ფეხბურთი

18:31 | 5.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

ვაკო გვილია: "ქართველი გულშემატკივრის სიხარულის დრო დადგა"

საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი ვაკო გვილია უელსთან მატჩის წინ იმედიანადაა განწყობილი და ამბობს, რომ გუნდი ყველაფერს გააკეთებს, ქართველი გულშემატკივარისთვის სიხარულის დასაბრუნებლად.

"რა თქმა უნდა, უელსის ნაკრებს გარეტ ბეილის სახით დიდი ძალა აკლია, მაგრამ შესაძლოა, ამ ფაქტმა მათზე უკეთესად იმოქმედოს. არავინ იცის, ეს ფეხბურთია. ვეთამაშებით ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს, რომელიც ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა. შევეცდებით გულშემატკივარს სიხარული დავუბრუნოთ. ქართველი ხალხი იმსახურებს ისეთ სიხარულს, რომელსაც ადრე თბილისის "დინამო" ანიჭებდა.

ვფიქრობ, საქართველოს ნაკრებს შესწევს ძალა იბრძოლოს დიდ ფორუმებზე გასასვლელად. თუმცა, ეს იმ შემთხვევაში მოხდება, როდესაც, ერი, ჟურნალისტები, გულშემატკივრები, ყველა ერთიანი იქნება. ცალ-ცალკე დგომით არაფერი გამოვა.

ვიცით, რომ ხვალ უელსის ნაკრებს 2 ათასამდე ქომაგი დაუჭერს მხარს და მინდა, რომ ჩვენ მეტნი ვიყოთ. რაც შეეხება იმას, რომ ამ შესარჩევ ციკლში გამარჯვება არ გვაქვს - ეს ბევრ ფაქტორთანაა დაკავშირებული. თუნდაც, უიღბლობა, მსაჯები. ფაქტია, რომ ჩვენი თამაშის ხარისხიდან გამომდინარე ახლა ჯგუფიდან გასვლისთვის უნდა ვიბრძოდეთ.

მართალია, კლუბში კარგი სიტუაცია არ მაქვს, მაგრამ ყველაფერს ვაკეთებ, ფორმაში რომ ვიყო. მაქვს დამატებითი ვარჯიშები და არაფერს ვაკლებ, რომ მთავარი მწვრთნელის ნდობა გავამართლო. მე არ მაქვს დღეს კლუბში ისეთი მდგომარეობა, რომ ნაკრებში მიწვევდნენ, მაგრამ ბატონი ვაისი მენდობა და მადლობა მას ამისთვის.

ხვალინდელ მატჩში საქართველოს ნაკრები ყველაფერს გააკეთებს გამარჯვებისთვის. ქართველი გულშემატკივრის სიხარულის დრო ნადვილად მოვიდა", - აღნიშნა გვილიამ.

საქართველოსა და უელსის ნაკრებთა მატჩი 6 ოქტომბერს, "დინამო არენაზე" 20:00 საათზე დაიწყება.

0.115961