კალათბურთი

23:00 | 11.01.2018 | ნანახია 339 - ჯერ

“რუსთავმა” შესუსტებული “სოხუმი” ბოლო წუთებზე გატეხა

მიმდინარე სუპერლიგის ერთ-ერთმა ფავორიტმა “რუსთავმა” ცხრილში ბოლო ადგილზე მყოფ “სოხუმს” უმასპინძლა და მართალია, 19 ქულით იმარჯვა, ქვემოქართლელებისთვის მოგება იოლად არ მოსულა. მატჩის დასრულებამდე 4 წუთით ადრე მასპინძელთა ლიდერობა მხოლოდ 4 ქულას შეადგენდა (69:65), თუმცა სოხუმელებმა ზეწოლას ვერ გაუძლეს და დარჩენილ დროში გატყდნენ.

“სოხუმი” ორმა ლეგიონერმა – ანატოლი ჩელოვანმა და ვიტაუსტას კამარუნასმა დატოვა. ბოლო ადგილზე მყოფი სოხუმელები უფრო დასუსტდნენ და ამ ფონზე დღეს, რუსთავში ნაჩვენები თამაში მათ მაქსიმუმად შეიძლება ჩაითვალოს. “რუსთავმა” პირველი ტაიმი 17 ქულით – 49:32 მოიგო, რის შემდეგაც მასპინძლებს მატჩის ბედი ფაქტობრივად გადაწყვეტილი ჰქონდათ, თუმცა “სოხუმის” მოთამაშეებმა დიდი ბრძოლისუნარიანობა გამოავლინეს და მატჩის მოგების შანსი მოიპოვეს.

ლევან რევაზაშვილის, ოთო ბულიავას და განსაკუთრებით, კვან უოლერის შედეგიანობით სოხუმელებმა მესამე პერიოდი 27:15 მოიგეს და ჩამორჩენა 5 ქულამდე შეამცირეს. ფაქტობრივად, ბრძოლა თავიდან დაიწყო და რუსთაველთა მწვრთნელ რამაზ გოგობერიშვილს რამდენჯერმე მოუხდა წუთშესვენების აღება. ტრავმა მიიღო მასპინძელთა სნაიპერმა რეზო ჩაჩანიძემ, რომელიც მოედანზე ვერ დაბრუნდა. შეხვედრის დასრულებამდე 5 წუთზე ნაკლები რჩებოდა, როცა მიხეილ კობეშავიძის გაწვრთნილმა სოხუმელებმა ჩამორჩენა 4 ქულამდე შეამცირეს, თუმცა… ეს აღმოჩნდა რუსთაველთათვის განგაშის ზარი. დარჩენილ დროში ამერიკელი ლეგიონერებისა და ლევან ცეკვავას ლიდერობით ქვემოქართლელებმა მობილიზებულად და რაც მთავარია, შედეგიანად ითამაშეს. შედეგად, მასპინძელთა ლიდერობა 15 ქულას ასცდა და საბოლოოდ ქვემოქართლელებმა 88:69 იმარჯვეს.

“რუსთავში” ორმაგი დუბლით გამოირჩა 2 ლეგიონერი – ტაირელ ნელსონმა 20 ქულა და 12 მოხსნა მიითვალა, ხოლო პოლ კუპერის ანგარიშზე 13 ქულა და 11 მოხსნა დაგროვდა. ლევან ცეკვავამ გამარჯვებულებს 18 ქულა მიაშველა. “სოხუმის” რიგებში 22 ქულით საუკეთესო იყო კვან უოლერი. 17 ქულა მოაგროვა ოთო ბულიავამ, ხოლო ლევან რევაზაშვილმა შეხვედრა 12 ქულითა და 8 მოხსნით დაასრულა.

სუპერლიგის მორიგი მატჩი 12 იანვარს ბათუმში გაიმართება. აჭარული გუნდი ჩემპიონატის ლიდერ “დინამოს” უმასპინძლებს.

რუსთავი – სოხუმი
სტატისტიკა: 88:69

მატჩისშემდგომი კომენტარები

მიხეილ კობეშავიძე, “სოხუმის” მთავარი მწვრთნელი:
“რთულია, ისეთ მდგომარეობაში, როგორშიც ჩვენ ვართ, ჩემპიონატის ერთ-ერთ ლიდერთან გასვლაზე მოგება დაგეგმო. ჩვენი გუნდი ორმა ლეგიონერმა დატოვა და ამის ფონზე ურიგოდ არ გვითამაშია. ბიჭებმა იბრძოლეს და ბოლო წუთებზე სხვაობა მხოლოდ 4 ქულა იყო. იმედი მაქვს, გამოინახება ფინანსები და შემადგენლობას სასარგებლო კალათბურთელებით შევივსებთ”.

რამაზ გოგობერიშვილი, “რუსთავის” მთავარი მწვრთნელი:
“რაც არ უნდა დიდი იყოს სხვაობა, ბოლომდე უნდა იბრძოლო. პირველი ტაიმის შემდეგ 17 ქულას ვიგებდით, რამაც ჩვენი გუნდის წევრებზე ცუდად იმოქმედა. მათ ჩათვალეს, რომ თამაში მოგებული იყო და სხვაობა 4 ქულამდე ჩამოვიდა. კარგია, რომ საჭირო მომენტში ბიჭებმა ისევ მოახერხეს მობილიზება და გავიმარჯვეთ. ეს იყო კარგი მაგალითი იმისა, რომ ყველა გუნდთან ბოლომდე ბრძოლაა საჭირო”.

gbf.ge

სარეკლამო ადგილი - 25
710 x 104
Loading...

კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.060703