ფეხბურთი

3:30 | 5.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

პრემიერლიგა: “ტოტენჰემმა” ქულები დაკარგა

პრემიერლიგის 22-ე ტურის დასკვნითი შეხვედრა “უემბლიზე” შედგა, სადაც “ტოტენჰემი” თანაქალაქელ “ვესტ ჰემს” დაუხვდა და უდიდესი სათამაშო უპირატესობის მიუხედავად, ქულის მოპოვება ძვლივს მოახერხა.

“დეზები” მთელი მატჩის განმავლობაში დომინირებდნენ, მეტოქე ყველა სათამაშო კომპონენტში დაჩაგრეს, არაერთი საგოლე შანსი ჰქონდათ, თუმცა დამაგვრგვინებელ ფაზაში ბევრს სცოდავდნენ და ამის გამო სათანადოდ დაისაჯნენ.

პირველ ნახევარში “ვესტ ჰემს” ლორისის კარისკენ საერთოდ არ დაურტყამს. სამაგიეროდ, ადრიანის კართან “ცხელოდა” და სტუმართა უკანახაზი დიდი წნეხის ქვეშ იყო. სანჩესს, ერიკსენს, კეინს და სონს ძალიან კარგი შანსები ჰქონდათ, თუმცა ადრიანს ვერცერთმა აჯობა და ტაიმი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა.

“ტოტენჰემმა” შეტევები შესვენების შემდეგაც განაგრძო, რამდენიმე მომენტიც შექმნა, თუმცა გამოყენება კვლავ ვერ შეძლო, რისთვისაც მეტოქემ პასუხი აგებინა: 70-ე წუთზე პედრო ობიანგმა ძალიან შორი მანძილიდან უძლიერესად გაისროლა და ულამაზესი გოლის ავტორი გახდა. მასპინძლები წაგებას 84-ე წუთზე სონმა გადაარჩინა, რომელმაც არანაკლები სილამაზის გოლი შეაგდო და თავისიანებს ქულა მოუპოვა, თუმცა შეხვედრის სცენარიდან გამომდინარე, “დეზებისთვის” ფრე ძალიან ცუდი შედეგია – 1:1.

მაურისიო პოჩეტინოს გუნდი 41 ქულით მე-5 ადგილზეა, ხოლო “ჩაქუჩები” 22 ქულით მე-15 საფეხურზე იმყოფებიან.

ტოტენჰემი ვესტ ჰემი 1:1 (0:0)

ლონდონი, “უემბლი”

ტოტენჰემი (4-2-3-1): ლორისი, დ.სანჩესი, ვერტონგენი, ორიე, ბ.დევისი (ლორენტე 82), დაიერი (ვანიამა 75), სისოკო (ლამელა 74), ალი, სონი, ერიკსენი, კეინი.
მწვრთნელი: მაურისიო პოჩეტინო

ვესტ ჰემი (3-5-1-1): ადრიანი, ოგბონა, რაისი, რიდი, ნობლი, კუაიტე, ობიანგი, ზაბალეტა, მასუაკუ, ლანცინი (ე.კეროლი 85), ჩიჩარიტო (ა.აიუ 65).
მწვრთნელი: დევიდ მოიესი

გოლები: 0:1 ობიანგი (70), 1:1 სონი (84)
გაფრთხილებები: ე.კეროლი, ნობლი
მსაჯი: მაიკლ დინი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.147453