ფეხბურთი

2:01 | 15.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

"ნაპოლი" და იმმობილე ცაში, "იუვე" და დიბალა მიწაზე (+VIDEO)

+ 5! “ნაპოლი” აღარ ხუმრობს და როგორც ჩანს, სკუდეტოს მაძიებელთა შორის უკვე მართლაც პირველია. ერთი სიამოვნებაა მაურიციო სარის გუნდის თამაშის ხილვა – ასე თუ გაგრძელდება, წყალი არ გაუვა, “იუვენტუსის” ჰეგემონია დაემხობა. ადრე, ჩირო ფერარამ თქვა, 1990 წელს, სკუდეტო რომ მოვიგეთ, ნეაპოლი ნამდვილ ვულკანს დაემსგავსაო – ახლაც არ იქნება ნაკლები.

“ნაპოლის” რვა მატჩიდან ჯერ ქულაც არ დაუკარგავს. ასეთი სტარტი კამპანიელებს დიეგო არმანდო მარადონას მეფობის ხანაშიც არ ჰქონიათ. არადა, ბევრი ელოდა, რომ “აძური” რომში, გაჩერდებოდა, მაგრამ არ მოხდა ასე. მატჩის ბედი ერთმა გოლმა გადაწყვიტა. დანიელე დე როსი შეცდა და ლორენცო ინსინიე მეკარეს პირისპირ შეატოვა: იტალიის ნაკრების შემტევს კი ასეთ სიტუაციაში გარკვევა არ უჭირს ხოლმე და არც ახლა გასჭირვებია. მერე ანგარიში აღარ შეცვლილა. საერთოდ, საგულისხმოა, რომ “ნაპოლიმ” მიმდინარე სეზონში რომში მეორე თამაში მოიგო (მანამდე, “ლაციოსთან” 4:1). ასეთი რამ კი ისტორიაში პირველად გააკეთა. მოკლედ, ყველაფერი აქვს ნეაპოლიტანურ კლუბს რომ ისტორია დაწეროს. შედეგიც, თამაშის ხარისხიც და მწვრთნელიც – უდაოა, რომ მაურიციო სარის წვლილი ძალიან დიდია.

და რა ხდება კონკურენტ ბანაკში? – “იუვენტუსი” საკუთარ თავს საერთოდ აღარ ჰგავს. ბევრი მიზეზი აქვს ამას: დაცვის ხაზის საშინელი თამაში (“იუვემ” მიმდინარე სეზონში უკვე 7 გოლი გაუშვა, რაც არ სჩვევია), მოშლილი და უფერული ნახევარდაცვა. და, კიდევ ერთი: ციდან მიწაზე დანარცხებული პაულო დიბალა! არგენტინელმა წინ ტურში, “ატალანტასთან” 2:2-ზე თამაშის მიწურულს პენალტი ვერ გაიტანა და საკუთარ გუნდს 2 ქულა დააკრგვინა.

“ლა ჯოიას” რეაბილიტაციის ჩინებული შანსი მიეცა: “იუვენტუსი” – “ლაციო” 1:2, მსაჯის ბოლო დამატებული წუთი: პატრიკი ფედერიკო ბერნარდესკის წინააღმდეგ გადამეტებულად უხეშობს, მაგრამ პაოლო მაცოლენის სასტვენი დუმს. ვიდეო რეფერის ჩარევის შედეგად პენალტი სამართლიანად მაინც დაინიშნა. ბურთთან დიბალა მიდის, ამჯერად საპირისპირო კუთხეში ურტყამს, მაგრამ “ლაციოს” ალბანელმა მეკარემ სტრაკოშამ აჯობა (სხვათა შორის, “ატალანტასთანაც” ალბანელ კიპერს ვერ აჯობა, ეტრიტ ბერიშას) – თამაშიც იქ დამთავრდა. ალბანელი გმირი იყო, დიბალა, რომელიც მიწაზე დაემხო ანტიგმირი.

ტურინულ მატჩს მთავარი გმირი სხვა ჰყავდა: ჩირო იმმობილე უბრალოდ დაფრინავს. მიმდინარე სეზონში მის ანგარიშზე უკვე 15 გოლია და ამ მხრივ ტოპ 5 ჩემპიონატში ვერავინ შეედრება. ჩირომ ყოფილ გუნდს მეორე ტაიმის დასაწყისში დუბლი შეუსრულა. ჯერ ლუის ალბერტოს პასით ერთ-ერთზე გავიდა და გაიტანა. მერე, 5 წუთში ისევ ჯიჯისთან პირისპირ და ვერ შეაგდო, მაგრამ პენალტი გამოიმუშავა. სხვათა შორის, ეს ეპიზოდი ტყუპისცალივით წააგავდა, იტალიის სუპერთასის მომენტს: მაშინაც ჩირო ბუფონთან პირისპირ გავიდა და ჯიჯიმ წააქცია. როგორც მაშინ, იმმობილემ თერთმეტრიანი გოლად აქცია – 1:2. იმმობილეს ამასობაში 11 გოლი დაუგროვდა და დიბალას გადაასწრო ბომბარდითა დავაში. ჰო, იქამდე, ტაიმი “იუვენტუსმა” მოიგო დუგლას კოშტას სადებიუტო გოლით, თუმცა ეს რა სახსენებელია?! "იუვემ" წააგო. "იუვემ" საკუთარ მოედანზე ორი წლის შემდეგ პირველად ვერ შეძლო მინიმუმ ქულის მოპოვება. ტურინელთა დიდებული საშინაო სერია (ყველა ტურნირის გათვალისწინებით) 57 მატჩს გაგრძელდა (50 მოგება, 7 ფრე)...

მოკლედ, ეს იყო მატჩი სუპერთასიდან ტურინამდე – “ლაციომ” უკვე მეორედ მოუგო “იუვენტუსს”. აფერუმ სიმონე ინძაგის – ცალსახაა, რომ ლეგენდარული ფილიპოს ძმა კოვერჩანოს მორიგი ჩინებული პროდუქტია. ვნახოთ, რას მიაღწევს ინძაგი მომავალში. ისე კი, ხუმრობა საქმე არაა “ლაციოსთვის” “იუვენტუსის” ორჯერ დამარცხება. აქამდე, “იუვეს” “არწივები” ზედიზედ 6 მატჩში ჰყავდა დამარცხებული, თანაც ისე, რომ გოლიც არ გაეშვა, მაგრამ, ადრე თუ გვიან, ყველაფერი სრულდება. ნუთუ, “ბებერი ქალბატონის” ჰეგემონიაც დასასრულისკენ მიექანება? – ვნახოთ, ჯერ დასკვნები მეტისმეტად ნაადრევია. გვახსოვს, ორი წლის წინ, “იუვეს” 10 ტურში მხოლოდ 12 ქულა ჰქონდა, მაგრამ ჩემპიონობა მაინც ადვილად მოიპოვა. ახლა, უფრო მარტივ სიტუაციაში, მაგრამ პრობლემა და თავის ტკივილიც აქვს: “ნაპოლი” დიდებულ იშტაზეა, თანაც + 5 ქულა სახუმარო სულაც არაა.

ეს არ ყოფილა, სერია A-ს მერვე ტურის მთავარი ამბები. არანაკლები კვირას გველოდება: დერბი დელა მადონინა...

“იუვენტუსი” – “ლაციო” 1:2 (1:0) VIDEO

ტურინი, “ალიანც სთედიუმი”

მაყურებელი: 39 000

“იუვენტუსი” (4-3-3): ბუფონი; ლიხშტაინერი (სტურარო 73), ბარძალი, კიელინი, ასამოა; ხედირა (დიბალა 65), ბენტანკური, მატუიდი; დუგლას კოშტა (ბერნარდესკი 54), იგუაინი, მანჯუკიჩი

მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი

“ლაციო” (3-5-1-1): სტრაკოშა; ბასტოსი, დე ვრეი, რადუ; მარუშიჩი, პაროლო, ლუკას ლეივა, მილინკოვიჩ-სავიჩი, ლულიჩი (პატრიკი 84); ლუის ალბერტო (ნანი 72); იმმობილე (კაისედო 76)

მწვრთნელი: სიმონე ინძაგი

გოლები: 1:0 დუგლას კოშტა (23), 1:1 იმმობილე (47), 1:2 იმმობილე (54, პენ)

გამოუყენებელი პენალტი: დიბალა (90, მეკარე)

გაფრთხილება: ბუფონი (52), სტურარო (90) – პატრიკი (90)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 12 (9) – 8 (7) ბურთის ფლობა: 55%-45% კუთხურები: 4:2 თამაშგარე: 2:2

მსაჯი: პაოლო მაცოლენი

“რომა” – “ნაპოლი” 0:1 (0:1) VIDEO

რომი, “სტადიო ოლიმპიკო”

მაყურებელი: 45 000

“რომა” (4-3-3): ალისონი; ბრუნო პერესი, მანოლასი (ფაციო 59), ჟუან ჟესუსი, კოლაროვი; ნაინგოლანი, დე როსი, პელეგრინი (ჟერსონი 78); ფლორენცი (ჯენგიზ უნდერი 72), ჯეკო, პეროტი

მწვრთნელი: ეუსებიო დი ფრანჩესკო

“ნაპოლი” (4-3-3): რეინა; ჰისაი, ალბიოლი, კულიბალი, გულამი; ალანი, ჟორჟინიო (დიავარა 73), ჰამშიკი (ზიელინსკი 71); კალეხონი (როგი 82), მერტენსი, ინსინიე

მწვრთნელი: მაურიციო სარი

გოლი: 0:1 ინსინიე (20)

გაფრთხილება: ჟდე როსი (53), ფაციო (79) - ორჟინიო (43), გულამი (90)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 8 (4) – 12 (8) ბურთის ფლობა: 48%-52% კუთხურები: 5:2 თამაშგარე: 1:2

მსაჯი: ჯანლუკა როკი

ბომბარდირები: ჩირო იმმობილე (“ლაციო”) – 11 გოლი, პაულო დიბალა (“იუვენტუსი”) – 10, ედინ ჯეკო (“რომა”) – 7, დრის მერტენსი (“ნაპოლი”) – 6, მაურო იკარდი (“ინტერი”) – 6.

თეგებისერია A
0.113788