ფეხბურთი

2:36 | 7.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

ელ კლასიკო: “ბარსელონა” ლა ლიგაში კვლავ დაუმარცხებელია

როგორც ჩანს, “ბარსელონა” უნიკალურ შედეგს მიაღწევს და ლა ლიგის 2017/2018 წლების სეზონს ისე დაასრულებს, რომ წაგება საერთოდ არ ექნება. “ბლაუგრანა” მადრიდის “რეალის” წინააღმდეგ, მთელი ტაიმის განმავლობაში კაცნაკლული თამაშობდა, თუმცა სტუმრებმა 3 ქულის მოპოვება მაინც ვერ შეძლეს და კატალონიური გრანდი კვლავ წაუგებელი დარჩა.

შეხვედრა დაძაბული გამოდგა, ბევრი საკამათო მომენტები შეიქმნა და უნდა ითქვას, რომ ძალიან ცუდი მსაჯობა იყო. პირველ ტაიმში გარეთ ბეილმა სამუელ უმტიტის წინააღმდეგ ძალიან უხეშად ითამაშა, მაგრამ ალეხანდრო ერნანდესმა ეპიზოდი მხოლოდ ჯარიმით შეაფასა. მეორე ნახევარში კი, ლიონელ მესის გოლი ჩასათვლელი არ გახლდათ, რადგან იქამდე ლუის სუარესმა რაფაელ ვარანი წააქცია. გარდა ამისა, ხორდი ალბამ მარსელო საჯარიმოში აშკარად წააქცია და პენალტიც იყო, მაგრამ ერნანდესის სასტვენი კვლავ დუმდა.

საწყის 15 წუთში მაყურებელმა ორი გოლი იხილა: მე-10 წუთზე მარჯვენა ფლანგზე სერხი რობერტომ გაილაღა და ზუსტადაც ჩააწოდა, ლუის სუარესმაც თანაგუნდელს გარჯა დაუფასა და ძლიერი დარტყმით შეაგდო, თუმცა ხუთ წუთში “რეალის” მშვენიერი კონტრშეტევა კრიშტიანო რონალდუმ დააგვირგვინა და წონასწორობა აღდგა. ტაიმის ბოლომდე ორივე გუნდს შეეძლო შედეგის შეცვლა, მაგრამ ფეხბურთელებს გადამწყვეტ ფაზაში სიზუსტე აკლდათ. მსაჯის მიერ მესამე დამატებულ წუთზე სერხი რობერტომ მარსელოს წინააღმდეგ არასპორტულად ითამაშა და წითელი ბარათით დაისაჯა, თუმცა სტუმრებმა რიცხობრივი უპირატესობის სათანადოდ გამოყენება ვერ შეძლეს.

“ბარსელონა” 52-ე წუთზე დაწინაურდა, მაგრამ როგორც აღვნიშნეთ, გოლი არ უნდა ჩათვლილიყო, თუმცა მსაჯებმა ეპიზოდი ვერ დაინახეს (რაც ესპანელ მსაჯებზე გასაკვირი არაა) და მასპინძლები ისევ წინ გავიდნენ. წონასწორობა ოც წუთში გარეთ ბეილმა ბრწყინვალე დარტყმით აღადგინა და შემდგომ, ორივე გუნდის ბევრი მცდელობის მიუხედავად, შედეგი აღარ შეცვლილა – 2:2.

აღსანიშნავია, რომ “რეალს” “ატლეტიკოზე” დაწევა შეეძლო, რომელიც საკუთარ მოედანზე მოულოდნელად “ესპანიოლთან” დამარცხდა. გოლები მეორე ტაიმში გავიდა: ჯერ სავიჩმა შეაგდო ავტოგოლი, ხოლო შემდეგ ლეო ბაპტიშტაომ გაუტანა ყოფილ გუნდს.

“ხეტაფემ” სტუმრად “ლას პალმასს” სძლია და ევროპა ლიგის ზონაში შევიდა, ხოლო “ალავესმა” მაჩანჩალა “მალაგას” გასვლაზე სამი უპასუხო გოლი გაუტანა.

ბარსელონა – რეალი 2:2 (1:1)

გოლები: 1:0 ლ.სუარესი (10), 1:1 რონალდუ (15), 2:1 მესი (52), 2:2 ბეილი (72)
გაძევება: რობერტო (45+3)

მალაგა – ალავესი 0:3 (0:1)

გოლები: 0:1 მ.გარსია (3), 0:2 დემიროვიჩი (68), 0:3 იბაი (70)

ლას პალმასი – ხეტაფე 0:1 (0:0)

გოლი: ანხელი (88)

ატლეტიკო – ესპანიოლი 0:2 (0:0)

გოლები: 0:1 სავიჩი (53 ს.კ.), 0:2 ბაპტიშტაო (77)

0.11048