სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

10:22 | 24.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

სპარინგზე მეტი
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგისთვის სამზადისს იწყებს. იქამდე ჯერაც დიდი დროა, 5 თვეზე მეტი, მაგრამ ფაქტია, ამჟამინდელი სანაკრებო პაუზა სწორედ ერთა ლიგისთვის შეთამაშებას და ჩამოყალიბებას უნდა დაეთმოს.

ვლადიმირ ვაისის პირველი სპარინგ პარტნიორი ლიტვის ნაკრებია. გუნდი, რომელიც დღევანდელი მდგომარეობით ნამდვილადაა ჩვენი საპირწონე და ერთა ლიგაზე ჩვენი მეტოქეების დონის. მოკლედ, აგერ, ბატონო, ბურთი და მოედანი – დანარჩენი გამოჩნდება.

მართალია დღევანდელი შეხვედრა ამხანაგურია და შედეგის მხრივ არანაირი დატვირთვა არ აქვს, მაგრამ ახლა ექსპერიმენტების დრო ნამდვილად არაა. დიახ, როდის, თუ არა ახლა, საქართველოს ნაკრებმა სწორედ იმ შემადგენლობით, მონახაზით და ტაქტიკით უნდა ითამაშოს, რომელსაც ერთა ლიგაზე დაეყრდნობა და გამოიყენებს. შესაბამისად, ერთმნიშვნელოვნად, ლიტვასთან სპარინგი მოსაგებია.

ამაზე, თავად ვაისმაც ისაუბრა და ხაზი გაუსვა, რომ მისმა გუნდმა მოგებასთან ერთად პირველ ნომრად თამაშიც უნდა ისწავლოს. შესაბამისად, ძირითად შემადგენლობაში ექსპერიმენტებს დიდად არ უნდა ველოდოთ...

ვაისის სავარაუდო არჩევანი

მეკარე – გიორგი ლორიამ პრემიერლიგის ბოლო ტურში 90 წუთი თადარიგში გაატარა, მაგრამ იქამდე სათამაშო პრაქტიკას არ უჩიოდა და ადვილი სავარაუდოა, რომ სწორედ ის დაცვას დღეს საქართველოს ნაკრების კარს. თუმცა, სლოვაკმა მწვრთნელმა თამაშამდე აღნიშნა, რომ სურს შანსი სამივე კიპერს მიეცეს – შეცვლებში შეზღუდული ნამდვილად არაა.

დაცვა – ოთარ კაკაბაძე იმდენად მაგარ სეზონს ატარებს, რომ კითხვის ნიშანი მარჯვენა მცველის პოზიციაზე დღის წესრიგიდან ნამდვილად მოხსნილია. ისევე, როგორც დაცვის ცენტრი – გურამ კაშია და სოლომო კვირკველია. მარცხნივ კი, გიორგი ნავალოვსკის გამოჩენაა სავარაუდო, ვინაიდან ბოლო დროს ამ პოზიციაზე შეუცვლელია გასაგები მიზეზების გამო. თან, სხვა არჩევანი ფაქტობრივად არაა.

ნახევარდაცვა – ორი საყრდენის ადგილისთვის კონკურენცია მართლაც დიდია. ჯაბა კანკავა და ნიკა კვეკვესკირი კი, ამ ეტაპზე ფავორიტები არიან. თუნდაც იმიტომ, რომ თანაგუნდელები არიან და შეთამაშებულებიც უნდა იყვნენ. თუმცა, არც გიორგი აბურჯანიასა და ვაკო გვილიას აქვთ ურიგო შანსი. განსაკუთრებით ამ უკანასკნელს, რომელიც შვეიცარიულ “ლუცერნში” ჩინებულ პერიოდს განიცდის. ისე, ამას რა ჯობია – საქართველოს ნაკრებში კონკურენცია ხომ არცთუ ისე ხშირი მოვლენაა?! გვილიას ძირითადში გამოჩენას ალბათ უფრო ესტონეთთან მატჩში უნდა ველოდოთ, მაგრამ ამაზე შემდეგ. სანაკრებო დებიუტი პირველივე წუთიდან ექნება გიორგი ჩაკვეტაძეს. 18 წლის ნახევარმცველის ამბავი ვაისმა უკვე დააანონსა. ჩაკვეტაძე ალბათ თავდამსხმელის უკან, ე.წ გამთამაშებლის პოზიციაზე გაირჯება. მხარს კი, ვაკო ყაზაიშვილი და ჯანო ანანიძე დაუმშვენებენ.

ფორვარდი – გამოკვეთილი ფორვარდის პოზიციაზე ვაისს სამი არჩევანი აქვს. გიორგი ქვილითაია და ნიკა კაჭარავა ბოლო დროს მოედანს უგოლოდ არ ტოვებენ. ვაისის განცხადებით, ორივეს ერთად სასტარტოში გამოჩენა საკმაოდ რთული იქნება. დღეს, ალბათ მოედანზე ქვილითაიას ვიხილავთ.

მივიღეთ შემდეგი სავარაუდო შემადგენლობა (4-2-3-1): ლორია; კაკაბაძე, კაშია, კვირკველია, ნავალოვსკი; კანკავა, კვეკვესკირი; ანანიძე, ჩაკვეტაძე, ყაზაიშვილი; ქვილითაია

თამაშგარეში

ეს, ის შემთხვევაა, როდესაც საქართველოს ნაკრები კონკრეტულ შეხვედრას სერიოზული საკადრო პრობლემების გარეშე ხვდება. მართალია, ჩვენთვის თორნიკე ოქრიაშვილი და ლევან მჭედლიძე დიდი ძალაა (მათ დავით ხოჭოლავაც დაემატა), მაგრამ თუ ბოლო პერიოდს გავიხსენებთ, ასეთი მცირე დანაკლისი საქართველოს ნაკრებს მართლაც კარგა ხანია არ ჰქონია. თანაც, გუნდში მიწვეულ ფეხბურთელთა უმრავლესობას სათამაშო პრაქტიკა აქვს და კარგ ფორმაშიც იმყოფებიან.

თამაშგარეში დარჩა გიორგი ჭანტურიაც, თუმცა ამის მიზეზი ჯანმრთელობა არაა – ვაისმა თავად თქვა უარი რუსული “ურალის” გარემარბზე.

საქართველო და ვაისი სპარინგებში

თუ ოფიციალურ მატჩებში საქართველო ვერ იგებს, ამხანაგურებში არ აგებს. უკვე 4 მატჩია “ჯვაროსნებს” სპარინგებში მარცხი არ განუცდიათ (სამი მოგება და ბოლოს ფრე ბელარუსთან). უკანასკნელი მარცხი 2017 წლის 25 იანვრით თარიღდება “იორდანიასთან” (0:1). თუმცა, ეს შეხვედრა ფიფას კალენდარში არ შედიოდა და თუ ამას მივაქცევთ ყურადღებას, მაშინ ვნახავთ, რომ საქართველოს ნაკრებმა ბოლო ამხანაგური მატჩი 2016 წლის მაისში, რუმინეთთან წააგო (1:5).

საერთოდ, რაც ვლადიმირ ვაისი საქართველოს ნაკრების თავკაცია, გუნდმა 10 ამხანაგური შეხვედრა ჩაატარა, 4 მოიგო, 3 ფრე ითამაშა, 3 წააგო, გაიტანა 17 და გაუშვა 14 გოლი.

მეტოქე

ლიტვის ნაკრები საქართველოსთვის უცხო სულაც არაა. სანამ ბალტიისპირელებთან უშუალოდ ურთიერთშეხვედრებზე გეტყოდეთ, მანამდე ამ გუნდის ბოლოდროინდელ შედეგბს გავეცნოთ. ლიტვის ნაკრებს უკვე წელიწადნახევარია გამარჯვება არ მოუპოვებია. ბოლოს ასეთი რამ 2016 წლის 11 ოქტომბერს მოხდა, როდესაც მალტას 2:0 აჯობა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში.

იქედან მოყოლებული ლიტველებმა 8 მატჩი ჩაატარეს, 7 წააგეს და ოდენ კინკილა ფრეს გამორჩნენ. მოკლედ, ედგარას იანკაუსკასის გუნდის შედეგები საკმაოდ მძიმეა.

პირისპირ

საქართველოსა და ლიტვის ნაკრებები დღეს მერვედ გაეჯიბრებიან ერთმანეთს. სადებიუტო შეხვედრა 1990 წლის 27 მაისს, თბილისში შედგა. მაშინ გამარჯვებული არ გამოვლენილა (2:2). ეს დღემდე ერთადერთი გამონაკლისია, როდესაც ლიტვასთან მატჩში ფრე დაფიქსირდა.

1992 წლის 2 სექტემბერს, კაუნასში, ასვე სპარინგული ხასიათის დაპირისპირება, უკვე მასპინძელთა გამარჯვებით დასრულდა (1:0). იყო კიდევ ერთი ამხანაგური თამაში – 2005 წლის 9 თებერვალს, თბილისში, საქართველომ მიხეილ აშვეთიას გოლით სძლია მეტოქეს.

დანარჩენი 4 მატჩი კი ოფიციალური ხასიათის იყო – მსოფლიოს 2002 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში საქართველოს ნაკრებმა ლიტვას შანსი არ დაუტოვა და ორივე თამაში დამაჯერებლად მოუგო. ჯერ, 2000 წლის 7 ოქტომბერს, კაუნასში, როდესაც “ჯვაროსნებმა” ბალტიისპირელები 4:0 გაანადგურეს. ეს ყველაზე დიდი სხვაობა ამ გუნდებს შორის, რომელიც დაფიქსირებულა. მაშინ დუბლი თემურ ქეცბაიამ პირველივე ტაიმსი მიითვალა, ხოლო გიორგი ქინქლაძემ და შოთა არველაძემ მეორე ნახევარში ანგარიშს გამანადგურებელი სახე მისცეს.

იმავე შესარჩევ ციკლში ერთი წლის თავზე, 2001 წლის 5 სექტემბერს, “მიხეილ მესხზე” ქართველებმა ბოლოსკენ გატეხეს მეტოქის წინააღმდეგობა. ალექსანდრე იაშვილმა 81-ე და 82-ე წუთზებ დუბლი გაიფორმა (2:0).

აი, ევროპის 2008 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში კი, ლიტვამ სრულფასოვანი რევანში აიღო და საქართველოს ორჯერ აჯობა. 2007 წლის 2 ივნისს, ვილნიუსში გამართული მატჩის ბედი საულიუს მიკოლიუნასის 78-ე წუთზე გატანილმა კინკილა გოლა გადაწყვიტა, ხოლო იმავე წლის 21 ნოემბერს, “დინამო არენაზე” სტუმრებმა უფრო ადვილად იმარჯვეს – 0:2. დუბლით გამოირჩა ადრიუს კსანავიჩუსი.

მოკლედ, სრული თანაფარდობაა: 7 მატჩი, 3 მოგება, 1 ფრე, 3 წაგება. ოდენ ბურთების ბალანსია საქართველოს ნაკრების სასარგებლოდ - 9:6.

გახურება ერთა ლიგამდე

მოკლედ, საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის მზადების პროცესს იწყებს. როგორც უკვე აღვნიშნეთ 5 თვე საკმაო დროა, მაგრამ ვლადიმი ვაისის ნაკრებს ამ დროში არც ისე ბევრი მატჩის გამართვა უწევს (ჯერჯერობით დაზუსტებულია მხოლოდ 3 სპარინგი). რაც იმას ნიშნავს, რომ სლოვაკ სპეციალისტს და მის სამწვრთნელო შტაბს დრო თითქმის აღარ აქვთ. შესაბამისად, ლიტვასთან შეხვედრა ერთ-ერთი გენერალური რეპეტიციაა და საქართველოს ნაკრების ბევრი რამ აქვს დასამტკიცებელი, როგორც საკუთარ თავთან, ისე გულშემატკივრებთან – გამარჯვებულის მენტალიტეტის შექმნა, შეთამაშება, პირველ ნომრად თამაში, სათამაშო მონახაზის გამოკვეთა, სტილი...

აქვე გეტყვით, რომ საქართველოსა და ლიტვის ნაკრებთა მატჩი დღეს, 19:00 საათზე, “მიხეილ მესხზე” გაიმართება. გულშემატკივრებისთვის დასწრება თავისუფალია.

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.107216
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X