ფეხბურთი

12:30 | 3.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

პრემიერლიგა: დე ხეას გმირობა და “იუნაიტედის” 3 ქულა

პრემიერლიგის მე-15 ტურის ცენტრალურ მატჩში “არსენალი” “ემირეითს სთედიუმზე” “მანჩესტერ იუნაიტედს” დაუხვდა და შინ 3 ქულა გაატანა. სტატისტიკას რომ გადავხედოთ, მასპინძლები აბსოლუტურად ყველა სათამაშო კომპონენტში დომინირებდნენ, თუმცა ორმა სწრაფმა გაშვებულმა გოლმა და დავიდ დე ხეას ბრწყინვალე თამაშმა, რომელმაც 14 სეივი განახორციელა, “მეთოფეები” უქულოდ დატოვა.

“არსენალისთვის” შეხვედრა კოშმარულად დაიწყო და უკვე მე-11 წუთისთვის ორბურთიანი სხვაობით აგებდა: მე-4 წუთზე პოგბას და ვალენსიას გათამაშებული ჭკვიანური კომბინაცია ამ უკანასკნელის ზუსტი დარტყმით დასრულდა, ხოლო შვიდ წუთში ლუკაკუ-მარსიალი-ლინგარდის ეფექტურად გათამაშებული, ინგლისელმა ფეხბურთელმა დაასრულა სათანადოდ და “წითელმა ეშმაკებმა” სოლიდური ჰანდიკაპი მოიპოვეს.

ლონდონელები ამის შემდეგ გამოფხიზლდნენ და ძალიან ბევრი მომენტი შექმნეს. დავიდ დე ხეამ არაერთი რთული ბურთი მოიგერია (7 სეივი ჰქონდა პირველივე ტაიმში), ხოლო ალექსანდრე ლაკაზეტმა ხარიხას გაარტყა ბურთი და ტაიმი 0:2 დასრულდა.

მეორე ნახევარი მასპინძელთათვის იმედისმომცემად დაიწყო და 49-ე წუთზე ლაკაზეტმა ახლო მანძილიდან დალაშქრა დე ხეას კარი. “იუნაიტედს” სულ ორ წუთში შეეძლო ორბურთიანი სტატუს-კვოს აღდგენა, მაგრამ ლინგარდმა ძელს მოარტყა ბურთი, თუმცა 63-ე წუთზე დუბლი მაინც გაიფორმა: პოლ პოგბამ ფლანგზე ლორან კოშელნი ბავშვივით გააბითურა და ლინგარდს ცარიელ კარში გაატანინა.

დარჩენილ დროში მასპინძლებმა შეუტიეს, ბევრს ეცადნენ გატანას, მაგრამ დე ხეას ვეღარ აჯობეს, რომელმაც მეორე ტაიმში რვა სეივი ჩაიწერა აქტივში. განსაკუთრებით აღსანიშნავია, 56-ე წუთზე აღებული ბურთები: ის ჯერ ლაკაზეტის დარტყმულს გაუმკლავდა, ხოლო დამატებაზე სანჩესს დაახლოებით სამი მეტრიდან არ გაატანინა. ჟოზე მოურინიოს შეგირდებმა სამი გოლი გაიტანეს, თუმცა მთავარი მოქმედი პირი მაინც ესპანელი კიპერი გახლდათ.

შეხვედრა სტუმართათვის ცუდად დასრულდა: 74-ე წუთზე პოლ პოგბამ ბელერინის წინააღმდეგ ძალიან უხეშად ითამაშა, წითელი ბარათი მიიღო და მანჩესტერული დერბის გამოტოვება მოუწევს.

მშვენიერ ფორმაშია “ლივერპული”, რომელსაც ექვსმატჩიანი წაუგებელი სერია აქვს და აქედან ხუთი მოგებული აქვს. მერსისაიდელები გასვლაზე “ბრაიტონს” დაუპირისპირდნენ და ხუთი გოლი გაუტანეს, რასაც მასპინძლებმა მიურეის პრესტიჟის გოლით უპასუხეს. ამჯერად არ გაუტანია მოჰამედ სალაჰს, რომელსაც ერთი საგოლე პასით მოუწია დაკმაყოფილება. სამაგიეროდ, დუბლით გამოირჩა რობერტო ფირმინო.

დაგეგმილი 3 ქულა მოიპოვა “ჩელსიმაც”. ლონდონელები შინ “ნიუკასლს” დაუხვდნენ და გაილის გოლით აგებდნენ, თუმცა ყველაფერი მალევე დალაგდა და ალვარო მორატამ და ედენ აზარმა “არისტოკრატები” შესვენებამდე წინ გაიყვანეს, ხოლო მეორე ნახევარში აზარმა პენალტი ზუსტად შეასრულა და დუბლი გაიფორმა.

ზედიზედ მეოთხე მატჩი ვერ მოიგო “ტოტენჰემმა”, რომელმაც გასვლაზე “უოტფორდს” ვერ აჯობა. სამაგიეროდ, გამოცოცხლდა და მიჯრით მეორედ იმარჯვა “ევერტონმა”. მერსისაიდელებმა შინ “ჰადერსფილდს” სძლიეს. “ლესტერმა” კი დემარეი გრეის გოლით შინ “ბარნლის” დამარცხება მოახერხა.

ჩელსი – ნიუკასლი 3:1 (2:1)

გოლები: 0:1 გაილი (12), 1:1, 3:1 აზარი (21; 74 პენ.), 2:1 მორატა (33)

არსენალი – მანჩესტერ იუნაიტედი 1:3 (0:2)

გოლები: 0:1 ვალენსია (4), 0:2, 1:3 ლინგარდი (11;63), 1:2 ლაკაზეტი (49)

ბრაიტონი – ლივერპული 1:5 (0:2)

გოლები: 0:1 ჩანი (30), 0:2, 0:3 ფირმინო (31; 48), 1:3 მიურეი (51), 1:4 კოუტინიო (87), 1:5 დანკი (89 ს.კ.)

სტოკი – სუონსი 2:1 (2:1)

გოლები: 0:1 ბონი (3), 1:1 შაქირი (36), 2:1 დიუფი (40)

უოტფორდი – ტოტენჰემი 1:1 (1:1)

გოლები: 1:0 კაბასელე (13), 1:1 სონი (25)
გაძევება: დ.სანჩესი (52 ტ.)

ლესტერი – ბარნლი 1:0 (1:0)

გოლი: დ.გრეი (6)

ევერტონი – ჰადერსფილდი 2:0 (0:0)

გოლები: 1:0 სიგურდსონი (47), 2:0 კალვერტ-ლეუინი (73)

ვესტ ბრომვიჩი – კრისტალ პალასი 0:0

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115258