ჩოგბურთი

11:13 | 17.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

ფედერერის წარმატებული დაბრუნება: როჯერმა რეიტინგში პირველობა გაინაღდა

მსოფლიოს ჯერჯერობით მეორე ნომერმა როჯერ ფედერერმა შტუტგარტის ღია ტურნირის ნახევარფინალში ნიკ კირიოსი 6:7, 6:2, 7:6 დაამარცხა და ორშაბათს განახლებულ რეიტინგში კვლავ პირველ ადგილზე იქნება.

შვეიცარიელმა ბოლოს მონაწილეობა 11 კვირის წინ მაიამის მასტერსზე მიიღო და მას შემდეგ დასვენება გადაწყვიტა. გრუნტის საფარზე უკვე მეორე წელია როჯერი არ მონაწილეობს და დაბრუნება საკმაოდ წარმატებული გამოუვიდა. ფედერერმა ფინალის საგზურისთვის მონიჭებული ქულები მიიღო, რაფაელ ნადალთან კვირის დასაწყისში 100 ქულით ჩამორჩენა აღმოფხვრა და ახლა უკვე 50 ქულით უსწრებს ესპანელს.

გასულ წელს აღნიშნულ ტურნირზე ფედერერი პირველივე შეხვედრაში დამარცხდა და მიმდინარე სეზონში შტუტგარტში დიდი მოტივაციით ჩავიდა. როჯერს მერსედესის თასი მოგებული არ აქვს და აქამდე ფინალშიც კი არ იყო გასული. გადამწყვეტ შეხვედრაში ფედერერი მილოშ რაონიჩს შეხვდება, რომელმაც ნახევარფინალში მოქმედი ჩემპიონი ლუკა პუი დაამარცხა. შეხვედრა თბილისის დროით 15:00 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.138588