ავტოსპორტი

0:31 | 10.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

ქაოსური რბოლა და ბიწაძის პირველი გამარჯვება

რუსთავის საერთაშორისო მოტორპარკზე, წრიულ რბოლებში საქართველოს 2018 წლის ჩემპიონატის მესამე ეტაპი მიმდინარეობს. დღეს ლეჯენდსის და ფორმულა „ალფას“ კლასებში საკვალიფიკაციო რბოლები ჩატარდა, დღის ბოლოს კი ლეჯენდსის პირველი რბოლა გაიმართა.

სამწუხაროდ, რბოლაში მონაწილეობა ვერ მიიღო დათა ქაჯაიამ, ვინც „პორშემ“ თავისი 70 წლის იუბილესთან დაკავშირებით, პოლონეთში მიიწვია. რბოლისთვის მომზადება რამდენიმე მრბოლმა ვერ შეძლო და რამდენიმე უცხოელიც დაგვაკლდა. საბოლოოდ, სტარტზე მხოლოდ 7 ავტომობილი გამოვიდა, თუმცა ესეც საკმარისი გამოდგა იმისთვის, რომ დაძაბული ბრძოლა გაჩაღებულიყო.

სტარტიდანვე არჩილ ბიძინაშვილი და შოთა აფხაზავა დაწინაურდნენ, რომლებსაც კვალში კინსტანტინე კოლიაშვილი ჩაუდგა. მისგან არც ისე შორს კი ბრძოლა ჯანკატ ჰურმოგლუმ, სანდრო ცხადაძემ, რეზო ბიწაძემ და ვლადიმერ თაბაგარმა გააჩაღეს. სამწუხაროდ, თურქული წარმოშობის გერმანელ პილოტს მალე ძრავმა უმტყუნა და ის პირველი S-მოსახვევის შემდეგ გაჩერდა. მანქანის ევაკუაციამდე, პელოტონი ორი წრე უსაფრთხოების მანქანამ ატარა.

რესტარტზე ბიძინაშვილი დაწინაურდა, დანარჩენებიც მიყვნენ. ხიდის შემდგომ მოსახვევში, აფხაზავამ ბიძინაშვილი ჩამოიტოვა და დაწინაურდა. მათ შორის ლამის ყველა მოსახვევში დაძაბული ბრძოლა გაჩაღდა. კოლიაშვილი და ცხადაძეს ახლოს იყვნენ, მაგრამ სამწუხაროდ, კოლიაშვილს მანქანა დაუზიანდა და ჩამორჩა. ორი წრის შემდეგ, ბიძინაშვილმა იმავე ადგილზე ხურდა დაუბრუნა აფხაზავას. მაგრამ პირველ S-ში აფხაზავამ ისევ შეუტია. მას ამისთვის ტრაექტორიის შეცვლა დასჭირდა. მაგრამ „მოუთელავი“ გზა მტვრიანი იყო და მისი მანქანა ოდნავ მოცურდა. ეს კი საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ ბიძინაშვილს ოდნავ შეჯახებოდა. ბედად, ორივემ შეძლო რბოლის გაგრძელება, მაგრამ ადგილები დაკარგეს.

ცხადაძე დაწინაურდა, რომელსაც ბიწაძე მიჰყვა. მის უკან გზა აფხაზავამ გააგრძელა, ბიძინაშვილი კი ოდნავ ჩამორჩა. აფხაზავამ ბიწაძე კი ჩამოიტოვა, მაგრამ ცხადაძეს ვეღარ დაეწია. სწორედ ამ მიმდევრობით გადაკვეთეს ფინიშის ხაზი. ბიძინაშვილი მეოთხეზე გავიდა.

მაგრამ ვიდეო ჩანაწერის განხილვის დროს გაირკვა, რომ ცხადაძემ და აფხაზავამ ერთ-ერთ მოსახვევში ტრასის გაბარიტები ოთხივე ბორბლით გადაკვეთეს, რისთვისაც მათს შედეგებს საჯარიმო დროები დაემატა. საბოლოოდ, გამარჯვება ბიწაძეს დარჩა, ვისთვისაც ეს ლეჯენდსში პირველი გამარჯვებაა. მეორეზე ბიძინაშვილი გავიდა, მესამეზე კი - თაბაგარი.

ნარბოლევს აფხაზავამ პირადად აქო ბიძინაშვილი, შეცდომას პრაქტიკულად არ უშვებ და ისე დადიხარ, როგორც რელსებზეო. ძნელია არ დაეთანხმო. მხოლოდ იმის დამატება შეიძლება, რომ ასეთი პილოტი საერთაშორისო რბოლებშიც ბევრს გააოცებს!..

საქართველოს ჩემპიონატი წრიულ რბოლებში, მე-3 ეტაპი

რუსთავის საერთაშორისო მოტორპარკი, 09.06.2018

ლეჯენდსი (რბოლა 1), 10 წრე

  1. რეზო ბიწაძე
  2. არჩილ ბიძინაშვილი +0.639
  3. ვლადიმერ თაბაგარი 14.092
  4. სანდრო ცხადაძე 28.973
  5. შოთა აფხაზავა 29.796
  6. კონსტანტინე კოლიაშვილი 1:28.349
  7. ჯანკატ ჰურმოგლუ 8 წრე
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.154197