწევაში თავიანთი წვლილი შეიტანეს და რიჟრაჟისთვის უკვე #8 ეკიპაჟი დაწინაურდა.

შეგახსენებთ, რომ ალონსოს მონაკოს დიდი პრიზიც ორჯერ აქვს მოგებული. თუ ინდი 500-ის მოგებასაც შეძლებს, მაშინ ფ1-ის ორგზის ჩემპიონის, ბრიტანელი გრეჰემ ჰილის მიღწევას გაიმეორებს, ვისაც ინდი 500 და ლე მანიც მოგებული აქვს.

ლე მანის 24 საათი

საბოლოო კლასიფიკაცია

  1. ტოიოტა #8 (ტოიოტა გაზუ რეისინგ: სებასტიან ბუემი, შვეიცარია, კაზუკი ნაკაძიმა, იაპონია, ფერნანდო ალონსო, ესპანეთი, LMP1) – 388 წრე
  2. ტოიოტა #7 (ტოიოტა გაზუ რეისინგ: მაიკ კონვეი, ბრიტანეთი, კამუი კობაიაში, იაპონია, ხოსე მარია ლოპესი, არგენტინა, LMP1) – 386 წრე
  3. რებელიონი #3 (რებელიონ რეისინგ: თომას ლორენი, საფრანგეთი, გუსტავო მენეზესი, აშშ, მათიას ბეშე, შვეიცარია, LMP1) - 376 წრე
  4. რებელიონი #1 (რებელიონ რეისინგ: ანდრე ლოტერერი, გერმანია, ბრუნო სენა, ბრაზილია, ნილ იანი, შვეიცარია, LMP1) - 375 წრე
  5. ორეკა #26 (G-დრაივ რეისინგ: ჟან-ერიკ ვერნი, საფრანგეთი, ანდრეა პიციტოლა, საფრანგეთი, რომან რუსინოვი, რუსეთი, LMP2) – 369 წრე
  6. ალპინი #36 (სიგნატეკ ალპინ მატმუტ: ნიკოლას ლაპიერი, საფრანგეთი, პიერ ტირიე, საფრანგეთი, ანდრე ნეგრაუ, ბრაზილია, LMP2) – 367 წრე
  7. ორეკა #39 (გრაფ-SO24: ვინსენ კაპიიარი, საფრანგეთი, ჯონათან ჰირში, შვეიცარია, ტრისტან გომენდი, საფრანგეთი, LMP2) – 366 წრე
  8. ორეკა #28 (TDS რეისინგ: ფრანსუა პეროდო, საფრანგეთი, ლოიკ დუვალი, საფრანგეთი, მატიო ვასიერი, საფრანგეთი, LMP2) – 366 წრე
  9. ლიჟიე #32 (იუნაიტედ აუტოსპორტს: უგო დე სადელერი, შვეიცარია, უილ ოუენი, აშშ, ხუან პაბლო მონტოია, კოლუმბია, LMP2) – 365 წრე
  10. ორეკა #37 (ჯეკი ჩან DC რეისინგ: ჯეიზმენ ჯაფაარი, აშშ, ნაბილ ჯეფრი, აშშ, ვეირონ ტანი, აშშ, LMP2) – 361 წრე...
0.188012