სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

16:54 | 10.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

„თამაში ყველასთვის“ - ფეხბურთის ფედერაცია კახა კალაძის ინიციატივას გამოეხმაურა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია თბილისის მერის, კახა კალაძის ინიციატივას, ბელიაშვილის ქუჩაზე 8 აპრილს მომხდარი ინციდენტის საპასუხოდ საფეხბურთო ამხანაგური მატჩის ჩატარების შესახებ, ოფიციალური განცხადებით გამოეხმაურა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„თამაში ყველასთვის“ - ამ სლოგანით საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია საერთაშორისო საფეხბურთო ორგანიზაციებთან ერთად, როგორც სანაკრებო, აგრეთვე ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მატჩებს და ტურნირებს პერიოდულად ატარებს. ამასთან, არაერთი სოციალური აქტივობა გასულ და მიმდინარე წელს, სწორედ ამ კამპანიის ფარგლებში განხორციელდა. ფეხბურთი, როგორც სოციალური მოვლენა ყველა საზოგადოების განუყოფელი ნაწილია. ჩვენი მთავარი გზავნილი როგორც მოედანზე, აგრეთვე მის ფარგლებს გარეთ, არის თანასწორობა, რომელიც საზოგადოების ერთიანობის ერთგვარი სიმბოლოა.

მივესალმებით დედაქალაქის მერის, კახა კალაძის ინიციატივას, ჩატარდეს საფეხბურთო, ამხანაგური შეხვედრა 8 აპრილს, ბელიაშვილის ქუჩაზე მომხდარი ინციდენტის საპასუხოდ. მატჩი ჩვენს მოქალაქეებსა და დედაქალაქში სასწავლებლად ჩამოსულ სტუმრებს შორის შედგება. ფეხბურთის ფედერაცია გიწვევთ შეხვედრაზე, რომელიც 14 აპრილს, 18 საათზე, ბელიაშვილის ქუჩაზე მდებარე საფეხბურთო მოედანზე ჩატარდება, რადგან ყველას უნდა შეეძლოს ისიამოვნოს ფეხბურთით” - აღნიშნულია ფეხბურთის ფედერაციის განცხადებაში.

როგორც ცნობილია, 8 აპრილს, ბელიაშვილის ქუჩაზე მდებარე საფეხბურთო მოედანზე, ადგილობრივ მოსახლეობასა და საქართველოში მცხოვრებ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.117397