ავტოსპორტი

0:16 | 8.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

რიკიარდოს მონაკოს რბოლაში კინაღამ მუხრუჭები დაეწვა

მონაკოს დიდი პრიზის რბოლაში დანიელ რიკიარდოს გამარჯვებიდან რამდენიმე დღის შემდეგ, „რედ ბულის“ შეფმა კრისტიან ჰორნერმა განაცხადა, რომ ავსტრალიელის მანქანაზე მწყობრიდან გამოსულ, კინეტიკური ენერგიის აღდგენის სისტემას (MGU-K), მუხრუჭებისთვის ხანძრის გაჩენა შეეძლო. ამის გამო, გუნდი თავისი პილოტის გაჩერებას განხილავდა.

„28-ე წრეზე მან რადიოთი გვითხრა, რომ სიმძლავრე დაკარგა. ძრავის ბიჭებმა ტელემეტრიით დააფიქსირეს, რომ MGU-K-მ მუშაობა შეწყვიტა. იმ მომენტში ჩვენ ვლაპარაკობდით მანქანის გაჩერებაზე, რადგან ამ სისტემას შიდაწვის ძრავის დაზიანებაც შეეძლო. ამას კი პრობლემების მთელი წყება მოჰყვებოდა. მაგრამ ჩჩემი პოზიცია ასეთი იყო - ჩვენ მონაკოს დიდ პრიზს ვლიდერობთ და მანამ გავაგრძელებთ, სანამ ძრავი გაჩერდება“, - ყვება ჰორნერი.

უკანა მუხრუჭები მუდმივად გადახურების ზღვარზე იყო, რის გამოც, რიკიარდოს რბოლისას ბალანსის შეცვლამ მოუწია. ბედად, ძრავმაც გაძლო და მუხრუჭებმაც. და „რედ ბულის“ პილოტმა ამ სეზონში მეორე გამარჯვება, ყველაზე პოპულარულ რბოლაში იზეიმა.

„როდ საც MGU-K-ს კარგავ, ეს მუხრუჭებში ენერგიის განაწილებას სრულად ცვლის. უკანა მუხრუჭებს კი განსაკუთრებით დიდი დატვირთვით უწევს მუშაობა და ასე იყო მის მანქანაზეც. ამიტომ მან დატვირთვა წინებზე გადაიტანა და იმავდროულად, მას ვურჩიეთ, რომ სამუხრუჭე ზონებში ნაკლებად ინტენსიურად გამოეყენებინა მუხრუჭები, რათა მათთვის გაგრილების საშუალება მიეცა. ამ დროს, მას უკან სებასტიან ფეტელი წამში მოჰყვებოდა“, - დასძენს ჰორნერი. მისი თქმით, სხვა ტრასაზე მსგავსი პრობლემის გამო, მეტოქეები იოლად შეძლებდნენ გასწრებას.

ჰორნერი იხსენებს რიკიარდოს პირველ გამარჯვებას მონრეალში, როდესაც მსგავსი პრობლემები ნიკო როსბერგს შეექმნა. მაშინ ავსტრალიელმა იოლად შეძლო გასწრება. მაგრამ მონაკოს ქუჩების ტრეკი სულ სხვაა. იქ გასწრება წარმოუდგენლად ძნელია და რიკიარდომაც სწორედ ამით ისარგებლა.

0.168008