ფეხბურთი

15:21 | 31.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ზინედინ ზიდანმა მადრიდის "რეალი" დატოვა

ზინედინ ზიდანი მადრიდის “რეალის” მთავარი მწვრთნელი აღარაა. ეს ინფორმაცია თავად ფრანგმა სპეციალისტმა გააჟღერა სპეციალურად გამართულ პრესკონფერენციაზე, რომელსაც კლუბის პრეზიდენტი ფლორენტინო პერესიც ესწრებოდა.

“მივიღე გადაწყვეტილება, რომ “რეალ მადრიდს” აღარ გავწვრთნი შემდეგ სეზონში. მჯერა, რომ ამისთვის შესაბამისი მომენტი იყო და ყველასთვის სწორი ნაბიჯი გადავდგი. მივიღე ეს გადაწყვეტილება, რადგან მიყვარს “რეალი”, მაგრამ ვფიქრობ, რომ დღეს, ჩემთვის და ყველასთვის უმჯებესი იქნება თუ წავალ. მადრიდმა ყველაფერი მომცა და ყოველთვის ახლოს ვიქნები ამ გუნდთან. თუმცა, ჩემი აზრით, სამი დიდებული წლის შემდეგ, ეს საუკეთესო გადაწყვეტილებაა. დროა ფეხბურთელების შესაცვლელად და მინდა მადლობა გადავუხადო გულშემატკივრებს, პრეზიდენტს მხარდაჭერისთვის, რომელიც ჩემს გვერდით იყო რთულ მომენტებშიც. მადლობა ყველას, ყველას ამ ფანტასტიკური წლებისთვის”, - აღნიშნა ზიდანმა.

კომენტარი გააკეთა ფლორენტინო პერესმაც, რომელმაც ფრანგს მადლობა გადაუხადა:

“ეს ჩემთვის მოულოდნელი გადაწყვეტილებაა, რომელიც ძალიან სამწუხაროა, რადგან მიყვარდა, როგორც ფეხბურთელი და მიყვარს, როგორც მწვრთნელი. ამ ინფორმაციისთვის მზად არ ვარ და არ მომწონს, სიამოვნებით შევაცვლევინებდი იდეას, მაგრამ ზიზუმ უკვე მიიღო გადაწყვეტილება. აქ მისი სახლი და ოჯახი იქნება ყოველთვის. მინდა მადლობა გადავუხადო თავდადებისთვის, სიყვარულისთვის და ყველაფრისთვის, რაც “რეალში” ამ წლებში გააკეთა. ერთადერთი, რისი თქმაც ახლა მსურს, არის ნახვამდის, რადგან დარწმუნებული ვარ, ერთ დღეს ისევ დაბრუნდება ჩვენთან”, - განაცხადა პერესმა.

შეგახსენებთ, რომ ზინედინ ზიდანმა “რეალი” 2016 წლის ზამთარში ჩაიბარა. მას შემდეგ, “სამეფო კლუბმა” სამ სეზონში სამჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა. გარდა ამისა, ერთხელ ლა ლიგა, ესპანეთის სუპერთასი, ხოლო ორ-ორჯერ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი და ევროპის სუპერთასი.

ჯერჯერობით უცნობია თუ სად გააგრძელებს სამწვრთნელო კარიერას ზიდანი და ისიც, თუ ვინ იქნება “რეალის” ახალი მთავარი მწვრთნელი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110472