ფეხბურთი

5:15 | 15.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

ლა ლიგა: “ბარსელონამ” ისტორიული რეკორდი დაამყარა

ლა ლიგის 32-ე ტურში ისტორიული ფაქტი დაფიქსირდა: “ბარსელონამ” საკუთარ მოედანზე “ვალენსია" მინიმალური სხვაობით დაამარცხა, რითაც ესპანეთის ჩემპიონატის ახალი რეკორდი დაამყარა: ზედიზედ 39-ე შეხვედრა არ წააგო და “სოსიედადის” 1979/1980 წლების მიღწევა გააუმჯობესა.

“ბლაუგრანამ” შუა კვირაში როგორი სირცხვილიც იწვნია, ყველამ კარგად ვიცით და ამაზე თავს აღარ შეგაწყენთ – მხოლოდ ამ შეხვედრაზე ვისაუბრებთ. “ნოუ კამპზე” შეკრებილმა პუბლიკამ ორმხრივი შეტევები იხილა. ისეთი თამაში იყო, რომ გასაკვირი არ იქნებოდა, სულ სხვა შედეგი დაფიქსირებულიყო. “ღამურებმა” ძალიან ბევრი მომენტი შექმნეს, თუმცა საკუთარ თავს უნდა დააბრალონ, რომ მათი გამოყენება ვერ შეძლეს და თებერვლის შემდგომ პირველად დამარცხდნენ.

პირველი მომენტიც სწორედ სტუმრებს ჰქონდათ: გონსალო გუედეში შორეულ კუთხეში ლამაზ გოლს იტანდა, მაგრამ ტერ შტეგენმა მშვენივრად ითამაშა და ბურთი ლამაზ ნახტომში მოიგერია. ამის შემდგომ კი, ერთხელ ნეტოც ჩაერთო საქმეში, ხოლო მე-15 წუთზე ფელიპე კოუტინიოს ძალიან კარგი გადაცემა ლუის სუარესმა შეირგო და ახლო მანძილიდან ანგარიში გახსნა. გაშვებული გოლის შემდგომ, “ლოს ჩე” კიდევ უფრო გააქტიურდა და ორი 100%-იანი საგოლე შანსი შექმნა: გუედეშის დარტყმის შემდეგ ბურთი კარში გადიოდა, მაგრამ მცველს მოხვდა და კარს ოდნავ ასცდა, ხოლო როდრიგომ დაახლოებით ხუთი მეტრიდან ვერ შეძლო გატანა: ტერ შტეგენმა ბურთი მოიგერია და შემდგომ ხარიხას მოხვდა. ტაიმი 1:0 დასრულდა.

მეორე ნახევრის დასაწყისშიც “ღამურებს” კიდევ ერთი ძალიან მაგარი შანსი ჰქონდათ, შამუელ უმტიტის შეცდომის შემდგომ როდრიგო მეკარესთან პირისპირ დარჩა, მან ტერ შტეგენს კი გადააცილა ბურთი, მაგრამ პიკემ ბურთი ცარიელი კარიდან გამოიტანა. აქ კი ამოქმედდა დაუწერელი საფეხბურთო კანონი: ვერ გაიტან – გაგიტანენ. ერთ წუთში ფელიპე კოუტინიომ კუთხური მოაწოდა და სამუელ უმტიტიმ თავური დარტყმით სხვაობა გაზარდა. მეორე გაშვებულმა გოლმა კი მარსელინიო ტორალის გუნდს თამაშის ხალისი დაუკარგა, “ბლაუგრანამ” უპირატესობა მოიპოვა და რამდენჯერმე მესამე გოლის გატანის კარგი შანსიც ჰქონდათ: ლიონელ მესიმ და ფელიპე კოუტინიომ ოდნავ ააცილეს, ხოლო ანდრეს ინიესტას ნეტომ არ გაატანინა ლამაზი გოლი. “ღამურებმა” კი რაც შეძლეს პრესტიჟის გოლის გატანაა, დემბელემ საკუთარ საჯარიმოში გაია წააქცია და დელ სერო გრანდემ პენალტი დანიშნა, რომელიც დანი პარეხომ აქცია გოლად და შეხვედრა 2:1 დასრულდა.

დრამატული გამოდგა დღის გახსნითი შეხვედრა. 75-ე წუთამდე 10-კაციანი “სევილია” საკუთარ მოედანზე “ვილიარეალთან” 0:2-ს აგებდა, მაგრამ დასკვნით 15 წუთში მოვლენები საპირისპიროდ განვითარდა. 76-ე წუთზე ხაუმე კოსტამ საკუთარ საჯარიმოში ხელით ითამაშა, რის გამოც მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მოედანი დატოვა, ხოლო “ვილიარეალის” კარის მიმართულებით 11-მეტრიანი დაინიშნა. ბურთთან ნოლიტო მივიდა, მაგრამ სერხიო ასენხიოს ვერ აჯობა. თუმცა, ნოლიტომ საკუთარი შეცდომა ერთ წუთში გამოასწორა და ახლო მანძილიდან სხვაობა შეამცირა, ოთხ წუთში კი სტივენ ნ’ზონზიმ შესანიშნავი შორეული გასროლით წონასწორობა აღადგინა – 2:2.

ზედიზედ მეორე შეხვედრა მოიგო “დეპორტივომ” და ლა ლიგაში დარჩენისთვის ბრძოლაში ისევ ჩაერთო. გალისიელებმა ძალიან რთული შეხვედრა მოიგეს – გასვლაზე “ბილბაომ” 3:2 დაამარცხეს და მე-17 ადგილოსან “ლევანტეს” 5 ქულით ჩამორჩებიან. “ლას პალმასმა” კი მიკელ ოიარზაბალის გოლით შინ “სოსიედადთან” წააგო და თუ სასწაული არ მოხდა, გაისად ლა ლიგა2-ში მოუწევს თამაში.

სევილია – ვილიარეალი 2:2 (0:1)

გოლები: 0:1 რაბა (36), 0:2 ბაკა (68), 1:2 ნოლიტო (78), 2:2 ნ’ზონზი (82)
გაძევება: ბენ იედერი (62 ს.), ხ.კოსტა (76 ვ.)

ბილბაო – დეპორტივო 2:3 (0:2)

გოლები: 0:1, 0:2 ადრიანი (6; 14), 1:2 რ.გარსია (47), 1:3 ბორხა (53), 2:3 სუსაეტა (72)

ლას პალმასი – სოსიედადი 0:1 (0:1)

გოლი: ოიარზაბალი (21)

ბარსელონა – ვალენსია 2:1 (1:0)

გოლები: 1:0 ლ.სუარესი (15), 2:0 უმტიტი (51), 2:1 პარეხო (87 პენ.)

თეგებილა ლიგა
0.112204