ფეხბურთი

18:55 | 28.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

მსაჯთა აკადემია 2018 - პირველ კურსდამთავრებულებს დიპლომები გადაეცათ

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის პროექტის - „მსაჯთა აკადემიის“ პირველ კურსდამთავრებულებს დღეს სასტუმრო „მოხალისემ“ უმასპინძლა.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა მომავალ მსაჯებს კურსის წარმატებით დასრულება მიულოცა და მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, კურსის პირველი მონაწილეებისთვის მსაჯის აკადემიის წარმატებით დასრულება არის უმნიშვნელოვანესი წინგადადგმული ნაბიჯი სამსაჯო კარიერის გზაზე.

„გილოცავთ ყველას ამ წარმატებას. თქვენ ხართ ის ადამიანები, ვინც ფეხბურთისათვის ძალიან მნიშვნელოვან ფიგურებად იქცევიან. მიხარია, რომ არ შეუშინდით საკმაოდ დიდ კონკურსს, შემდეგ დატვირთულ გრაფიკს, ფიზიკურ აქტივობებს და დღეს აქ ხართ და დამსახურებულ დიპლომებს გადმოგცემთ. განსაკუთრებით მახარებს გოგონების აქტიურობა. მიხარია, რომ თქვენ, ახალი თაობა შეცვლით საზოგადოებაში არსებულ მსაჯთან დაკავშირებულ სტერეოტიპს და მჯერა, უფრო მეტ ადამიანს მოუნდება სწორედ ამ გზით გახდეს ფეხბურთის ნაწილი,“- აღნიშნა ლევან კობიაშვილმა.

განათლების მნიშვნელობაზე ისაუბრა ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის დირექტორმა ზაზა დოლიძემ. მან კურსის პრიორიტეტულობა აღნიშნა და ყურადღება სახელმწიფოს მხრიდან ჩართულობაზე გაამახვილა. ზაზა დოლიძის თქმით, ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდი კურსის დაფინანსებას მომავალშიც გააგრძელებს.

ღონისძიების დასასრულს, ლევან და კობიაშვილმა და დავით მუჯირმა მომავალ მსაჯებს შესაბამისი დიპლომები და სიმბოლურად, მსაჯის სამკერდე ნიშნები გადასცეს.

შეგახსენებთ, რომ პირველად საქართველოში, ფეხბურთის ფედერაციის ინიციატივით, კურსის მონაწილეთათვის სრულიად უფასო მსაჯთა აკადემია 2017 წლის მიწურულს გაიხსნა. პროექტი ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის დაფინანსებით განხორციელდა. მსაჯის პროფესიის შესწავლის 500 მსურველიდან, გასაუბრების შედეგად, 20 დეკემბერს სწავლა 30-მა შერჩეულმა მონაწილემ, მათ შორის 7-მა გოგონამ დაიწყო.

GFF.GE

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116514