სხვა

10:54 | 15.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

Red Bull GerGetIt 2017: სტეფანწმინდა ესტაფეტას მესამედ უმასპინძლებს

16 სექტემბერს სტეფანწმინდაში, ყაზბეგის ეროვნულ პარკში გუნდური ესტაფეტა Red Bull GerGetIt ჩატარდება. ესტაფეტაში 12 გუნდი მიიღებს მონაწილეობას, მათ შორის აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან.

Red Bull GerGetIt საქართველოში მესამედ გაიმართება. ესტაფეტა პირველად 2013 წელს მოეწყო, მეორედ - 2014-ში. Red Bull GerGetIt სპორტის ოთხ სახეობას აერთიანებს. მონაწილეები საკუთარ შესაძლებლობებს კაიაკში (მდინარეზე ნავით დაშვება), მეკლდეურობაში, სამთო ველორბოლასა და სამთო სირბილში გამოცდიან.

გამარჯვებული გუნდი ოთხივე სახეობის შედეგების დაჯამების შემდეგ გამოვლინდება. დროის დათვლას და პრიზიორების გამოვლენას გერმანული კომპანია DATACAPO უზრუნველჰყოფს.

შეჯიბრება სოფელ ყანობში დაიწყება და გერგეთის სამების მიმდებარე ტერიტორიაზე დასრულდება. Red Bull GerGetIt-ის საპრიზო ფონდი 8 ათასი ლარია. პირველ ადგილზე გასული გუნდი 3 ათასით დაჯილდოვდება, მეორეადგილოსანი 2 ათასს მიიღებს, მესამეადგილოსანი კი ათასს. 500-500 ლარი გადაეცემათ კონკრეტულ ეტაპზე გამარჯვებულ სპორტსმენებს.

დღევანდელ პრესკონფერენციაზე სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა განაცხადა: „მოხარული ვარ, რომ ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი ულამაზესი კუთხე ყაზბეგი ისეთ მშვენიერ სპორტულ ღონისძიებას მასპინძლობს, როგორიც რედ ბულის ესტაფეტაა. დარწმუნებული ვარ ეს შეჯიბრება ისეთივე წარმატებული იქნება, როგორიც წინამორბედები იყო. ასეთი აქტივობები ხელს უწყობს საზოგადოებაში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებას, მსგავს წამოწყებებს კი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო ყოველთვის მხარს დაუჭერს. მსურს წარმატება ვუსურვო ორგანიზატორებს, ფედერაციას სპორტი ყველასათვის და რედ ბულს, ესტაფეტის ყველა მხარდამჭერს და მონაწილეებს კი საქართველოს ერთ-ერთ ულამაზეს კუთხეში დაუვიწყარი წუთების გატარება"! ტურნირის შესახებ ასევე ისაუბრა ფედერაცია სპორტი ყველასათვის პრეზიდენტმა მაია აზარაშვილმა.

Red Bull GerGetIt საერთაშორისო პროექტის - Red Bull Dolomitenmann-ის ქართული ანალოგია, იმ განსხვავებით, რომ ქართულ შეჯიბრში დამატებულია კლდეზე ცოცვა. Red Bull Dolomitenmann ავსტრიის ალპებში ყოველწლიურად ტარდება და დასავლეთ ევროპაში ყველაზე რთული ესტაფეტის სახელითაა ცნობილი.

Red Bull GerGetIt Red Bull-ის ორგანიზებით და ინიციატივით ტარდება. პროექტის თანაორგანიზატორია სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო, ფედერაცია სპორტი ყველასათვის და სასტუმრო Rooms Hotels.

სამინისტროს პრესსამსახური

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117329