ფეხბურთი

3:42 | 9.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

ევროპა ლიგა: “მილანი” ღრუბლებიდან დაეშვა, “ატლეტიკომ” - მადრიდშივე მოამთავრა

ევროპა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის ცენტრალური დაპირისპირება რაღა თქმა უნდა “სან სიროზე” შედგა. ერთმანეთს ისეთი კლუბები შეხვდნენ, რომლებიც წესით, ასეთ დროს სხვა, რანგით უფრო მაღალ ევროტურნირზე ასპარეზობენ, თუმცა დრომ ასე მოიტანა. “მილანსაც” და “არსენალსაც” ისტორიაში საუკეთესო ჟამი არ უდგათ და მეორეხარისხოვან ევროტურნირზე თამაშით უწევთ საკუთარი ამბიციების დაკმაყოფილება.

“მილანს” ჯენარო გატუზოს მოსვლა მოუხდა. “როსონერის” უკანასკნელად 23 დეკემბერს “ატალანტასთან” ჰქონდა წაგებული, მას შემდგომ ლომბარდიულმა გრანდმა 13 შეხვედრა განვლო წაუგებლად. “არსენალს” კი პირიქით, ძალიან ცუდი პერიოდი უდგას, ლონდონურმა კლუბმა ბოლო ოთხი შეხვედრა დათმო და პრემიერლიგაში ოთხეულში მოხვედრის შანსი დაკარგა. აქედან გამომდინარე, ამ მატჩში ფავორიტად “მილანი” ითვლებოდა, თუმცა მოვლენები სრულიად საპირისპიროდ განვითარდა.

შეხვედრა ორმხრივ იერიშებში დაიწყო. მასპინძელთაგან ჯაკომო ბონავენტურას მე-2 წუთზევე შეეძლო გატანა, მაგრამ ბურთს ვერ მიწვდა. კარგი მომენტი შეექმნა პატრიკ კუტრონეს, რომელმაც დავიდ ოსპინას კარს ააცილა, ხოლო სტუმართაგან ჰენრიხ მხითარიანს დააკლდა სიზუსტე. სომეხ ფეხბურთელს სულ მალე კიდევ ერთი შანსი შეექმნა, მას ლეონარდო ბონუჩიც დაეხმარა, რომელსაც ჰენრიხის მიერ დარტყმული ბურთი მოხვდა, დონარუმა უშანსოდ დარჩა და მე-15 წუთზე ლონდონელები დაწინაურდნენ.

“როსონერიმ” სიტუაციის გამოსწორება სცადა, მაგრამ “არსენალი” აშკარად უკეთესად გამოიყურებოდა და უფრო გააზრებულად თამაშობდა. მასპინძლებს სახიფათო მომენტის შექმნა უჭირდათ, ხოლო ლონდონელებმა ტაიმის უკანასკნელ 5-წუთიან მონაკვეთში 4 ძალიან კარგი შეტევა განახორციელეს: ორ შემთხვევაში დონარუმამ ივარგა, შემდეგ ჰენრიხ მხითარიანმა ბურთი ხარიხას გაარტყა, მაგრამ ბოლოს გოლი მაინც გავიდა: მე-4 დამატებულ წუთზე მესუთ ოზილმა უნაკლო გადაცემით აარონ რემსი მეკარესთან პირისპირ დატოვა, რომელიც უელსელმა ერთი მოძრაობით დააწვინა და ბურთი ცარიელ კარში შეაგორა.

მეორე ნახევრის დასაწყისში დენი უელბეკს მესამე გოლის გატანა და ყველაფრის გადაწყვეტა შეეძლო, მაგრამ კვლავ დონარუმამ ივარგა. ამის შემდგომ კი, “არსენალმა” უკან დაიხია და ორგანიზებულად დაიწყო კარის დაცვა. “მილანი” კი მთელი ძალებით ცდილობდა ერთი ბურთის დაქვითვას, მაგრამ გააზრებული შეტევების განხორციელება უჭირდათ და შედეგად, “არსენალმა” კარის მშრალად შენახვა შეძლო – 0:2. ჩვენი თქმა არ უნდა, რომ განმეორებითი შეხვედრის წინ არსენ ვენგერის გუნდი უპირობო ფავორიტია.

“ატლეტიკო” “ვანდა მეტროპოლიტანოზე” მოსკოვის “ლოკომოტივს” დაუხვდა, სამი უპასუხო ბურთი გაუტანა და ორმატჩიანი დუელის ბედი მადრიდშივე გადაწყვიტა. მასპინძლებმა ტაიმი საულ ნიგუეზის ულამაზესი გოლით მოიგეს, რომელმაც 22-ე წუთზე დაახლოებით 35 მეტრიდან უძლიერესად და ამავდროულად უზუსტესად გაისროლა. გოლის გატანა გრიზმანსაც შეეძლო, დიეგო კოშტა, რომელიც თამაშგარეში იმყოფებოდა, ეპიზოდს გამოეთიშა და მსაჯმა გუნდებს თამაშის გაგრძელების საშუალება მისცა, რამაც სტუმართა კიპერი გილერმე დააბნია, რომელსაც ანტუანმა ბურთი მოპარა, მაგრამ მახვილი კუთხიდან ცარიელ კარში ვეღარ შეაგდო. მეორე ტაიმის დაწყებისთანავე დიეგო კოშტამ დამატებაზე იყოჩაღა და მეორე ბურთიც გაიტანა, ხოლო 90-ე წუთზე ლისოვმა საკუთარ ნახევარზე დაკარგა ბურთი, შეტევა ხუანფრანმა განაგრძო და გადაცემა საჯარიმოში გააკეთა, სადაც სოლომონ კვირკველიას კოკემ დაასწრო და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 3:0.

დღის მთავარი სენსაცია “სინგნალ იდუნა პარკზე” დაფიქსირდა, სადაც ადგილობრივი “დორტმუნდი” “ზალცბურგთან” დამარცხდა, თუმცა თუ თამაშის სცენარის მიხედვით ვიმსჯელებთ, შედეგი აბსოლუტურად ლოგიკურია და შეიძლებოდა, რომ ავსტრიელებს უფრო დიდი ანგარიშითაც ემარჯვათ.

სტუმრებს ტაიმის უკანასკნელ 5 წუთში ორი 100%-ინი მომენტი შეექმნათ: მეკარესთან პირისპირ გასულ ჰი-ჩენ ჰუანგს ბიურკმა არ გაატანინა, ხოლო დამატებაზე დაბურის თავურს მარსელ შმელცერი გაუმკლავდა, რომელმაც კარის ხაზიდან გამოიტანა ბურთი. ბოლო წამებზე კი ჰი-ჩენ ჰუანგმა უკვე ძელი შეაზანზარა.

მეორე ნახევარიც სტუმართა იერიშებით დაიწყო და სამხრეთ კორეელმა ფეხბურთელმა ომერ თოფრაკთან ორთაბრძოლაში პენალტი გამოიმუშავა, რომელიც დასანიშნი არ ყოფილა. წესების დარღვევა იყო, თუმცა საჯარომოს გარეთ, მაგრამ მსაჯები შეცდნენ, რითაც კოსოვოელმა ვალონ ბერიშამ ისარგებლა და ანგარიში გახსნა, რომელმაც 56-ე წუთზე სულაც დუბლი გაიფორმა. მალევე ანდრე შურლემ ახლო მანძილიდან ერთი ბურთი გაქვითა, მაგრამ დარჩენილ დროში “დორტმუნდმა” მეტის გაკეთება ვეღარ შეძლო და ანგარიში აღარ შეცვლილა – 1:2.

აბსოლუტურად თანაბარი შეხვედრა შედგა მოსკოვში, სადაც ცსკა “ლიონს” დაუხვდა და მინიმალური სხვაობით დამარცხდა. ერთადერთი გოლი 68-ე წუთზე გავიდა: მემფის დეპაიმ კუთხური მოაწოდა, შემდეგ კი მარსელომ იყოჩაღა და თავური დარტყმით გამარჯვების მომტანი გოლი გაიტანა – 0:1.

“მარსელმა” “ველოდრომზე” “ბილბაო” მიიღო, ძალიან დაჩაგრა და ბასკებს აშკარად გაუმართლათ, რომ გაცილებით დიდი სხვაობით არ წააგეს. ფრანგები პირველივე წუთზე დაწინაურდნენ: ულამაზესი კომბინაცია განახორციელეს, რომელიც ლუკას ოკამპოსმა დააბოლოვა. მე-14 წუთზე დიმიტრი პაიემაც არანაკლები სილამაზის გოლი შეაგდო, ხოლო სულ მალე ვალერი ჟერმენსაც შეეძლო გატანა, მაგრამ ერერინმა აჯობა. ბასკებმა გოლი მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში გაიტანეს და აბსოლუტურად დაუმსახურებლად, რადგან პენალტი დასანიშნი არ ყოფილა – ადილ რამის ბურთი ხელში კი მოხვდა, მაგრამ ისეთ მომენტში, როდესაც ხელი სხეულზე მიდებული ჰქონდა, ასეთ დროს კი პენალტი არ ინიშნება, თუმცა ამჯერად ასე არ მოხდა და 11-მეტრიანი არიც ადურისმა აქცია გოლად.

ფრანგები მეორე ნახევარშიც დიდ უპირატესობას ფლობდნენ, 57-ე წუთზე ლუკას ოკამპოსმა დუბლი გაიფორმა და ორბურთიანი უპირატესობა აღადგინა. მასპინძლებს კიდევ ბევრი მომენტი ჰქონდათ, თუმცა “ბილბაოს” გაუმართლა და შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი შეინარჩუნა – 3:1.

“ლაიფციგი” ბრუმას და ვერნერის გოლებით “ზენიტს” კომფორტული სხვაობით უგებდა, თუმცა დომენიკო კრიშიტოს ულამაზესმა ჯარიმამ გერმანელებს გეგმები აურია და მომდევნო კვირას სანქტ-პეტერბურგში ურთულესი მატჩის გადატანა მოუწევთ.

“სპორტინგი” ლისაბონში “პლზენს” დაუპირისპირდა, ფრედი მონტეროს დუბლით იმარჯვა და 1/4 ფინალისკენ უდიდესი ნაბიჯი გადადგა.

უხვგოლიანი გამოდგა “სტადიო ოლიმპიკოზე” გამართული “ლაციოს” და კიევის “დინამოს” ჯახი. უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, გუნდებმა დასკვნით 45 წუთში ერთმანეთის კარი ორ-ორჯერ აიღეს. ანგარიში 52-ე წუთზე გაიხსნა: იტალიელთა დაცვა ჩავარდა, რითაც ციგანკოვმა ისარგებლა და ორიოდე მეტრიდან ქუსლით გაიტანა. “არწივებმა” წონასწორობა ზუსტად ორ წუთში აღადგინეს: ფელიპე ანდერსონის გადაცემა ჩირო იმობილემ გამოიყენა და ბოიკოს შანსი არ დაუტოვა, ხოლო 62-ე წუთზე თავად ანდერსონმა შეძლო გატანა. რომაელებმა უპირატესობა ვერ შეინარჩუნეს: 79-ე წუთზე ჟუნიორ მორაეშმა შორიდან უძლიერესად გაისროლა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 2:2.

მილანი – არსენალი 0:2 (0:2)

გოლები: 0:1 მხითარიანი (15), 0:2 რემსი (45+4)

ატლეტიკო – ლოკომოტივი 3:0 (1:0)

გოლები: 1:0 საული (22), 2:0 კოშტა (47), 3:0 კოკე (90)

ცსკა – ლიონი 0:1 (0:0)

გოლი: მარსელო (68)

დორტმუნდი – ზალცბურგი 1:2 (0:0)

გოლები: 0:1, 0:2 ბერიშა (49 პენ; 56), 1:2 შურლე (62)

ლაციო – დინამო 2:2 (0:0)

გოლები: 0:1 ციგანკოვი (52), 1:1 იმობილე (54), 2:1 ანდერსონი (62), 2:2 მორაეში (79)

მარსელი – ბილბაო 3:1 (2:1)

გოლები: 1:0, 3:1 ოკამპოსი (1; 57), 2:0 პაიე (14), 2:1 ადურისი (45+3)

ლაიფციგი – ზენიტი 2:1 (0:0)

გოლები: 1:0 ბრუმა (56), 2:0 ვერნერი (77), 2:1 კრიშიტო (86)

სპორტინგი – პლზენი 2:0 (1:0)

გოლები: მონტერო (45+1; 49)

0.271502