ფეხბურთი

2:47 | 1.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

“სიტის” ისტორიული შანსი – ჩემპიონობა “იუნაიტედის” წინაშე?

პრემიერლიგის 32-ე ტურში “მანჩესტერ სიტიმ” მორიგი იოლი გამარჯვება მოიპოვა და ახლა ისტორიული შანსი აქვს, რომ პრინციპული მეტოქის წინაშე აღმართოს საჩემპიონო თასი: იმ შემთხვევაში, თუ ხოსეპ გვარდიოლას გუნდი მომდევნო ტურში “ეტიჰად სთედიუმზე” თანაქალაქელ “იუნაიტედს” დაამარცხებს, “სიტი” გათამაშების დასრულებამდე ხუთი თამაშით ადრე გაინაღდებს ტიტულს.

“სიტი” გასვლაზე “ევერტონს” დაუპირისპირდა, ერთდაერთ გუნდს, რომელმაც მიმდინარე სეზონში გათამაშების ლიდერს საკუთარ მოედანზე ქულები დააკარგვინა. მერსისაიდელებმა “გუდისონ პარკზე” ვეღარ ივარგეს და შეხვედრის ბედი პირველივე ტაიმში გადაწყდა.

ანგარიში მე-4 წუთზე ლეროი სანემ გახსნა, რომელმაც ეფექტური დარტყმით პიკფორდს შანსი არ დაუტოვა. რვა წუთში უკვე გაბრიელ ჟეზუსის ჯერი დადგა, რომელიც კევინ დე ბრუინის ჩაწოდებულს გამოეხმაურა და ახლო მანძილიდან თავით შეაგდო. 37-ე წუთზე კი დავიდ სილვამ კარის გასწვრივ რაჰიმ სტერლინგს უპასა და ამ უკანასკნელსაც გატანა არ გასჭირვებია. მეორე ნახევარში სტუმრებს თავი აღარ გამოუდიათ, ხოლო ბოლასიმ პრესტიჟის ბურთი შეაგდო და შეხვედრა 1:3 დასრულდა.

იმარჯვეს მე-2 ადგილის პრეტენდენტებმა: “მანჩესტერ იუნაიტედმა” და “ლივერპულმა”. “წითელმა ეშმაკებმა” “სუონსის” უმასპინძლეს და საქმე საწყის 20 წუთში მოამთავრეს. მე-5 წუთზე საკუთარი გუნდი რომელუ ლუკაკუმ დააწინაურა და პრემიერლიგაში მე-100 გოლი გაიტანა, ხოლო მე-20 წუთზე საკუთარი შანსი ალექსის სანჩესმა გამოიყენა – 2:0.

“ლივერპული” გასვლაზე მე-17 ადგილზე მყოფ “კრისტალ პალასს” დაუპირისპირდა და პირველი ტაიმი წააგო, მაგრამ მეორე ნახევარში შეხვედრის შემობრუნება მოახერხა: 49-ე წუთზე მანემ ახლოდან შეაგდო, 84-ე წუთზე კი მოჰამედ სალაჰმა ივარგა და მიმდინარე გათამაშებაში 29-ე გოლი გაიტანა – 1:2.

ძალიან დაძაბული მდგომარეობაა ცხრილის ქვედა ნაწილში, სადაც მხოლოდ ერთი რამაა ნათელი: “ვესტ ბრომვიჩი” უშანსოდაა და 99%-ით პრემიერლიგას დატოვებს. “ბულბულებმა” ამჯერად შინ “ბარნლისთან” წააგეს, რომელიც შესანიშნავ სეზონს ატარებს და მე-7 ადგილზე იმყოფება.

“ნიუკასლმა” აიოზე პერესის გოლით შინ “ჰადერსფილდს” მოუგო და გასავარდნ ზონას 7 ქულით მოცილდა. იმარჯვა “ვესტ ჰემმაც”, რომელმაც მე-18 საფეხურზე მყოფ “საუთჰემპტონს” სამი უპასუხო ბურთი გაუტანა და საშიშ ზონას 5 ქულით გაუსწრო.

საფრთხე ემუქრება “ბრაიტონსაც”, რომელმაც საკუთარ მოედანზე “ლესტერთან” 0:2 წააგო. 83-ე წუთამდე ანგარიში გახსნილი არ გახლდათ, ხოლო 77-ე წუთზე მასპინძელთა ფორვარდმა გლენ მარიმ პენალტი ვერ გაიტანა...

“უოტფორდმა” “ბორნმუთს” უმასპინძლა და 3 ქულასთან ძალიან ახლოს იყო, მაგრამ 92-ე წუთზე ჯერმეინ დეფომ გაათანაბრა. ორივე გუნდს 37-37 ქულა აქვთ და გასავარდნ ზონას 9 ქულით უსწრებენ.

კრისტალ პალასი – ლივერპული 1:2 (1:0)

გოლები: 1:0 მილივოიევიჩი (13 პენ.), 1:1 მანე (49), 1:2 სალაჰი (84)

ბრაიტონი – ლესტერი 0:2 (0:0)

გოლები: 0:1 იბორა (83), 0:2 ვარდი (96)
გაძევება: ნდიდი (87 ლ.)

77-ე წუთზე მარიმ პენალტი ვერ გაიტანა (მეკარე)

მანჩესტერ იუნაიტედი – სუონსი 2:0 (2:0)

გოლები: 1:0 ლუკაკუ (5), 2:0 სანჩესი (20)

ნიუკასლი – ჰადერსფილდი 1:0 (0:0)

გოლი: ა.პერესი (80)

უოტფორდი – ბორნმუთი 2:2 (1:1)

გოლები: 1:0 კიკო (13), 1:1 კინგი (43 პენ.), 2:1 პერეირა (49), 2:2 დეფო (92)

ვესტ ბრომვიჩი – ბარნლი 1:2 (0:1)

გოლები: 0:1 ბარნსი (22), 0:2 ვუდი (73), 1:2 რონდონი (83)

ვესტ ჰემი – საუთჰემპტონი 3:0 (3:0)

გოლები: 1:0 ჟ.მარიო (13), 2:0, 3:0 არნაუტოვიჩი (17; 45+4)

ევერტონი – მანჩესტერ სიტი 1:3 (0:3)

გოლები: 0:1 სანე (4), 0:2 ჟეზუსი (12), 0:3 სტერლინგი (37), 1:3 ბოლასი (63)

0.14796