ავტოსპორტი

5:14 | 31.12.2017 | ნანახია 2915 - ჯერ

სებასტიან ლოები რალის მსოფლიო ჩემპიონატს უბრუნდება

რალის მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში ყველაზე ტიტულოვანი მრბოლი, ფრანგი სებასტიან ლოები ბრუნდება. ოღონდ, როგორც „სიტროენი“ აცხადებს, ის მხოლოდ სამ რბოლაში იასპარეზებს. რალის ლეგენდამ კორსიკის, მექსიკისა და ესპანეთის რალიში მონაწილეობა გადაწყვიტა. რა თქმა უნდა, რბოლებში მონაწილეობას, ფრანგული კომპანიის საქარხნო გუნდის მანქანით მიიღებს.

43 წლის ლოები ამ რბოლებში თანაგუნდელობას ბრიტანელი კრის მიკი გაუწევს, რომელიც „სიტროენის“ ლიდერია და ჩემპიონატის 13-ვე რბოლაში მიიღებს მონაწილეობას. დასახელებულ სამ რბოლაში, ლოები ირლანდიელ კრეიგ ბრინს შეცვლის, რომელიც დანარჩენ 10 რბოლაში გამოვა.

ლოებმა რალის მსოფლიო ჩემპიონატის რბოლაში ბოლოს 2015 წელს იასპარეზა. ეს იყო სეზონის პირველი რბოლა - მონტე კარლოს რალი, რომელსაც ლიდერობდა, მაგრამ ტექნიკური პრობლემების გამო ჩამორჩა. WRC-ში საკუთარი კარიერა მან 2012 წელს დაასრულა. თუმცა ამის მიუხედავად, 2013 წლის სეზონში ოთხ რბოლაში მიიღო მონაწილეობა.

„წელს გამართული ტესტების შემდეგ, ყველა, მათ შორის მეც კმაყოფილნი დავრჩით. სწორედ ამის შემდეგ მივიღე გადაწყვეტილება, რომ სამ რბოლაში მიმეღო მონაწილეობა. დიდი მოლოდინი არ მაქვს. უბრალოდ, სიამოვნების მიღებას ვაპირებ. საფრანგეთში გამოსვლაც მსურდა, მაგრამ მარშრუტი ახალია და მას არ ვიცნობ. ამიტომ თავი შევიკავე. ძალიან მინდოდა, ერთი გრუნტის რბოლა ყოფილიყო და მექსიკა ავირჩიე“, - ამბობს მსოფლიოს ცხრაგზის ჩემპიონი, ვისაც 2013 წელს ამერიკული პაიკს პიკის აღმართის რბოლა რეკორდული დროით, „პეჟო 208 T16-ით“ აქვს მოგებული. გარდა ამისა, მანვე ტურინგის კლასის მსოფლიო ჩემპიონატზე (WTCC) ექვსი რბოლა მოიგო. გარდა ამისა, რალიქროსის მსოფლიო ჩემპიონატზე, „პორშეს“ სუპერკაპსა და FIA-ს GT სერიაშიც ასპარეზობდა.

სარეკლამო ადგილი - 25
710 x 104
Loading...

კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.075353